
სასტიკი დანაშაული მოხდა პოლონეთში - მოკლულია ქართველი მამაკაცი, გიორგი ჭილაშვილი. შემთხვევა ქალაქ გოჟუვ-ველკოპოლსკიში (Gorzów Wielkopolski) მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი 24-25 აპრილის ღამეს მოხდა. სამი ნაცნობი ქალაქის ცენტრში, ე.წ. „კიბეებთან“, დროს ერთად ატარებდა და ალკოჰოლს მოიხმარდა. მათგან ორმა იქვე გამვლელ საქართველოს მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურის განცხადებით, თავდამსხმელები მამაკაცს ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა არეში სასტიკად სცემდნენ.
ნაცემი მამაკაცი ქუჩაში გამვლელმა დაინახა და პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. პოლიციამ ცხელ კვალზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა: 25 წლის გრაციან ფ. 23 წლის მარტინ კ. ორივე მათგანს ბრალი უკვე წარედგინა.
როგორც ambebi.ge-ს მოკლულის ახლობლები უყვებიან, გიორგის მკვლელობაში 8 ადამიანი ფიგურირებდა. მათ აქვთ ინფორმაცია, რომ პოლონეთის პოლიციამ სამი მათგანი დააკავა, ხუთზე კი ძებნაა გამოცხადებული.
„დედაც და დეიდაც ემიგრაციაში ჰყავს, აქ დეიდა ზრდიდა. ძალიან კარგი ახალგაზრდა მოკლეს, თან ასე სასტიკად. 8 ადამიანმა მოკლა გიორგი, 3 დააკავეს, ხუთს ეძებენ. გიორგის დაც ჰყავს, სტუდენტია ევროპაშია გაცვლითი პროგრამით. პოლონეთში პერიოდულად მიდიოდა-ხოლმე, სულ იქ არ იყო. 20-25 წლის ბიჭები არიან მკვლელები, როგორც ვიცით. საშინელება მოხდა, გიორგის დედა ძალიან მეცოდება, ამ ტრაგედიას როგორ გადაიტანს არ ვიცი. სასტიკად სცემეს გიორგი, სასიკვდილოდ გაიმეტეს“, - გვიყვებიან ახლობლები.
პოლონეთის პროკურატურის ცნობით, დაკავებულ ბრალდებულებს არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და სამუშაო. პოლონური კანონმდებლობით, ჯგუფურ ცემაში მონაწილეობისთვის, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, დამნაშავეებს 2-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
წყარო: ambebi.ge