რეზონანსი
28.04.2026

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები სამართალდამცავი სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება და ამ მიზნით შეიქმნა კოორდინაციის ახალი რგოლი. მისი თქმით, აღნიშნულ ფუნქციას მამუკა მდინარაძე მანამდეც ასრულებდა, თუმცა კონკრეტული უწყების ფარგლებში, ახლა კი ეს პრაქტიკა ოფიციალურად ფორმალიზდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა კორუფციული, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე მიგრაციული პოლიტიკის მიმართულებით, ხოლო ახალი სტრუქტურული ცვლილებები ამ შედეგების შენარჩუნებასა და შემდგომ განვითარებას ემსახურება.

„ეს ყველაფერი ემსახურებოდა სამართალდამცავი სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, გაჩნდა კოორდინაციის ახალი რგოლი. ამ ფუნქციას მამუკა მდინარაძე მანამდეც ასრულებდა, ოღონდ კონკრეტული უწყებიდან, ეს იყო ფაქტობრივი მდგომარეობა. ჩვენ გადავწყვიტეთ იმ მოცემულობის ფორმალიზება, რაც სწორია, რაც მანამდეც იყო ჩამოყალიბებული. რეალურად იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურები, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და მათ საერთო კოორდინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრი, ახალი თანამდებობა არის ამისთვის განკუთვნილი, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, საზოგადოებრივ წესრიგის დაცვაზე ზრუნვას.

თქვენ იცით, რომ ამ 1 წლის განმავლობაში გვაქვს საფუძვლიანი, ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით. თქვენ ნახეთ, რომ კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ,  ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები, მიგრაციული პოლიტიკის კუთხით. ამას ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამას ემსახურება ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×