უცხოელი ანალიტიკოსები უკვე შეშფოთებულნი არიან, ქართველი სპეციალისტები კი განგაშის საფუძველს ვერ ხედავენ
თამარ ვეფხვაძე
29.04.2026

ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი გლობალურ ფარმაცევტულ ბაზარსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. იმის გამო, რომ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია, სპარსეთის ყურიდან წამლების მთავარი ნედლეულის - ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტი შეფერხდა, გაორმაგებულმა ლოგისტიკურმა ხარჯებმა კი პირველადი მოხმარების მედიკამენტები უკვე გააძვირა. „რეზონანსი“ დაინტერესდა, როგორ აისახება ეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, რომელიც ბევრი სხვა დარგის მსგავსად, ძირითადად, იმპორტზეა დამოკიდებული და გაიზრდება თუ არა ისედაც კატასტროფულად გაძვირებული მედიკამენტების ფასი?

პროფესორ კახაბერ ჯაყელის აზრით, ვინაიდან საქართველოს ბაზარი პატარაა, დიდი ცვლილებები მოსალდნელი არ არის, თუმცა ინფლაციური მოლოდინის გამო, შესაძლოა, წამლები მაინც გაძვირდეს:

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბაზარი პატარაა, დიდ ცვლილებას არ ველოდები. ჩვენს ბაზარზე არა, მაგრამ პრობლემები შეიქმნება დიდი ქვეყნების ბაზრებზე, მაგალითად, ინდოეთის, ბანგლადეშის, პაკისტანის, ინდონეზიის, ფილიპინების, ჩინეთისა და არაბული ქვეყნების ბაზრებზე; მაგრამ არსებობს ინფლაციური მოლოდინი, რომელსაც იყენებენ ფარმაცევტული კომპანიები და თვითნებურად ზრდიან ფასს. არ გამოვრიცხავ, ეს მომენტი ჩვენთანაც გათამაშდეს და შემდეგ მიმწოდებლებს დააბრალონ, რაც არასწორი იქნება. თუმცა, ხელისუფლებას შეუძლია, ამ მიმართულებით ერთგვარი მონიტორინგი ჩაატაროს, რომ ეს არ მოხდეს“, - განუცხადა „რეზონანსს“ კახაბერ ჯაყელმა. 

რაც შეეხება გლობალურ ფარმაცევტულ კრიზისს, რომელიც შესაძლოა, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო შეიქმნას, ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ აზრია და კახაბერ ჯაყელი მას არ ეთანხმება. 

„კირ სტარმერმა თქვა, რომ მოქალაქეები უნდა მოემზადონ დაძაბული, ხანგრძლივი პერიოდის დეფიციტისთვის სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, ფარმაციაში. ნავთობქიმიური ელემენტების ნაკლებობა და ზოგადად, მომარაგების გარკვეული დეფიციტი ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე შესამჩნევი გახდება. მე პირადად არ მჯერა, რომ ეს დიდ გავლენას მოახდენს ფასებზე. ნავთობქიმიური პროდუქტები არ არის გადამწყვეტი რესურსი ფარმაცევტული პროდუქციის შექმნისთვის. ფასებზე ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს, მაგრამ ზოგადად, გარკვეული მედიკამენტების შექმნისა და მიწოდების დრო, შესაძლოა, გაიწელოს. 

დღეს დიდი ფარმაცევტული ინდუსტრიები აწარმოებენ მედიკამენტებს გლობალური ბაზრებისთვის, შესაძლოა, მათ გადახედონ საკუთარ პოლიტიკას და გარკვეული მედიკამენტების წარმოება შეამცირონ. ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დეფიციტი, ანუ მედიკამენტების ოდენობა შემცირდეს სხვადასხვა ბაზრებზე. გარდა ამისა, კრიზისის შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მსყიდველუნარიანობა იკლებს და, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, იმ ოდენობით წამლები აღარ აწარმოონ, რასაც კრიზისამდე აწარმოებდნენ. შესაძლოა, ამან გამოიწვიოს გარკვეული შეზღუდვები“, - აღნიშნა კახაბერ ჯაყელმა. 

