თამთა ჩაჩანიძე
28.04.2026

„ქართული ოცნება" საჯარო განცხადებებში კვლავ აქტუალურად განიხილავს დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას. მმართველი პარტიის ოპონენტები კი ეჭვის თვალით უყურებენ იმას, რომ „ოცნებამ" შეძლოს და დაალაგოს ურთიერთობა ვაშინგტონთან და ბრიუსელთან არსებული მოცემულობის ფონზე.

მმართველი გუნდი პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მზადყოფნაზე მიუთითებს, თუმცა წარსულში დაგროვილი კრიტიკა, დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებული კითხვები და პოლიტიკურ პროცესებზე განსხვავებული შეფასებები ამ პროცესს სირთულეებს უქმნის, განსაკუთრებით ევროპასთან.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ურთიერთობების რეალური გადატვირთვა დამოკიდებული იქნება კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და ინსტიტუციურ განვითარებას შეეხება. ნაწილი კი ამბობს, რომ ამ მოცემულობით აშშ-სთან უფროა ურთიერთობის დალაგების პერსპექტივა, ვიდრე ევროპასთან.

აშშ-სთან ურთიერთობების დალაგების პერსექტივა

1-ელ მარტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აშშ-ს ოფიციალრი ვიზიტის ფარგლებში ეწვია, შეხვედრები ჰქონდათ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მანამდე, 27 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა, რომლის ფარგლებში შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობას და განვითარების გეგმას გაეცნო.

30 მარტს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პრემიერ ირაკლი კობახიძეს დაურეკა. სახდეპის ინფორმაციით, ლიდერებმა ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

კობახიძემ კი 23 აპრილს თქვა, რომ საუბრის შინაარსს ვერ გაასაჯაროებს, თუმცა ჰქონდათ „ძალიან ჯანსაღი, დადებით ტონალობაში საუბარი" და „დანარჩენს დაველოდოთ".

ასევე „ოცნებაში" განაცხადეს, რომ აპრილში „საინტერესო სიახლეები" გვექნებოდა აშშ-სთან ურთიერთობებში, დაანონსდა ვიზიტი და „სხვადასხვა შეხვედრები". აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ განათლებისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებიც.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ მოცემულობით საქართველოს ხელისუფლებას აშშ-სთან ურთიერთობების დალაგების პერსპექტივა უფრო აქვს.

  • რამაზ საყვარელიძე: „ახლა დალაგების პერსპექტივა ამერიკასთან უფროა მოსალოდნელი, ვიდრე ევროპასთან. ეს ჩანს კიდეც - ერთ მხარეს ჰერჩინსკის გამოსვლა, მეორე მხარეს რუბიოს ზარი და მისი სულისკვეთება"

„არაა გამორიცხული ეს ნაბიჯები გაგრძელდეს და სიტუაცია ურთიერთობების ნორმალიზებამდე მიიყვანონ. აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციაში აშკარად ჩანს ნორმალიზაციის სურვილი, ოღონდ ბევრი რამ მაინც ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზეა დამოკიდებული, ანუ ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობაზე.

„ახლა დალაგების პერსპექტივა ამერიკასთან უფროა მოსალოდნელი, ვიდრე ევროპასთან. ეს ჩანს კიდეც - ერთ მხარეს ჰერჩინსკის ეს გამოსვლა, მეორე მხარეს რუბიოს ზარი და მისი სულისკვეთება. ამერიკული მხარიდან კეთილგანწყობა ჩანს და ევროკავშირიდან კი კონფლიქტის სურვილი და ჩასაფრებული მდგომარეობა."

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამერიკასთან ურთიერთობა აშშ-ირანს შორის პროცესების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

„აშშ-სთან ურთიერთობა ალბათ მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ირანში პროცესები როგორ განვითარდება - თუ სამშვიდობო ხელშერულება გაფორმდა და ომი დასრულდა, მაშინ ევროკავშირის მსგავსად, არც ამ მიმართულებით გვაქვს რაიმე პერსპექტივა. თუ ომის გაგრძელდა, სახმელეთო ოპერაციები დაიწყო, მაშინ შესაძლოა ლოჯისტიკური თვალსაზრისით საქართველო ამერიკისთვის საინტერესო გახდეს. თუმცა, ესეც კითხვის ქვეშაა მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში იყო და პუტინმა უთხრა, რომ ისინი ირანს მხარს უჭერენ.

