საქართველოს დეფიციტი არ ემუქრება, მაგრამ ავტოგასამართ სადგურებზე მაღალი ფასი, როგორც ჩანს, კარგა ხანს დარჩება
თამარ ვეფხვაძე
28.04.2026

სანავთობო ბაზრებზე დიდი დაძაბულობაა და კრიზისის დაძლევა ვერ ხერხდება. „გოლდმან საქსის“ ანალიტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 80-დან 90 აშშ დოლარამდე გაიზრდება. მიზეზი ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო დაკეტილი ჰორმუზის სრუტეა. მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, თუმცა ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქართველოში დეფიციტი არ გველის. რაც შეეხება საწვავის ფასს, რასაკვირველია, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მალე მოგვარდება კონფლიქტი. 

ანალიტიკოსებმა კიდევ ერთხელ გაზარდეს ნავთობის ფასების პროგნოზი. მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, „ბრენტის“ ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 90 აშშ დოლარი იქნება, ხოლო ამერიკული ნავთობის საშუალო ფასი - 83 აშშ დოლარი. ეკონომიკური რისკები საგრძნობლად გაიზარდა, რაც ქმნის ნავთობის ფასების ზრდის მოლოდინს. მაღალია პროდუქტების დეფიციტის რისკიც.

„გოლდმან საქსის“ ანალიტიკოსების შეფასებით, შოკის უპრეცედენტო მასშტაბის გამო, ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება და ეს პროცესი, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო. ბანკის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ნავთობზე გლობალური მოთხოვნა მიმდინარე კვარტალში ყოველდღიურად 1.7 მილიონი ბარელით შემცირდება, ხოლო 2026 წელს, 2025 წელთან შედარებით - 100 000 ბარელით.

„იმის გამო, რომ მარაგის უკიდურესი შემცირება თანამიმდევრული არ არის, მიწოდების შოკის გახანგრძლივების შემთხვევაში, შესაძლოა, მოთხოვნის კიდევ უფრო მკვეთრი კლება მოხდეს“, - წერენ „გოლდმანის“ ანალიტიკოსები. 

„ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი 110 დოლარას უკვე აჭარბებს, ხოლო ამერიკული ნავთობი ბარელზე 99 დოლარის ფარგლებშია. ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები შეწყდა და მისი განახლების შესახებ  არაფერია ცნობილი.

„გოლდმან საქსის“ ანალიტიკოსების პროგნოზს იზიარებს საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია, თუმცა „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „გოლდმანის“ ანალიტიკოსების ეს სტატიები და მათი პროგნოზები განკუთვნილია ტრეიდერებისთვის, რათა ნავთობის ფიუჩერსების ყიდვაზე არ გააკეთონ აქცენტი და მათმა ბანკებმა დიდი თანხები არ დაკარგონ. 

„რაც შეეხება ნავთობის მიმდუნარე ფასს, თუ ირანსა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი ისევ გაგრძელდება და ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი დარჩება, ერთი  ბარელი 100-დოლარიან ნიშნულს დაბლა არ ჩამოვა. თუ გაიხსნება ჰორმუზის სრუტე, ნავთობის ფასი ჩამოვა 80-88 აშშ დოლარზე. საქართველოს ბაზარზე კი ნავთობის ეს ფასები უკვე ასახულია იმაზე მეტად, ვიდრე უნდა ასახულიყო. ზოგადად, ნავთობის ფასებს ჩვენს ბაზარზე არსებულ მოცემულობასთან  შეხება არ აქვს, ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით, 5-6 ძირითადი იმპორტიორი კომპანია აწესებს თავის ფასს. ახლა მკვეთრად რომ არის გაძვირებული, სწორედ ჰორმუზის სრუტეში შექმნილი მდგომარეობა აქვთ მომიზეზებული - აი, გლობალურად ფასი გაიზარდა. თითქოს, ახალ ფასში ნაყიდი ნავთობი გადაამუშავეს, ის შემოიტანეს და ყიდიან. ჩვენს ბაზარზე არის კარტელური გარიგება და საქართველოს ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაშია“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.  

ამ პოზიციას არ იზიარებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში საწვავის ფასი დამოკიდებულია იმაზე თუ როდის გაიხსნება ჰორმუზის სრუტე.  

„მხოლოდ შეგვიძლია ვილაპარაკოთ დაშვებით. თუ გაგრძელდება დღეს არსებული გაურკვევლობა, მაშინ იქნება ფასთა რყევა იმიტომ, რომ არავინ იცის - არც ჩვენ და არც ევროპულმა კომპანიებმა - რამდენ ხანს გასტანსგაგრძელდება ჰორმუზის სრუტის დაკეტვა. არის მეორე ვარიანტიც - ვიღაც ისევ ჩემს სიტყვებს მიბრუნებს უკან და მეუბნებიან, ჩვენ ხომ არ მოგვაქვს საწვავი ირანიდან და ახლო აღმოსავლეთიდანო. კი, ბატონო, არ მოგვაქვს, მაგრამ საერთო გადამამუშავებელ ქარხნებს, ანუ ოპეკის ქარხნებს მოაკლდათ თუ არა ნავთობის გარკვეული რაოდენობა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის გამო? რა თქმა უნდა, მოაკლდა. არაბეთის, ირანის, ყატარის და სხვადასხვა ქვეყნების მოწოდებული ნედლი ნავთობი მოაკლდა რაოდენობრივად გლობალურ გადამუშავებას და ამიტომ შეიქმნა დეფიციტი. თავის მხრივ კი, დეფიციტი ყოველთვის იქვევს ფასთა რყევას. 

აქედან გამომდინარე, თუ დაწყნარდება ირანსა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი და გაიხსნება ჰორმუზის სრუტე, მივიღებთ უკეთეს სიტუაციას, მათ შორის, ჩვენს შიდა ბაზარზეც. ერთადერთი, რაც მთავარია მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის და თამამად შეგვიძლია ვუთხრათ ყველას, არის ის, რომ საწვავის დეფიციტი არასდროს გვექნება ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რაც ღმერთის წყალობაა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ვახტანგ იობაშვილმა. 

მისი თქმით, ოპეკის ქვეყნები ყოველდღიურად აცხადებენ ნავთობის ახალ ფასს, ამიტომ არავინ იცის, რა იქნება ხვალ და ზეგ. როგორც ვახტანგ იობაშვილმა „რეზონანსს“ განუცხადა, მთავარი ფაქტორი არის მშვიდობა ირანში, ახლო აღმოსავლეთსა და მთელ რეგიონში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×