მარიამ ვეკუა
30.04.2026

რუსეთის ხელისუფლებამ 9 მაისს ფაშიმზე გამარჯვების მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის ფორმატი უკრაინის მხრიდან შესაძლო „ტერორისტული შეტევების" მოტივით შეცვალა. ახლა კი 9 მაისს საერთოდ ცეცხლის დროებით შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. ეს საკითხი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს, რომელიც 29 აპრილს გაიმართა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დარწმუნებით განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გადაჭრის გზა „შედარებით სწრაფად" მოიძებნება.

„ვფიქრობ, მას სურს გამოსავლის ნახვა", - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას: „ამას დაბეჯითებით გეუბნებით. და ეს კარგია."

ეს იყო რიგით მე-12 სატელეფონო საუბარი ორ ლიდერს შორის მას შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით დაბრუნდა.

  • დონალდ ტრამპი: „მე მას ცოტა ხნით ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, ის ასეც მოიქცევა. შესაძლოა, მან ამასთან დაკავშირებით რამე გამოაცხადოს კიდეც".

რუსეთის ჯარები უკრაინის აღმოსავლეთში7 დონბასის რეგიონში არიან გაჭედილი, პარალელურად კი უკრაინული დრონები რუსეთის საკვანძო ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავენ. შექმნილი ვითარების გამო, პუტინმა 9 მაისისთვის დაგეგმილი ტრადიციული აღლუმის მასშტაბები შეამცირა. წელს სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს მძიმე ტექნიკა, რომლებიც მოსკოვის წითელ მოედანზე ყოველწლიურად გადიოდნენ.

რუსული სახელმწიფო მედია „ტასს"-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა ტრამპს 9 მაისის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დროებითი ზავის გამოცხადების გეგმები გაუზიარა.

„მე მას ცოტა ხნით ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, ის ასეც მოიქცევა. შესაძლოა, მან ამასთან დაკავშირებით რამე გამოაცხადოს კიდეც", - განუცხადა მოგვიანებით ტრამპმა რეპორტიორებს.

მისივე თქმით, პუტინმა ირანის საკითხში აქტიური როლის შესრულების სურვილიც გამოთქვა, რაზეც უარი მიიღო.

„მან მითხრა, რომ სურს ჩაერთოს (ურანის) გამდიდრების პროცესში, თუკი შეძლებს ამ საკითხის მოგვარებაში დახმარებას. მე ვუპასუხე, რომ მირჩევნია ის უკრაინასთან ომის დასრულებაში ჩაერთოს. ჩემთვის ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

პუტინის მრჩეველი იური უშაკოვიც ადასტურებს, რომ 9 მაისისთვის დროებითი ზავი განიხილება, თუმცა ზუსტი ვადები და სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მისი ცნობით, პუტინმა „თავის ამერიკელ კოლეგას აცნობა, რომ რუსეთი ფააიზმე გამარჯვების დღეს სურს ცეცხლი შეწყვიტოს, ხოლო ტრამპმა „აქტიურად" დაუჭირა მხარი ამ იდეას.

უშაკოვის თანახმად, პუტინმა განაცხადა, რომ მისი მიზნები უკრაინაში ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიღწეული, თუმცა „ამ შედეგის მოლაპარაკებების გზით მიღწევას ამჯობინებდა".

გარდა ამისა, უშაკოვის ცნობით, საუბრის დიდი ნაწილი, რომელიც საათნახევარს გაგრძელდა, ახლო აღმოსავლეთის ომს დაეთმო.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პოტენციურ ზავზე მსჯელობამდე კიევს ჯერ იმის გარკვევა სჭირდება, კონკრეტულად თუ რა განიხილეს ტრამპმა და პუტინმა. მოსკოვმა და კიევმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიმდინარე თვის დასაწყისშიც მიაღწიეს, რაც მართლმადიდებლურ აღდგომას დაემთხვა, თუმცა მხარეებმა ერთმანეთი ზავის მრავალგზის დარღვევაში დაადანაშაულეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×