
ბრიუსელში უკრაინისთვის მოკლევადიანი ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის პაკეტზე მუშაობენ. მას შემდეგ, რაც ევროპულმა დედაქალაქებმა ევროკავშრში გაწევრიანების „ფორსირებული გეგმა" უარყვეს, დღის წესრიგში დადგა ალტერნატიული მოდელი, რომელიც კიევს ბლოკის ბაზრებსა და ინსტიტუტებთან რეფორმების დასრულებამდე დააახლოებს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო" ავრცელებს.
დისკუსიებში ჩართულმა ოთხმა დიპლომატმა, რომლებმაც კონფიდენციალური მოლაპარაკებების განხილვისას ანონიმურად დარჩენა ისურვეს, „პოლიტიკოს" განუცხადა, რომ ფორმირების პროცესში მყოფი შეთავაზება ბაზარზე უფრო ფართო წვდომასთან ერთად, ევროკავშირის პროგრამებსა და ინსტიტუტებში უფრო ღრმა მონაწილეობასაც გულისხმობს.
„უკრაინის პრიორიტეტად კვლავ ევროკავშირის სრული წევრობა რჩება, თუმცა, ჩვენ ასევე ველით ადრეულ, ხელშესახებ ნაბიჯებს, რომლებიც ინტეგრაციას ახლა აამოქმედებს", - განაცხადა ამასთან დაკავშირებით ევროკავშირში უკრაინის ელჩმა ვსევოლოდ ჩენცოვმა.
წინადადებები მარტის იმ დაძაბული ვახშმის შემდეგ ჩამოყალიბდა, რომლის დროსაც ევროკავშირის დედაქალაქებმა ევროკომისიის ე.წ. „უკუგაფართოების" წინადადებები უარყვეს. ეს უკანასკნელი უკრაინას წევრობის საშუალებას მნიშვნელოვანი რეფორმების დასრულებამდე მისცემდა. ამის ნაცვლად, მათ ხელშესახები შეთავაზების ძიება დაიწყეს, რომელსაც კიევი შიდა აუდიტორიას წარუდგენს მანამ, სანამ სრულუფლებიანი წევრობისთვის საჭირო რეფორმებზე მუშაობს.
„იმ ვახშმის მომენტიდან წევრი ქვეყნებისთვის ცხადი იყო, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში წევრობის ხილვა ძალიან რთული იქნებოდა. თუმცა, მანამდე ჩვენ გვჭირდება პოზიტიური შეთავაზება იმის შესახებ, თუ როგორ შევძლებთ ერთად უკეთ წინსვლას", - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ევროკავშირის ოფიციალური პირები ეძებენ გზებს, რათა უკრაინა ბლოკის ბაზრების, დაფინანსების სქემებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ნაწილში გაწევრიანებამდე ჩართონ. ეს მოდელი ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა „პოლიტიკოსთან" საუბარში აღწერა, როგორც „დაჩქარებული ეტაპობრივი ინტეგრაცია".
„გერმანია და საფრანგეთი ორივე უკრაინის მხარდამჭერია, თუმცა გაწევრიანების დაჩქარებული პროცესის მიმართ ფრთხილად განწყობილი", - წერს „პოლიტიკო".
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანება „რა თქმა უნდა, შეუძლებელია", თუმცა ახალი წინადადება გააჟღერა - რომ კიევს „ევროპულ საბჭოებში მონაწილეობა შესთავაზონ, ოღონდ ხმის უფლების გარეშე", ისევე როგორც მონაწილეობა სხვა ინსტიტუტების შერჩეულ ფორმატებში.
- მარტა კოსი: გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს, რადგან გარე დესტრუქციული ძალები კანდიდატ ქვეყნებს მიზანში იღებენ, თუმცა უკრაინის 2027 წელს გაწევრიანება შეუძლებელია.
კიდევ ერთი ვარიანტი, რომელსაც უკრაინის მოკავშირეები ლობირებენ, არის კიევისთვის ერთგვარი „გამწევრიანებელი სახელმწიფოს" სტატუსის მინიჭება იმის საჩვენებლად, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მყარად დგას. „პოლიტიკოს" ცნობით, ასეთი წინადადებით ლიეტუვა გამოდის.
ეს სტატუსი ისტორიულად იმ ქვეყნებზე ვრცელდებოდა, რომლებსაც გაწევრიანების ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილი ჰქონდათ და მისი რატიფიცირების მოლოდინში იყვნენ. თუმცა, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, უკრაინის შემთხვევა „აჩვენებს, რომ მისმა ევროპულმა გზამ მიაღწია სტაბილურობისა და მიმართულების იმ დონეს, რომელიც მსგავს აღიარებას იმსახურებს".
ამავდროულად, კიევი უფრო კონკრეტულ ეკონომიკურ დახმარებასაც ითხოვს. ელჩმა ჩენცოვმა განაცხადა, რომ უკრაინას სურს „ეტაპობრივი წვდომა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე რეფორმების პროგრესის შესაბამისად, უფრო ღრმა მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებსა და ინსტიტუტებში და სწრაფი წინსვლა ისეთ შეთანხმებებზე, როგორიცაა სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის შეფასებისა და მისაღებობის შესახებ შეთანხმება ".
ევროკომისარი მარტა კოსი აცხდებს, რომ გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს, რადგან „გარე დესტრუქციული ძალები" კანდიდატ ქვეყნებს მიზანში იღებენ. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის 2027 წელს გაწევრიანება „შეუძლებელია".
- უკრაინა მოლაპარაკების ოფიციალური „კლასტერების" გახსნას მომავალ კვირებში ელოდება, მას შემდეგ, რაც პეტერ მაგიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ გასულ კვირას „პოლიტიკოს" განუცხადა, რომ ის მოლაპარაკებების ოფიციალური „კლასტერების" გახსნას „მომავალ კვირებში" ელოდება, მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მემკვიდრე, პეტერ მაგიარი თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს. ორბანის დამარცხებამ არჩევნებში ამ თვის დასაწყისში მოხსნა მთავარი ბარიერი როგორც უკრაინის, ისე მოლდოვის პროგრესისთვის, რომლის წევრობის განაცხადიც კიევისასთანაა წყვილში.
„პოლიტიკოს" წერს, რომ უკრაინა მოლაპარაკებების თავების დახურვას 2027 წლის ბოლოსთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ რეფორმების ამჟამინდელ ტემპს შეინარჩუნებს. ამის შემდეგ, გაწევრიანების ნებისმიერ ხელშეკრულებას დასჭირდება ევროკავშირის ყველა (27-ვე) ქვეყნის ერთსულოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა.
მოკლევადიანი სარგებლის მიღების მცდელობის მიუხედავად, დიპლომატები გამოცემასთან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს პაკეტი ოფიციალური გაწევრიანების პროცესის შემცვლელი ვერ გახდება.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გაწევრიანების ნორმალურ პროცესთან დაბრუნება, რაც გულისხმობს ყველა კლასტერის გახსნას როგორც უკრაინისთვის, ისე მოლდოვისთვის ყოველგვარი შემდგომი შეფერხების გარეშე", - განაცხადა „პოლიტიკოსთან" ევროკავშირის დიპლომატმა ანონიმურობის პირობით.