რეზონანსი
28.04.2026

ჩვენი საზოგადოება, წლებია აკვირდება პროცესს, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და მცდელობას, ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ გავლენის ქსელი, რომელსაც საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ბერიძის განცხადებით, ერთი და იგივე ქმედება გარე ძალების მხრიდან სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ითვლება ნორმად, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს აქ რადიკალურად იცვლება მათი დამოკიდებულება და ვლინდება ორმაგი სტანდარტი.

„თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ორმაგ სტანდარტზე, რომელიც უკვე წლებია, გარე ძალების მხრიდან თან სდევს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არსებულ დამოკიდებულებას. ერთი და იგივე ქმედება, ერთი და იგივე პროცესი, ერთი და იგივე პოლიტიკური ნაბიჯი, როცა ეს არ ეხება საქართველოს, გარე ძალების მიერ ნორმად ითვლება. მაგრამ როდესაც საუბარია საქართველოზე, ზუსტად იდენტური საკითხი, ხდება ყოველმხრივი კრიტიკის, ზეწოლისა და ხშირ შემთხვევაში ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი და დაუფარავი ჩარევის საფუძველი“, - განაცხადა ბერიძემ.

არჩილ ბერიძემ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე წარმოაჩინა „ევრობიუროკრატთა“ უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორმაგი სტანდარტის არსებობას.

„განსაკუთრებით თვალშისაცემია „ევრობიუროკრატიის“ დამოკიდებულება, რომელიც საკუთარ სივრცეში ერთ რეალობას ამართლებს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში — სრულიად სხვა კრიტერიუმებით მოქმედებს. რაც მათთვის მისაღებია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენთან აღნიშნული პრობლემად ცხადდება. ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც თითქოსდა მოქმედებს „ევრობიუროკრატია“.

მაგალითებიც მრავლადაა: სხვა ქვეყნების კვალდაკვალ, ჩეხეთი მუშაობს უცხოური აგენტების შესახებ კანონზე; ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ღვინის მწარმოებლები არ არიან, რეკორდს ამყარებენ რუსეთში ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებით, მაშინ როდესაც საქართველოს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, საჯაროდ გაცხადებული მკაცრი და სასანქციო პოლიტიკის მიუხედავად აქტიურად აგრძელებს, მჭიდრო ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ამ ქვეყნების უმეტესობა კი საქართველოს საკუთარ ინტერესებზე უარის თქმისა და საკუთარი ხელით ეკონომიკის ჩამონგრევისკენ მოუწოდებს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან არაპირდაპირი გზებით რუსეთის ენერგო რესურსების მიღების აურაცხელი ფაქტები, იმის ფონზე, როდესაც სხვა ქვეყნებს ერთი ბარელის შეძენის შემთხვევაშიც კი „სისხლიანი სამხედრო მანქანის“ დაფინანსებაში ადანაშაულებენ. ასევე, ნიშანდობლივია ბრიტანეთის პრემიერის სიტყვები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ვციტირებ: „ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ“. ჩამოთვლილის მსგავსად, კიდევ მრავალი მაგალითი აჩვენებს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში, დღეს არსებული მოცემულობის გათვალისწინებით დეკლარაციებსა და რეალურ ქმედებებს შორის ხშირად მნიშვნელოვანი სხვაობაა“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×