რეზონანსი
28.04.2026

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვედითკარში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული ყაჩაღები თავს დაესხნენ და- ძმა ზარქუებს, შეუკრეს ხელ-ფეხი, მამაკაცს ურტყეს იარაღის კონდახი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გასტაცეს საკმაოდ სოლიდური თანხა. ნატო ზარქუამ დიდი წვალებით მოახერხა ხელების გახსნა და პოლიციაში დარეკვა. სამართალდამცავებმა ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს.

როგორც დაზარალებულმა "კვირის პალიტრას" უთხრა, დამნაშავეები მარტვილის სხვა სოფლის მაცხოვრებლები არიან, თუმცა ოჯახს აქვს ეჭვი, რომ მათ ჰყავდათ ინფორმატორი და ძალოვნებს მის დადგენასაც სთხოვენ. ნატო ზარქუას მონაყოლი მძიმე მოსასმენია:

" სოფელ ვედითკარში ცხოვრობს ჩემი ძმა, 72 წლის რევაზ (დაზმირ) ზარქუა, მარტოხელაა, ძალიან ბევრს შრომობს, უყვარს სოფელი, აქვს სოფლის მეურნეობა. ძალიან ალალი კაცია. მე ჩამოსული ვარ ძმასთან - მარტო რომ არის, გადავწყვიტე, დავხმარებოდი და მეც წამოვედი სოფელში. შაბათს, 25 აპრილს, ღამით დაგვეხსნენ თავს შეიარაღებული ყაჩაღები. ახალი შეღამებული იყო, ჩემი ძმა ნამუშევარი იყო, დაღლილი და უფრო ადრე დაწვა დასაძინებლად. მე არ ვიწექი...

სახლში შემოიჭრა ორი, სპეცრაზმელივით გადაცმული, შეიარაღებული ყაჩაღი. ნიღბები ეკეთათ, ჟილეტებიც ეცვათ. ეტყობა, წინასწარ შესწავლილი ჰქონდათ ყველაფერი. იცოდნენ, მას სად ეძინა, იქ შევარდნენ. დაწოლილს დაეცნენ თავზე ავტომატებით, შეუკრეს ხელ-ფეხი, "დაუსქოჩეს" პირი და ითხოვდნენ ფულს. შემოდგომით საქონელი გაყიდა და, ალბათ, იცოდნენ, რომ ეს ფული იქნებოდა სახლში. აშკარად ვიღაც ადგილობრივი ინფორმატორი ჰყავთ ყაჩაღებს....

ყაჩაღები, როგორც ვიცი, ჩვენი სოფლელები არ არიან, თუმცა ჩვენი რაიონიდან არიან. პოლიციელებმა მითხრეს ერთი დამნაშავის ვინაობა, ის არის ვინმე გოჩა ინჯგია, ადრე ნასამართლევი, სოფელ სერგიეთიდან. კიდევ ერთი პირია დაკავებული, მაგრამ მისი ვინაობა ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. გოჩა ინჯგია არის ყაჩაღობის ორგანიზატორი და როგორც ვიცი, სხვებსაც ეძებენ.

მე არ ვიცოდი ჩემი ძმა საძინებელში დაბმული რომ ჰყავდათ, ძაღლები იკლავდნენ თავს, ყეფდნენ და გარეთ ამიტომ გავედი, რა ხდებოდა რომ გამერკვია. ამ დროს დამადგა თავზე შეიარაღებული ნიღბიანი, პირი ამიკრა და ოთახში შემომიყვანა, მოკვლით მემუქრებოდა. ვინ ხართ, რა გინდათ ჩემთან, რატომ უნდა მომკლათ-მეთქი? შენ ვინ ხარო, მიმეორებდა მხეცივით, როგორც ჩანს, ჩემი ძმა მარტო ეგულებოდათ სახლში და მე არ მელოდნენ. ვუთხარი ჩემი სახელი, ნატო ვარ, პირი არ ამიხვიო, გული მაწუხებს, შეტევა დამემართება და ეგრევე მოვკვდები-მეთქი. ფულს ითხოვდა - ვეუბნებოდი, მოგცემთ ყველაფერს, ოღონდ ნუ მომკლავ-მეთქი.

ციოდა და თავზე ქუდი მეხურა. ეს ქუდი მომხადა და ჩემთვის უნდოდა პირში ჩაეტენა - არ იყვირო იცოდეო. ისევ გავუმეორე, გულის შეტევა დამემართება და მოვკვდები-მეთქი და გადაიფიქრა. ვთხოვე, აქვე ჩემი წამლები დევს და დავლევ-მეთქი. არ გაინძრე, თორემ მოგკლავო. მაშინ შენ მომაწოდე ჩემი წამალი-მეთქი. მინდოდა კორსიზი დამელია. არა, ჩვენ გვაქვსო წამალი და იმას დაგალევინებო. მე არ მინდა თქვენი წამალი, თქვენ შეიძლება ნარკოტიკი გქონდეთ-მეთქი. ადგა, ძალით გამიღო პირი მხეცივით, ნადირივით ჩამიყო ხელი ძალიან ღრმად პირში და ჩამიგდო რაღაც ტაბლეტი, აიღო ერთი ჭიქა წყალი და ჩამასხა პირში. დღემდე არ ვიცი, რა წამალი დამალევინა, მოგვიანებით დაიწყო ამ წამალმა მოქმედება და მათი წასვლის შემდეგ ღამე რა ხდებოდა, არაფერი მახსოვს. ვიყავი გათიშული, რაღაცას ვბოდავდი, ვერც ფეხზე ვდგებოდი და არც ხელი მემორჩილებოდა, მიკანკალებდა. რა დამალევინეს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს... პოლიცია მეუბნება. დამნაშავეებს ვათქმევინებთ რა დაგალევინესო. 

