
იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე, ემიგრაციაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ წერს, რომელიც ქვესტურის (საემიგრაციო სამსახურის) ტერიტორიაზე დააფიქსირა. ავტორის ინფორმაციით, ადგილზე შეკრებილი ქართველი ემიგრანტები მძიმე ფაქტის მოწმეები გახდნენ: შვილმკვდარი დედა საბუთების მოწესრიგებას და თითის ანაბეჭდების სასწრაფო წესით ჩაბარებას ცდილობდა, რათა სამშობლოში შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლა მოესწრო.
„დღევანდელი დღე ერთ-ერთ იმ მძიმე დღედ დამრჩება, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
ქვესტურის წინ ვიდექით, ადგილი, სადაც ყოფნა ემიგრანტებისთვის ისედაც დაძაბული და მძიმეა. წვიმდა. ქოლგების სიმჭიდროვის გამო წვიმის წვეთებიც კი ვეღარ აღწევდა მიწამდე. ადამიანები ჩუმად იდგნენ, ზოგი იმედით, ზოგი შიშით, ზოგი უბრალოდ დაღლილი.
შავებში ჩაცმული ქართველი ქალი კედელთან მიყრდნობილი იდგა. გარშემო ჩვენი ხალხი ეხვია და ტიროდნენ. მხოლოდ ქვითინის ხმა ისმოდა.
მითხრეს, შვილი გარდაეცვალა…
მოვიდა, ანაბეჭდები სასწრაფოდ ჩააბარა, რომ საქართველოში დაბრუნდეს… რომ ერთხელ მაინც ნახოს შვილიო…
"ნანახი მაინც მყავდე, შვილო…” - ტიროდა დედა და გმინავდა.
იმ ადგილზე, სადაც ჩვენ ყოველდღიურ პრობლემებს ვებრძვით, იმავე ადგილზე იდგა დედა, რომელსაც ცხოვრების ყველაზე მძიმე დარტყმა უკვე მიღებული ჰქონდა. ჩვენ, სრულიად უცნობები და ნაცნობები ერთიანად გავხდით მისი ტკივილის მოწმეები. არავინ ლაპარაკობდა. მხოლოდ ვტიროდით“, - წერს ხათუნა შარაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე