
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანის პროცესი მიმდინარეობს. ავალიანის დედა, დაზარალებულის ადგილმონაცვლე, ეკა კუპატაძე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.
დემეტრე ჩიქოვანს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, ანა ნასყიდაშვილს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
"ფაქტია, რომ მათ დისკომფორტი შეექმნებათ ჩემი მოსმენით. დღეს ნია იმნაძის საკითხი უნდა დავაყენო. ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა არა ერთი ცნობა წარადგინა სასამართლოში. ამ ცნობების ავთენტურობას აუცილებლად დავადგენ, მოვიკვლევ. ნამდვილად მიმართა კარდიოლოგს, მაგრამ იცოდა იმ ფსიქოთერაპევტმა, რომ გული ჯანმრთელია? გული იყო ჯანმრთელი. ასე, რომ ახლა ერთი რამ მინდა ვთქვა, ასე რომ იყოს მართლმსაჯულება და მხოლოდ გულის ფართხალზე იყოს დამოკიდებული, მაშინ ციხეები იქნება ცარიელი," - ამბობს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.
განცხადება გააკეთა პროკურორმა, ქეთევან სონიძემ.
"დღეს სასამართლოზე გამოიკითხება დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ეკა კუპატაძე, რომელიც მოგეხსენებათ, უდაოდ იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ. უდაოდ ცნობა ნიშნავს იმას, რომ მას კითხვები აღარ დაესმება მხარეთა მიერ, თუმცა ის უფლებამოსილია, დააფიქსიროს პოზიცია მისთვის მიყენებულ მორალურ ზიანთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია, უკავშირდება მისი შვილის მკვლელობას. მტკიცებულებაა საქმეში წარმოდგენილი ორივე ბრალდებულის მიმართ, რომელიც აუცილებლად დაადასტურებს მათ მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას," - აცხადებს პროკურორი ქეთევან სონიძე.