
აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ამერიკული ეკონომიკის მოცულობას პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადააჭარბა. ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს. ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სახელმწიფო ვალი 31 მარტის მდგომარეობით 31,27 ტრილიონი დოლარია, ხოლო აშშ-ის ნომინალური მშპ 31,22 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
როგორც „ფოქს ნიუსი“ იუწყება, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 100%-ზე მეტს შეადგენს და ამერიკის ეკონომიკას აჭარბებს. 1946 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და აშშ დემობილიზაციის პროცესში იმყოფებოდა, სახელმწიფო ვალმა მშპ-თან მიმართებით 106% შეადგინა. ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ მალე ამერიკის დღევანდელი ვალიც ამ მაჩვენებელს გაიმეორებს.
„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში კონგრესის დამოუკიდებელმა საბიუჯეტო ოფისმა ბიუჯეტისა და ეკონომიკის 10-წლიანი პროგნოზი გამოაქვეყნა. პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის აშშ-ის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 108%-ს შეადგენს, ხოლო ათ წელიწადში ის 120%-ს მიაღწევს.