„აშშ-მ პუტინთან ურთიერთობა შეიძლება უკრაინის ხარჯზე გადაწყვიტოს, თუ დასჭირდება პუტინი აქ სიამოვნებით გაცვლის საქართველოს ლოჯისტიკურ ჰაბად გადაქცევას იმაზე, თუ უკრაინაში ტრამპის ადმინისტრაცია ზელენსკი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე დაითანხმებს. თუ ყველაფერი ისე დარჩა, როგორც დღესაა, გამორიცხულია, რომ ევროპასთანაც და ამერიკასთანაც რაიმე სერიოზული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს."

განახლდება თუ არა დიალოგი ევროკავშირთან

27 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი იმ განცხადების განმარტებისთვის დაიბარა, რომელიც პაველ ჰერჩინსკიმ 23 აპრილს გააკეთა და რაც მმართველ პარტიას მიუღებლად მიაჩნია და აფასებს, როგორც მუქარისშემცველს. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაწერა, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას".

შეხვედრიდან გამოსულმა მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება პოლარიზებისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისება და „ქართულ ოცნებას" არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე - „დიალოგი ევროკავშირს აქვს საქართველოსთან შეჩერებული".

ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით ასევე აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მორიგი ნოტა გაუგზავნა, რომ უწყების ოფიციალურ გვერდზე განახლდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული.

რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობა ახლა კონფლიქტურია.

„ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია ცუდი საყურებელია. კონფლიქტის მიზეზი მარტივია, თან ეს მხოლოდ საქართველოზე არა, ანალოგიური მოვლენები სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც იყო. ევროპელებთან მიმართვისას ვენსმაც კი ახსენა, რომ დემოკრატიის ღალატია სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევა, მაგალითად რუმინეთის არჩევნებში ჩერიეთ, რომ თქვენთვის სასურველი ხელისუფლება მოგეყვანათო.

„ანალოგიური ბრძოლა ჩვენთანაც მიდის იმაზე, რომ მათთვის სასურველი ხელისუფლება მოიყვანონ - ეს დიდი ბრძოლაა ულტრალიბერალურ და კონსერვატიულ ძალებს შორის. ამ ბრძოლაში ჩვენც მოვყევით და ყურადღება გამახვილდა, რადგან გეოპოლიტიკურად საინტერესო ადგილას ვართ, ამიტომ ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს თავად აიღოს კონტროლი ამ ადგილზე.

„ამ ორი ფრთის ბრძოლა ჩვენზე გადის. მით უმეტეს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ორბანის დროს და ორბანის მხარდაჭერით, უნგრეთში კონსერვატიულ მოძრაობაში მიიღო მონაწილეობა, ჩვენ უკვე გვაქვს განაცხადი, რომ ულტრალიბერალიზმს ზურგი შევაქციეთ და კონსერვატორების მხარეს დავდექით, ეს იგივე მხარეა, რაც ტრამპს უკავია. ასეთ სიტუაციაში კი ევროკავშირს შენთან მოლაპარაკებები არ აწყობს და ჩხუბი უნდა, რომ ხელისუფლებაში მიშა მოიყვანოს.

„ერთ-ერთი თემა ისევ ომია, რადგან მერე მიშა ომში მონაწილეობაზე დათანხმდება, „ოცნებამ" ომში ჩართვაზე უარი თქვა, მიშა უარს არ იტყვის", - განაცხადა საყვარელიძემ.

ამავე დროს, ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ამ მოცემულობით ევროპასთან ურთიერთობის დალაგების პერსპექტივა უბრალოდ არ არსებობს.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „თუ ყველაფერი ისე დარჩა, როგორც დღესაა, გამორიცხულია, რომ ევროპასთანაც და ამერიკასთანაც რაიმე სერიოზული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს"

„განსაკუთრებით ელჩთან შეხვედრისა და 28 აპრილის სესიაზე უმრავლესობის გამოსვლის მერე, მარტივი დასკვნა გაკეთდება - ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ თავად „ოცნება" და მისი პრინციპები კი არ უნდა უნდა შეიცვალოს, არამედ მის ხუშტურებს ევროკავშირი უნდა მოერგოს და მხოლოდ მაშინ შეიძლება რაღაც დალაგდეს.

„არ მგონია მაშინაც დალაგდეს რამე, მაგრამ თუ „ოცნება" პოლიტიკას არ შეცვლის, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, კანდიდატობის ჩათვლით, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და სამწუხაროდ ალბათ გაუქმდება. არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს, რომ ევროპასთან ურთიერთობა დავალაგოთ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×