რეზონანსი
29.04.2026

საკმაოდ მძიმედ შევაფასებდი დღევანდელ ინტერპელაციას, მძიმე მდგომარეობაში იყო თავად მინისტრი და „ოცნების“ გუნდი , - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენა შეაფასა. „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ოპოზიციას ჰქონდა კითხვები, რომლებიც რეალურად აწუხებთ ბავშვებს, ხოლო საპასუხოდ დაინახეს „აგრესია“.

„მთავარია, როგორ შეაფასებს ამ ყველაფერს საზოგადოება და პირველ რიგში, როგორ შეაფასებს ამას „ოცნების“ ამომრჩეველი. დღეს ჩვენ რეგლამენტი გვაძლევს შესაძლებლობას, ინტერპელაციის წესით დავიბაროთ უწყების წარმომადგენლები. ბუნებრივია, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ დაბარებული გვყავდა ჯანდაცვის მინისტრი. პირველ რიგში, სწორედ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და სხვა პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით. საზოგადოება ხედავს, თუ რა მდგომარეობაში არიან ამ ბავშვების მშობლები. რამდენიმე დღეზე მეტია ისინი აქტიურად მიმართავენ საპროტესტო აქციას იმისათვის, რომ ელემენტარული სწორი კომუნიკაცია ჰქონდეს ხელისუფლებას მშობლებთან, პაციენტებთან და მოხდეს მათთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტების დაფინანსება.

ჩვენ მოვისმინეთ და დავინახეთ აგრესია. ჩვენ გვქონდა კითხვები, რომლებიც რეალურად აწუხებთ ბავშვებს და კითხვები, რომელიც აწუხებთ მშობლებს. ბუნებრივია, ამან თავად მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია და შემდეგ უკვე მთლიანად პოლიტიკური გუნდის. ვხედავდით მათ დამოკიდებულებას, შეფასებებს და ძალიან სამწუხაროა ასეთ დამოკიდებულება ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. „ოცნებას“ ნამდვილად არ აქვს იმის უფლება, რომ ისაუბროს ბიუჯეტის რაციონალურ გამოყენებაზე და არც კონკრეტული ადამიანებით მანიპულირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×