თამთა ჩაჩანიძე
30.04.2026

„ქართულმა ოცნებამ" აშშ-სთან ურთიერთობები უკვე აღდგენილად გამოაცხადა, რის მტკიცებულებადაც მოჰყავთ დაანონსებული და მანამდე არსებული კუმუნიკაციები და სამუშაო ვიზიტები. საგარეო უწყება მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ელოდება, რაც, მმართველი გუნდის შეფასებით, უკვე მიუთითებს აშშ-ის მხრიდან ურთიერთობების გადატვირთვის რეალურ სურვილზე.

მედიის ინფორმაციით, მაისში აშშ-დან სავარაუდოდ ჩამოვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა ქოულტერი, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთისა და ცენტრალური ევროპის პოლიტიკაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე ქოულტერის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ იგი ამ პოსტს 2023 წლის 10 ივლისიდან იკავებს, მანამდე იყო აშშ-ის საელჩოს დროებით რწმუნებულად და მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ ყირგიზეთში. 2018-21 წლებში იყო აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილე მოსკოვში. ამასთან, მონაწილეობდა აშშ-რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებში.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ, დიდი ალბათობით, აშშ-დან სწორედ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის რანგის პოლიტიკოსი ჩამოვა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ადასტურებს სახდეპის წარმომადგენლის ვიზიტს.

„მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში. შეხვედრები დაიგეგმება არა მხოლოდ ჩემთან, არამედ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გზავნილები მიუთითებს ურთიერთობების გადატვირთვის რეალურ სურვილზე და ამ პროცესის დაწყებაზე. ბოჭორიშვილი ამბობს, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა პროცესის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ამერიკული მხარის პოლიტიკურ ნებაზე.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი კი აცხადებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები რეალურად უკვე აღდგენილია.

  • ლევან მახაშვილი: „მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ და აღარ ვიტყვი, რა და როგორ იქნება, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია...

„მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ და აღარ ვიტყვი, რა და როგორ იქნება, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია...

„ჩვენთვის სასურველი წერტილია, როცა შევძლებთ ვთქვათ, რომ ეს არის ის დონე, რაც გვაკმაყოფილებს და რაც სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა. იმედია, მაისში მოვლენების რა განვითარების მოლოდინიც გვაქვს, ამ პროცესს არსებითად ხელს შეუწყობს. როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით არსებითი ნაბიჯები იყო გადადგმული, რათა აღგვედგინა გაყინული ურთიერთობები, რაც წინა ადმინისტრაციამ დაგვიტოვა და გველაპარაკა შემდეგ ნაბიჯებზე. იმედია, მაისის ვიზიტი თუ შეხვედრები ამ პროცესს ხელს შეუწყობს. აპრილში იყო ვიზიტი, ზარი და ასე შემდეგ. პოლიტიკური ნება არსებობს და სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. 12 მაისის თუ 25 მაისის დასახელებას აზრი არ აქვს, ყინული დაძრულია, ვცდილობთ, ურთიერთობა გაგრძელდეს", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ვისი ჩამოსვლაა უფრო რეალური

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მაისში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არ ჩამოვა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ მთავარი სტუმარი სწორედ სონატა ქოულტერი იყოს.

„დიდი ალბათობით, რუბიო არ უნდა ჩამოვიდეს და ჩამოვიდეს სწორედ სხვა კატეგორიის ადამიანი. თავისთავად ესეც მაღალი დონეა, ეს ის ხალხია, ვისაც კავკასია ეხება და ამ რეგიონს სწავლობენ. ალბათ ის სიურპრიზია, აპრილში რომ გვპირდებოდნენ. ამერიკას კავკასია აინტერესებს და უნდა, რომ მისი ინტერესების სფეროდან არ გავიდეს. ტრამპი ამით დაინტერესებულია, მან ალიევ-ფაშინიანი ზედიზედ ორჯერ მიიღო და მიაჩნია, რომ ყარაბაღის ომი მან გააჩერა, რაც სიმართლესთან ახლოა არაა, მაგრამ ყველას აწყობს, რომ ტრამპს ასე ეგონოს. ფაქტია - ის დაინტერესებულია, „ტრამპის გზის" მშენებლობა დაიწყო, საქართველოსთან კონტაქტები მათთვის მნიშვნელოვანია - სად და როგორაა საქართველო, საით იყურება.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ეს იმის მსგავსია, სისხლს რომ აიღებ და ლაბორატორიაში წაიღებ. სანამ პასუხებს არ გაიგებ, ხომ არაფერს არ ნიშნავს მხოლოდ სისხლის აღება? ასე იქნება ეს ვიზიტიც."

