
ოპოზიციურმა ალიანსმა რეგიონებში შეხვედრები დაიწყო, თუმცა ამ პროცესში ენმ არ მონაწილეობს, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ პარტიამ ალიანსი უკვე დატოვა, ან მალე მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას. საინტერესოა ისიც, რომ შეხვედრებს დახურულ ფორმატში ტარდება და მასზე მედიას არ უშვებენ.
დაანონსებულ მასშტაბურ შეკრებამდე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს არის ჩანიშნული, ოპოზიციური ალიანსი რეგიონებში ამომრჩევლებს ხვდება. 28 აპრილს ისინი ქუთაისში იმყოფებოდნენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა და მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების გადაღების საშუალება არ მიეცათ.
- თამარ ჩერგოლეიშვილი: „ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, მაგრამ აქ ესწრებიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, გულახდილი საუბარი უნდათ ჩვენთან."
როგორც „ოპოზიციის ალიანსის" წევრმა, პარტია „ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მონაწილე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დასამალი არაფერი აქვთ, თუმცა შეხვედრას ესწრებიან ადამიანები, რომლებსაც მათთან გულახდილი საუბარი სურთ.
„ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, მაგრამ აქ ესწრებიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება, გულახდილი საუბარი უნდათ ჩვენთან. ჩვენ ავტორიტარულ, ტირანიისკენ გარდამავალ რეჟიმში ვცხოვრობთ და არ გვინდა, ჩვენი მხარდამჭერები ჩავაგდოთ იმ მდგომარეობაში, როდესაც მათ მოუწევთ რაღაცა კითხვებისგან თავის არიდება. ჩვენ გვინდა ძალიან გულახდილი დიალოგი. თქვენც არა ხართ შუაში, ამას ჩვენი მედიის თანდასწრებითაც არ ვაკეთებთ ხოლმე", - განუცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მოქალაქე ლევან ქართველიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა, თუმცა შეხვედრა დაატოვებინეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ინტერვიუ ჩაწერა.
„იყო შეხვედრა, თან ღია, საჯაროო და გამომიშვეს, გამომაგდეს. ქოცი ხარ შენო. ჩემი არხი მაქვს ტიკ-ტოკზე, ჩემი მოსაზრება გამაჩნია, ჩემს აზრს ვაფიქსირებ, მაქვს ჩემი პოლიტიკური შეხედულება და ამიტომ გამომაგდეს. არაფერი არ დამიფიქსირებია. თავიდან ჩავწერე გიგი წერეთელი, შემდეგ უცებ მოვიდა ორი ადამიანი, შენ ქოცი ტიკ-ტოკერი ხარ და დატოვეო. როგორ მეთქი, რეგისტრაცია გავიარე. ვერ გადაწყვიტეს - ჯერ დაჯექიო, მერე ადექიო და შემდეგ გამომიშვეს, გამომაგდეს გარეთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ქართველიშვილმა.
28 აპრილს კი ალიანსის წარმომადგენლებს ბათუმში ჰქონათ შეხვედრა, რომელიც ასევე დახურულ ფორმატში გაიმართა.
- დავით ზურაბიშვილი: „იმის განცდა, რომ ისინი შეძლებენ სერიოზული მომხრეების მობილიზებას და ხელისუფლების ალტერნატივის ჩამოყალიბებას, ნამდვილად არ მაქვს."
პარალელურად ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაც გრძელდება. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამჯერად პატიმრობაში მყოფი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია უპირისპირდება. თავად „ნაციონალურ მოძრაობაში" კი ალიანსში ყოფნა-არყოფნის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „ოპოზიციურ ალიანსს" მხარდაჭერა არ აქვს, ამიტომაც არის „უხერხულობები, დამალვა, ჩუმად რაღაცების ჩატარება, რათა არ გაშიშვლდეს სიყალბე, რაც მათ გარშემოა".
„ბევრი რამე მიუთითებს იმაზე, რომ ამ ხალხს არ აქვს ნამდვილი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. მათ ის საზოგადოებრივი კაპიტალი, რაც თავის დროზე ჰქონდათ, პოლიტიკურად მცდარი, არასწორი გადაწყვეტილებებით გაანიავეს. მათ ფსონი დადეს არა საკუთარ მოსახლეობაზე, საკუთარ ქვეყანაზე, არამედ სხვის ინტერესებზე. ამიტომ, ეს საზოგადოებრივი თამასა და მხარდაჭერა აღარ არსებობს. ამიტომაც არის, მსუბუქად რომ ვთქვათ, მთელი რიგი უხერხულობები: დამალვა, ჩუმად, მალულად რაღაცების ჩატარება, რათა არ გაშიშვლდეს მთელი ის სიყალბე, რაც არის ამ ე.წ. ალიანსის გარშემო. ჩვენ შეიძლება ყოველდღიური პოლიტიკური განცხადებები, შეფასებები ვაკეთოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ესეც ზედმეტია. ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებაა უკვე ამ ადამიანებისთვის. თუ მაინცდამაინც უნდათ ვინმეს შეხვდნენ, კი, ბატონო, იარონ, ჩავიდნენ, მაგრამ ესეც აჩვენებს რეალურად, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ", - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
- ედიშერ გვენეტაძე: „წესიერ და ნორმალურ კაცს, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ მუშაობს, მგონი დასამალი არაფერი უნდა ჰქონდეს."
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ „ოპოზიციური ალიანსის" ზრახვები არის ქვეყნის საწინააღმმდეგოდ და სწორედ ამიტომ მართავენ დახურულ შეხვედრებს.
„წესიერ და ნორმალურ კაცს, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ მუშაობს, მგონი დასამალი არაფერი უნდა ჰქონდეს. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ და ახლაც ამბობენ, რომ საქართველოში ტერორისტული უნივერსიტეტია და დაბომბეთო. ალბათ, ახლაც რაღაც საშინელებებს გეგმავენ და არ სურთ ღიაობა. მე მათგან ეს არც მიკვირს, რადგან არ უნდათ ბოროტი ზრახვები, რაც ქვეყნის მიმართ გააჩნიათ, ჩვენმა მასმედიამ სახალხო გახადოს", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი ამბობს: ოპოზიციის ასეთი აქტივობიდან დიდი მოლოდინი არ აქვს:
„იმის განცდა, რომ ისინი შეძლებენ სერიოზული მომხრეების მობილიზებას და ხელისუფლების ალტერნატივის ჩამოყალიბებას, ნამდვილად არ მაქვს. უბრალოდ ამის არ მჯერა. დახურული ფორმატის შეხვედრებს გამართავენ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ, მე მათ გეგმებს, როგორ უნდა ებრძოლონ ხელისუფლებას, არ ვიზიარებ".