რეზონანსი
01.05.2026

პარლამენტის წევრები ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქუთაისის დელეგატმა ზაზა ლომინაძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვარლამ ლიპარტელიანმა.

პარლამენტის წევრებმა მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს მათი იდეებისა და ხედვების ინტეგრირების აუცილებლობას პოლიტიკის ფორმირების პროცესში. გამოიკვეთა დეცენტრალიზაციისა და რეგიონების გაძლიერების საკითხი. აღინიშნა, რომ განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარებაა.

საუბარი შეეხო ციფრულ ტრანსფორმაციასა და გამოწვევებს. ყურადღება დაეთმო ციფრულ სივრცეში აქტიურობას, შესაძლებლობებსა და რისკებს, მათ შორის კიბერბულინგისა და უსაფრთხოების საკითხებს.

1-3 მაისს, ქუთაისი საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 7 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა, პოლონეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, ყაზახეთი) ახალგაზრდები. ფორუმის ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიხსნა. საერთაშორისო ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.

ფორუმის პირველ დღეს ახალგაზრდებმა პრეზენტაციები წარადგინეს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების შესახებ. დისკუსია გაიმართა თემებზე: ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და მენტალური ჯანმრთელობა ციფრული ინოვაციების ეპოქაში. ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×