განსხვავებული პოზიცია აქვს ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების ექსპერტს, აკაკი ზოიძეს, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა დიდ გავლენას ვერ მოახდენს ფარმაცევტულ ბაზარზე. 

„ნავთობის გაძვირებამ საწვავი გააძვირა, დიდმა ავიაკომპანიებმა კი რეისები შეამცირეს, მაგრამ ძნელი სათქმელია, ეს რამდენად დაარტყამს, ან დაარტყამს თუ არა საერთოდ, ფარმაცევტულ ბაზარს. ნავთობქიმიური პროდუქტები სულ რამდენიმე სახის მედიკამენტების წარმოებას სჭირდება და შესაძლოა, პრობლემა შექმნას, მაგრამ ეს არაფერია. გააჩნია, რამდენ ხანს გასტანს ირანისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი. დამიჯერეთ, დღეს არავის აწყობს, რომ ომი დიდხანს გაგრძელდეს, სხვა ყველაფერი მარჩიელობაა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ზოიძემ.  

„რეზონანსის“ კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, გლობალურ ფარმაცევტულ ბაზარზე მოსალოდნელ კრიზისს ანალიტიკოსები იყენებდნენ იმისთვის, რომ ომში მონაწილე მხარეები აიძულონ, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და დააჩქარონ ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესი, აკაკი ზოიძემ გვიპასუხა, რომ  ომი არასდროს და არავისთვის მომგებიანი არ არის. 

„ომი არასდროს არ ყოფილა პრობლემების გადაჭრის გზა. შესაბამისად, ის, რაც თქვენ ბრძანეთ, მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ არ მგონია, გადამწყვეტი იყოს. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე და ის ეკონომიკური ზარალი, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი იგრძნობს, რადგან ნავთობის ფასი თუ გაიზარდა, შესაბამისად, ყველა იმ პროდუქტის ფასი მოიმატებს. 

მედიკამენტების წარმოებას ჩვენთან არაფერი დააკლდება, მაგრამ ჩვენ, ძირითადად, უცხოეთიდან იმპორტზე ვართ დამოკიდებულები, მათ შორის, წამლებზეც. ამიტომ, თუ მსოფლიოში გლობალური კრიზისი იქნება, ჩვენთანაც თავის ზეგავლენას იქონიებს. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ეს იყოს ომის შესაწყვეტი ერთ-ერთი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი“, - აღნიშნა "რეზონანსთან" ზოიძემ.  

საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის კონფლიქტით გამოწვეული კრიზისის პირველი, მწვავე შედეგები დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის მაგალითზე უკვე თვალსაჩინოა. ეროვნული სააფთიაქო ასოციაციის მონაცემებით, საცალო ფასებმა მკვეთრად მოიმატა და მომხმარებლებისთვის ისეთი პირველადი მოხმარების მედიკამენტები, როგორიცაა, მაგალითად, „პარაცეტამოლი“ და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები, უკვე 20-30%-ით გაძვირდა.

დიდი ბრიტანეთის ანალიტიკოსების შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე მწვავე დეფიციტის დაწყებას ამჟამად მხოლოდ ძველი სტრატეგიული მარაგები აკავებს,  თუმცა ეს დროებითი ბუფერიც ამოწურვადია. როგორც კი მწარმოებლები ახალი მარაგების შევსებასა და ნედლეულის შესყიდვას დაიწყებენ, ისინი პირდაპირ შეეჯახებიან გაორმაგებულ სატრანსპორტო ტარიფებსა და წარმოებისთვის აუცილებელი ქიმიური კომპონენტების დეფიციტს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს კვირებში, გლობალური მასშტაბით, მედიკამენტების ფასების გარდაუვალი და მკვეთრი ზრდა დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×