რეზონანსი
29.04.2026

მათ გასაგონად ვამბობ, ვინც პაციენტებს ვგულშემატკივრობთ და არა მათთვის, ვინც ამ თემით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობს - პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის ეს პრეპარატი ის, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების გარეშე, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში.

„ახლა რაც შეეხება, მაგალითად, ისეთ მახინჯ ინტერპრეტაციებს, რომ თითქოსდა ჩვენი პოზიციაა, რომ ვეძებთ მხოლოდ გადარჩენის უნარის მქონე მედიკამენტებს და სხვას აზრი არ აქვს - კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი პირველივე ბრიფინგის დროს, როდესაც პირველად ვისაუბრე საჯაროდ ამ თემების ირგვლივ: ამ მედიკამენტების ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. სიტყვა-სიტყვით ვიმეორებ, რაც მაშინ ვთქვი, ვიმეორებ იმისთვის, რომ ვინმემ არ გაიმეოროს მსგავსი რამ, რომ თითქოს ამ ფუნქციას რამენაირად ვაკნინებთ - „აქვე ვიტყვი, რომ თავისთავად ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა (რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ), მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტებზე გვქონდეს არასწორი მოლოდინი“, ისიც იმიტომ, რომ ამორალურია არასწორი მოლოდინების შექმნა სასოწარკვეთილი მშობლისთვის.

ამრიგად, შეგნებულად ტყუის ის, ვინც აქედან აკეთებს დასკვნას, რომ თითქოსდა ეტლის საჭიროების გადავადებას არასაკმარის მიზეზად მივიჩნევთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ - მნიშვნელოვანია, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელსაც მოიტანს მედიკამენტი, მათ შორის, ეტლის საჭიროების გახანგრძლივებაც. უბრალოდ საჭიროა, რომ ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს, არ ქმნიდეს სასიცოცხლო საფრთხეებს და არა უბრალოდ არასწორ შთაბეჭდილებებს ბადებდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×