რეზონანსი
28.04.2026

დღევანდელ დღეს თუ ვინმეს აქვს რიტორიკა შესაცვლელი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ესენი არიან ის ევრობიუროკრატები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორიც [ევროკავშირის] ელჩისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეუძლია მარჯვნივ და მარცხნივ ასეთი განცხადებები აკეთოს საქართველოს საზოგადოების მიმართ და თქვას, თითქოს ეს არ იყო მუქარა და ეს იყო მოწოდება, ქართული საზოგადოება მთავრობის გარეშეც სწორად აფასებს რეალურ მდგომარეობას.

„დღევანდელ დღეს თუ ვინმეს აქვს რიტორიკა შესაცვლელი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ესენი არიან ის ევრობიუროკრატები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორიც [ევროკავშირის] ელჩისგან მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ. მივესალმები ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ დაიბარეს და გააცნეს ჩვენი პოზიცია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეუძლია მარჯვნივ და მარცხნივ ასეთი განცხადებები აკეთოს საქართველოს საზოგადოების მიმართ და თქვას, თითქოს ეს არ იყო მუქარა და ეს იყო მოწოდება, ქართული საზოგადოება მთავრობის გარეშეც სწორად აფასებს რეალურ მდგომარეობას და სწორად უჩნდება ევროკავშირის ელჩის მიმართ ის შეგრძნება, რაც გამოიხატა. გამოუჩნდნენ ადვოკატები ოპოზიციის სახით, ევროკავშირის ელჩი რომ დაეცვათ და რიტორიკა შეერბილებინათ, მაგრამ დიპლომატები იმ საზღვრებს არ უნდა გასცდნენ, რაც ვენის კონვენციით არის აღიარებული. დარწმუნებული ვართ, რომ ვაკეთებთ სწორ საქმეს, საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთას და გავაგრძელებთ ამ პოლიტიკის გატარებას. თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკას სწორად არ უძღვება, ამას ვნახავთ 2028 წლის არჩევნებზე“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“. ამის შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×