ვახტანგ იობაშვილი: „ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ჩვენი მიზეზით მომხმარებელს ზიანი არ მიადგეს"
ირმა ჩიტაია
30.04.2026

ნავთობპროდუქტები მსოფლიო ბაზარზე გაძვირებას აგრძელებს, საქართველოში ჯერ კიდევ გაურკვევლობაა. ამასობაში ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა. მოსალოდნელია, რომ კორექცია მოხდება, თუმცა რა ცვლილება შეიძლება განხორციელდეს სექტორში ვერ აკონკრეტებენ. ჯერ გაიაფება გამორიცხულია, მაგრამ ბიზნესი ცდილობს, რომ როგორმე არსებული ფასი შეინაჩუნოს. ყველაფრის მიზეზი კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებია. 

გუშინ საკანონმდებლო ორგანოში ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესები განიხილეს. თითოეული ნავთობკომპანია ერთხმად აღნიშნავდა, რომ საწვავის გაძვირება მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გარდაუვალი გახდა. 

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას განაცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 54%-ით გაიზარდა, მათ ქსელში ბენზინის ფასმა 15%-ით მოიმატა, თანაც ქვეყანაში საწვავის ფასებზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები მყისიერად არ ასახულა.

,,საქართველოშო საწვავის გაძვირება მყისიერად არ მომხდარა - ჩვენს ქსელში ბენზინის ფასმა 15%-ით მოიმატა, მაშინ როცა საერთაშორისო ფასი 54%-ით გაიზარდა“„საქართველოშო საწვავზე ფასის ზრდა მყისიერად არ მომხდარა - ჩვენს ქსელში ბენზინის ფასმა 15%-ით მოიმატა, მაშინ როცა საერთაშორისო ფასი 54%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება დიზელს, აქ ფასი 33%-ით არის გაზრდილი. მე მხედველობაში მაქვს ომის დაწყებიდან დღემდე არსებული ნიშნული, ანუ ბოლო ორი თვის მონაცემი. ამ პერიოდში დიზელზე ფასი 33%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ზრდა 42%-მდე უნდა ყოფილიყო.

თითოეულ კომპანიას გააჩნდა და დღესაც გააჩნია მარაგი, რომლებიც უკვე ყოველდღიურად მცირდება და პრაქტიკულად, გადავდივართ ახალ იმპორტირებულ პროდუქტზე. ეს არის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ ფასი იზრდება. დღესდღეობით, ჩვენ ვხედავთ პრობლემას, რომელიც უკვე ორ თვეს ითვლის. შეუძლებელია გქონდეს ისეთი მარაგი, რომლებიც ერთი ნიშნულის ორი თვეზე მეტხანს შენარჩუნების საშუალებას მოგცემს.

ევროპის ქვეყნებში ფასების ზრდა მყისიერად მოხდა, ჩვენს ქვეყანაში დღესაც არ არის მიღწეული ის ნიშნული, რომელიც ფასების მატების არსებულ პირობებში უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა ხორავამ.

საკითხთან მიმართებაში თითქმის ერთგვარი დამოკიდებულება აქვთ სხვა ნავთობკომპანიებსაც. ისინი მიიჩნევენ, რომ დღეს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველო ყველაზე უკეთ ახერხებს საწვავზე დაბალი ფასის შენნარჩუნებას.

საქართველოში თუ პრემიუმის მარკის საწვავის ფასი დღეს, 3.55 ლარია, ჩვენს მეზობელ სომხეთში კი - 4 ლარი. ასევე შემიძლია მოვიყვანო ჩეხეთის მაგალითი, სადაც 1 ლიტრი პრემიუმის ფასი 5.42 ლარია, სლოვაკეთში კი - 5.26 ლარია, - განაცხადა კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ წარმომადგენელმა პარლამენტში კომისიის სხდომაზე.

„თუ შევადარებთ საწვავის ფასებს სხვა ქვეყნებს, [ჩვენთან] მნიშვნელოვნად დაბალია. მაგალითისთვის, თუ დღეს 3.55 ლარი არის საქართველოში პრემიუმის მარკის საწვავის ფასი, ჩვენს მეზობელ სომხეთში არის 4 ლარი. აღარ ვახსენებ იმ ევროპულ ქვეყნებს, სადაც ღირებულება 6 ლარს აღემატება. მოგეხსენებათ, საქართველო არ არის საწვავის მომპოვებელი ქვეყანა, შესაბამისად, ვერ იქნება იმაზე უფრო იაფი, ვიდრე არის იმ ქვეყნებში, სადაც საწვავი მოიპოვება“, - განაცხადა „სოკარის“ წარმომადგენელმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელობაში საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საწვავის და აქციზის ფასი ბევრად ნაკლებია, ამას მნიშვნელობა არ აქვს ქართველი მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც საწვავის გაძვირება იქცა ტვირთად, შესაბამისად, საჭიროა მოძიებულ იქნას რესურსი ფასების კიდევ უფრო გაიაფებისთვის.

