ნატალია ჯვარიძე
29.04.2026

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის წითელ მოედანზე 9 მაისს დაგეგმილ აღლუმზე სამხედრო ტექნიკის კოლონები და სამხედრო კურსანტები არ იქნებიან წარმოდგენილები, - ინფორმაციას „ბი-ბი-სი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამხედრო ტექნიკის კოლონა აღლუმში მონაწილეობას „არსებული ოპერატიული სიტუაციის" გამო არ მიიღებს.

„ბი-ბი-სი" წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როცა სამხედრო ტექნიკა წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში 9 მაისს მონაწილეობას არ მიიღებს.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, 9 მაისს დაგეგმილი აღლუმის საჰაერო ნაწილი ჩატარდება.

„აღლუმის საჰაერო ნაწილის დროს, რუსული პილოტაჟის ავიაჯგუფების თვითმფრინავები წითელ მოედანზე იფრენენ, ხოლო აღლუმის დასასრულს, „სუ-25" თავდასხმის თვითმფრინავების პილოტები მოსკოვის ცას რუსეთის დროშის ფერებში შეღებავენ", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამხედრო ტექნიკა მონაწილეობას უკრაინის მხრიდან „ტერორისტული საფრთხის" გამო არ მიიღებს.

„კიევის რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად კარგავს პოზიციებს ბრძოლის ველზე, სრულად ტერორისტულ საქმიანობაში ჩაერთო. ამიტომ, ამ ტერორისტული საფრთხის ფონზე, რა თქმა უნდა, ყველა ზომა მიიღება საფრთხის მინიმიზაციისთვის", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მისი თქმით, 2026 წელს სამხედრო აღლუმი შარშანდელთან შედარებით შემცირებული ფორმატით ჩატარდება. პესკოვმა აღნიშნა, რომ წლევანდელი ღონისძიება არ არის მნიშვნელოვანი წლისთავი - 2025 წლისგან განსხვავებით, როდესაც პუტინს ნაცისტების დამარცხების 80 წლისთავის აღსანიშნავად უცხოელი ლიდერები, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეუერთდნენ.

თუმცა, განცხადებამ, რომ აღლუმში იარაღი არ იქნებოდა გამოყენებული, კრემლის კრიტიკოსების მწვავე კომენტარები გამოიწვია. „აჯანყების ეშინიათ? თუ უკრაინაში ყველა აღჭურვილობა დაიწვა?" - სოციალურ ქსელში დაწერა აბას გალიამოვმა, კრემლის ყოფილმა სპიკერმა, რომელიც ამჟამად რუსეთის „უცხოელი აგენტების" სიაშია.

გამოცემა „როიტერსი" წერს, რომ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან ვაშინგტონი ირანთან კონფლიქტზეა ფოკუსირებული , რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაში ბრძოლის ველზე თანდათანობით წინსვლას აღწევს, ხოლო უკრაინამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის პორტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×