
ჩვენი ამოცანაა, ავაშენოთ ძალიან მაგარი სკოლები, ბაღები, სპორტული ინფრასტრუქტურა, გზები, მაგრამ ამავდროულად ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ისიც, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი სამშენებლო კომპანიები - ეს არის ჩვენი ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი მაჩვენებელი - ამის შესახებ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში - "დებატები" ისაუბრა.
ასევე, როგორც რევაზ სოხაძე აცხადებს, ისურვებდა, რომ ქართულმა კომპანიებმა, სხვადასხვა ქვეყანაში აშენონ სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, ჩვენს ქვეყანაში მიღებული გამოცდილებით:
"დამერწმუნეთ, რომ როდესაც ჩვენ სამინისტროში და მთავრობაში ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენს ამოცანაზე და მიზანზე გვაქვს საუბარი, ჩვენი ამოცანაა, ავაშენოთ ძალიან მაგარი სკოლები, ბაღები, სპორტული ინფრასტრუქტურა, გზები, მაგრამ ამავდროულად ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ისიც, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი სამშენებლო კომპანიები - ეს არის ჩვენი ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი მაჩვენებელი.
აუცილებლად დადგება ის დრო საქართველოში, როდესაც ჩვენი კომპანიები გახდებიან საექსპორტო პოტენციალის მატარებლები. ვისურვებდი, რომ ქართულმა კომპანიებმა, სხვადასხვა ქვეყანაში აშენონ სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, ჩვენს ქვეყანაში მიღებული გამოცდილებით. ეს არის ცალსახად მთავრობის ამოცანა, თუმცა, აქ მნიშვნელოვანი დათქმა უნდა არსებობდეს - ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს სამართლიანობისა და ობიექტურობის პირობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტულ სუბიექტებს პროტექციას ვერ გავუწევთ. ჩვენი ამოცანაა, შეიქმნას სამართლიანი თამაშის პირობები, სადაც ქართულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა, ოღონდ მათაც უნდა იზრუნონ და იფიქრონ იმაზე, რომ განვითარდნენ და უფრო მეტი პოტენციალი შეიძინონ," - აცხადებს რევაზ სოხაძე.