 ჩემი ძმა საძინებელში დაბმული ჰყოლიათ. ეს მე არ ვიცოდი. გარეთ რომ შევეჩეხე ყაჩაღს, მაშინ ხმამაღლა ვლაპარაკობდი, მინდოდა, ჩემი ხმა ჩემს ძმას გაეგო. იქნებ ის მაინც გაიქცეს-მეთქი. მეზობლები ახლოს არ ცხოვრობენ და მათ ხმას ისედაც ვერ მივაწვდენდი.

ყაჩაღმა ნიღბიანმა მითხრა, შენი ძმა დაბმულიაო. მომთხოვა ოქრო და ბრილიანტი, ასევე ფული, ავტომატიც გაქვსო? - მეუბნებოდა. არავითარი ავტომატი არ გამაჩნია-მეთქი. აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ექთანი ვარ, მთელი აფხაზეთის ომის დროს ბატალიონს ვემსახურებოდი, ჰოსპიტალშიც ვმუშაობდი, ეტყობა, ესეც იცოდნენ და იმიტომ ეეჭვებოდათ, რომ ავტომატი გვექნებოდა. ვუთხარი, ავტომატი არასდროს მქონია, არასდროს დამიკავებია ხელში-მეთქი. ფული რამდენი გინდა-მეთქი? მე 10 000 მინდაო. ვუთხარი არ მაქვს და რა მოგცე, ხომ ხედავ, გლეხები ვართ, ჩვენთან გაჭირვებულ ხალხთან ვინ გამოგაგზავნა, რატომ მოხვედით- მეთქი? მეუბნება, - "ახლა დავიწყებ სახლში ფულის ძებნას, ყველაფერს გადავატრიალებ, თუ დავინახე სახლში ფული, იცოდე, მე შენ მოგკლავო. ამის მერე ვუთხარი, სადაც იდო ფული, აიღე ეს 10 000 და საჭმლის ფული ჩვენც ხომ გვინდა, ცოტა საჭმლის ფული მაინც დაგვიტოვე-მეთქი. აიღო და მთელი ფული ჩაიდო ჯიბეში...

ეს ჩემი ძმის ფული იყო. ცოტა დანაზოგი მეც მქონდა. აფხაზეთში ყველაფერი დავკარგე, შემდეგ რუსეთში ვიყავი, იქ ვმუშაობდი და გარკვეული თანხა მქონდა და საიდუმლო ადგილას მეკიდა ჩემი ხელჩანთა, სადაც ამ ფულს ვინახავდი. ის თანხაც წაიღეს. ჩემს ძმას ჰქონდა პენსია დაგროვილი, ისიც წაიღეს. ჩემი ძმა ამბობს, ოთხი ლარი იდო, რკინის ორლარიანი და ორი თითო ლარიანი და ისიც არ დატოვეს, ისიც ჯიბეში ჩაიდოო.

მომიბრუნდა ის მხეცი, რომელმაც წამალი დამალევინა და მითხრა, შენ ახლა ნუ ნერვიულობ, არ გაინძრე ადგილიდან, დაიცადე ერთი ნახევარი საათი, წამალი იმოქმედებს და ძალიან კარგად იქნებიო. მოითხოვდნენ, სადაც დამტოვეს ხელებშეკრული, იქიდან არ გავნძრეულიყავი. ახლა შენს ძმას წავიყვანთ გარკვეულ მანძილზე, შენ თუ დააპირებ სადმე დარეკვას ან ყვირილს, იცოდე, იმას მოვკლავთო. გავიდნენ, ცოტა ხანი მართლა არ გავნძრეულვარ, შემეშინდა, ჩემი ძმა არ მოეკლათ. 

მათი წასვლიდან ცოტა ხანში გარეთ გასვლა მოვახერხე. ეზოში ეკიდა ნაჯახი და ცული. ეს დაბმული ხელი იმ ნაჯახზე ვუხახუნე და წვალებით შევძელი გათავისუფლება. ვეძებდი ჩემს ტელეფონს, მართლაც ღმერთმა მაპოვნინა - იმ გზაზე, რომელსაც გაუყვნენ, მშენებარე სახლი დგას და იმ ფანჯრის რაფაზე ვიპოვე.

112-ში არ დამირეკავს, ადგილობრივ პოლიციელს, ალიკა გაგუას დავურეკე, რომელსაც კარგად ვიცნობ. მან ყველგან გადარეკა და ერთმანეთზე უკეთესი ბიჭები, პოლიციელები მოვიდნენ ჩვენთან. ვლოცავ მათ დედებს - ეს დღეები გვერდიდან არ მოგვშორებიან მე და ჩემს ძმას", - განაცხადა ნატო ზარქუამ.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×