„ვიდრე აშშ-დან ახალი ელჩი არ დაინიშნება, მანამდე ეჭვი მეპარება რუბიო ჩამოვიდეს. ახალი ელჩი იქნება ტრამპის გუნდიდან, ის სიტუაციას შეისწვალის, შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს ღირს თუ არა რუბიოს ჩამოსვლა. მემგონი საქართველოში ისეთი განსაკუთრებული არაფერი ხდება, რომ ახლა რუბიო ჩამოვიდეს. მაღალი დონის ფიგურები მხოლოდ არჩევნების წინ ჩამოვლენ, არჩევნები კი საქართველოში 2028 წლამდე არ ტარდება.

„2024 წელსაც უნდოდათ ევროპელ ლიდერებს ჩამოსვლა და ივანიშვილთან შეხვედრა, მაგრამ ჩაიშალა. იქიდან მოყოლებული გახდა საქართველო მიუღებელი, არა არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლება პარტნიორებთან ურთიერთობას აიგნორებდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მთავარია რა შინაარსის იქნება ვიზიტი.

„ცხადია მაღალი დონე არ იქნება. ისეთი ვითარებაა, რუბიოს სად სცალია, გამორიცხულია ის ჩამოვიდეს. შეიძლება ეს პიროვნება (სონატა ქოულტერი) ჩამოვიდეს, მაგრამ მთავარია შეხვედრების შინაარსი რა იქნება, რა პირობები და მოთხოვნები იქნება ამ მხრივ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციისგან, როცა ტრამპის რეიტინგი ასე კატასტროფულად დავარდა და ვარდნას განაგრძობს, როცა მთელი აშშ იმას ლაპარაკობს, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებს რესპუბლიკელები წააგებენ, რასაც დიდი ალბათობით ტრამპის იმპიჩმენტი მოჰყვება.

„ასეთ პირობებში რაღაცა სასიკეთოს, რომ - აი, დაგეხმარებით, რაღაცას ვიზამთ - ამას ნამდვილად არ ველი. ანაკლია რომ გაჟღერდა, მხოლოდ იმ ტონალობაში იქნებოდა, რომ ჩინეთი არ მოვუშვათ. თვითონ ვერ შემოდიან და ჩინეთის გარდა ანაკლიაში შემოსვლას ვინ გაბედავს, როცა რუსეთი იქვე დგას", - განაცხადა მამრაძემ.

ვიზიტის შესაძლო შედეგები

პაატა ზაქარეიშვილის პროგნოზით, ვიზიტი მხოლოდ იმ მიზნით იქნება, რომ მაქსიმალური ინფორმაცია წაიღოს საქართველოდან.

„რუბიო ახლა საჭიროა არაა, საკმარისია ჩამოვიდეს მისი თანაშემწის მოადგილე, რათა ინფორმაცია აკრიფოს და წაიღოს. არავითარი შედეგი არ ექნება. შედეგი ის იქნება, რომ მაქსიმალური ინფორმაცია აიღოს, მერე ეს ინფორმაცია გადაამოწმონ კეთილსინდისიერებაზე უკვე სხვადასხვა წყაროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ესპერტებთან, სხვა სპეციალისთან ამერიკაში და სხვაგან და შეამოწმონ „ქართული ოცნება" ამერიკასთან ურთიერთობებში რამდენად გულწრფელია. ანუ არავითარ შედეგზე გათვლილი ეს არ იქნება. ეს იმის მსგავსია, სისხლს რომ აიღებ და ლაბორატორიაში წაიღებ. სანამ პასუხებს არ გაიგებ, ხომ არაფერს არ ნიშნავს მხოლოდ სისხლის აღება? ასე იქნება ეს ვიზიტიც.

„ვფიქრობ, ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენებთანაც ექნებათ შეხვედრა და თუ ეს ყველაფერი მოხდა, ესე იგი ინფორმაციის მოსაპოვებლადაა ჩამოსული. მათ თუ რაიმე განსაკუთრებულის თქმა უნდათ, ჩამოვლენ და მხოლოდ „ოცნების" რომელიღაც ერთ ფიგურას - ივანიშვილს ან კობახიძეს შეხვდებიან და ამით დასრულდებოდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

  • პეტრე მამრაძე: „მთავარია რა პირობები და მოთხოვნები იქნება აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციისგან, როცა ტრამპის რეიტინგი ასე კატასტროფულად დავარდა და ვარდნას განაგრძობს".

პეტრე მამრაძე კი გვეუბნება, რომ პოზიტიური მოლოდინი არ აქვს

„პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, რეალისტი ვარ, გარკვეული გამოცდილება მაქვს და ვიცი ახლა რა სიტუაციაა. არ გამოვრიცხავ თქვან, რომ აი, დავაკვირდებით თქვენს ნაბიჯებს, ანაკლიაში ჩინეთი არ შემოუშვათ, რუსეთთან უკვე სხვანაირი ურთიერთობაა საჭიროო", - განაცხადა მამრაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×