"ითქვა, რომ ევროპის ქვეყნებში გაცილებით მაღალია საწვავის ფასი, ვიდრე ჩვენთან, მათ შორის აქციზის ფასი იქნება, თუ სხვა გადასახადი, ესეც საკმაოდ შეღავათიანია ჩვენს ქვეყანაში; თუმცა ჩვენ გვიყურებს მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს და რომლისთვისაც ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ (არ აქვს მნიშვნელობა ახლა ევროპულ ქვეყანაზერომ არ არის მეტი), მათთვის ტვირთია და რაღაცნაირად მსურს, რომ მოვიკვლიოთ სად არის რესურსი თუნდაც კიდევ უფრო გაიაფებისთვის”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა პარლამენტში გამართულ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა. მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი დისკუსიები აუცილებელია, რომ გარკვეულ შედეგამდე მივიდეთ, თუმცა საბოლოო ფასზე დიდი გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილური პროსები. ამიტომაც, წინასწარ ძნელია რაიმე სახის კონკრეტულ ციფრებზე და პროცენტებზე საუბარი. 

,,ჩვენ მთლიანად დამოკიდებული ვართ მომწოდებელ ქვეყანაზე. სამწუხაროდ, სხვადასხვა ომი მიმდინარეობს იმ სანავთობო ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე დიდ გავლენას ახდენენ. ეს კი ხელისშემშლელი ფაქტორია გლობალური ეკონომიკისა და ენერგეტიკული სექტორისთვის. 

ასეთ რთულ ვითარებაში კი ისმის კითხვა - ჩვენ რა უნდა მოვიმოქმედოთ? სწორედ ამ მიზნით მოხდა ჩვენი შეხვედრა პარლამენტის ფასების შემსწავლელ კომისიასთანაც. გარემო აბსოლუტურად დემოკრატიული იყო. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ნავთობკომპანია, რომელიც ლიდერია ბაზარზე, ქვეყანაში ძალიან დიდ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა. მთლიანობაში ჩვენ ვართ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სფერო ხალხის დასაქმების თვალსაზრისითაც. 

საბედნიეროდ, ადამიანები, რომლებიც მართავენ ქვეყანას დაინტერესებული არიან მოქალქეების მდგომარეობით, მათი წუხილი, მაღალი ფასებით და ეკონომიკური პრობლემებით. თავის მხრივ, ჩვენი დარგიდანაც ყველამ წარადგინა საკუთარი ხედვა და შესაძლებლობები. იყო გულღია საუბრები, რაც იმედია, შედეგამდე მიგვიყვანს", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ იობაშვილმა.

სამწუხაროდ, ნავთობპროდუქტებთან მიმართებაში, დღეს მსოფლიოში არსებული სურათი მძიმეა. ფასები მუდმივად ცვლადია. ამიტომაც, თუ საწვავი გაძვირდება საყიდლად, გაძვირდება გასაყიდადაც. 

,,დღეს ასეთი ინტერესის და მთავრობა და ხელისუფლება გვთხოვს ვთქვათ რა შეგვიძლია, რომ გავუადვილოთ ცხოვრება საქართველოს მოქალაქეებს. ეს ყველაფერი აწონილია. 

ვცდილობთ ყველაფერს, მაგრამ წინასწარ არ ვიცით საბაზრო ფასი და ვერაფერს ვიტყვით. არსებული მდგომარეობა ისაა, რომ თვითონ ამერიკაშიც კი მკვეთრად გაძვირებულია ნავთობპროდუქტები. ყველგან პროტესტია. ჩვენთანაც ხელისუფლება წუხს ამაზე და პროცესების შესწავლა მიმდინარეობს. ამიტომ მაქვს დიდი იმედი, რომ რაღაც დადებითამდე მივალთ ჩვენც და მომხმარებელიც. მიუხედავად სირთულეებისა, მაინც ველოდებით ფასების დასტაბილურებას. 

ერთი რამ ცხადია, თუ გაგვიძვირდბა საყიდლად, გაძვირდება გასაყიდად, რადგან ნავთობპროდუქტებს ჩვენ ვყიდულობთ და სანამ საქართველომდე შემოვა, გზად უამრავი გადასახადი ემატება. ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ ჩვენი მიზეზით არაფერი გაფუჭდეს და მომხმარებელს ზიანი არ მიადგეს", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ იობაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×