
მაისის დასაწყისში სომხეთის დედაქალაქი ერთდროულად სამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს, რაც რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას აფორმებს. ერევანში ევროპელი ლიდერების, მათ შორის ემანუელ მაკრონის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც ელიან.
4 მაისს ერევანში დაგეგმილია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ამ ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლასაც ელოდებიან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ყველა წევრს ელოდება. საქართველოს პრემიერ-მინიტრი სწორედ ამ სამიტზეა მიწვეული.
4-5 მაისს ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტიც ტარდება. ამ სამიტზე ვიხილავთ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასაც.
3-5 მაისს კი ერევანში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც ვიხილავთ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში. 5 მაისს კი გაიმართება მისი პირისპირ შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რის შემდეგაც იქნება ორმხრივი შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი და ემანუელ მაკრონი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
- ედიშერ გვენეტაძე: „საქართველოსთვის ეს არაფრის მომტანი არ იქნება, თუმცა პრემიერი მიიღებს მონაწილეობას. მე არაფერს არ ველი".
ანალიტიკოსი ედეიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ სამიტი საქართველოსთვის არაფრის მომცემი იქნება:
„დღევანდელი ეურობოუკრატია სანამ არსებობს, ვერაფერი ვერ შეიცვლება, რადგან მათ ჰყავთ პატრონი - „დიპ სტეიეტი" და რასაც უბრძანებენ, ის უნდა გააკეთონ. ამიტომ საქართველოსთვის ეს არაფრის მომტანი არ იქნება, თუმცა პრემიერი მიიღებს მონაწილეობას. მე არაფერს არ ველი (სამიტისგან)".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ამ სამიტს „ოცნება" პროპაგანდისთვის გამოიყენებს - იმის საჩვენებლად, რომ იზოლაციიდან გამოდის.
„ოცნებას" ძალიან აწუხებს ის იზოლაცია, რაშიც არის. ეს არ არის სახუმარო და თვითონაც ხვდებიან. ამიტომ ამ ვიზიტს წარმოადგენენ ისე, რომ თავიანთ მომხრეებს მისცენ საკვები, რადგან საზოგადოებაში საკმაოდ აქტიურად განიხილება ეს თემა, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტოლოგებს და ექსპერტებს.
„მისივე მომხრეებისთვის აუცილებელია, რომ „ოცნებამ" შექმნას რაღაც ასეთი იმიჯი, რომ დღეს თუ არა ხვალ ეს იზოლაცია გაირღვევა. ამისთვის იქნება ეს გამოყენებული.
- ვახტანგ ძაბირაძე: „მისივე მომხრეებისთვის აუცილებელია, რომ „ოცნებამ" შექმნას რაღაც ასეთი იმიჯი, რომ დღეს თუ არა ხვალ ეს იზოლაცია გაირღვევა. ამისთვის იქნება ეს გამოყენებული."
„რაღაც მნიშვნელოვან გარღვევებს არ ველოდები. თუმცა, რაღაც გარკვეული ინტერესი რომ გაჩნდა არა მარტო საქართველოს, არამედ შუა დერეფნის მიმართ,ეს ცხადზე უცხადესია. როგორც ჩანს, ამ მხრივ რაღაც ნაბიჯების გადადგმას იწყებს დასავლეთიც. თუმცა, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ეს იყოს პრევენციული სვლა - მოხდეს გადამოწმება, თუ რა ხდება საქართველოში და რას აპირებს ხელისუფლება", - განაცხადა ძაბირაძემ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა შედგეს პრემიერ კობახიძის ორმხრივი შეხვედრები ევროპელ ლიდერებსა თუ ევროკომისრებთან, გვენეტაძე გვპასუხობს, რომ ეს შესაძლებელია.
„ვფიქრობ, შედგება, რადგან ეს მათ ინტერესებში შედის. თუმცა, ეს იქნება მათი მხრიდან „შეხვედრა შეხვედრისთვის", - ამბობს გვენეტაძე.
განსხვავებულად ფიქრობს ვახტანგ ძაბირაძე.
„წინასწარ დაგეგმილი შეხვედრები არ იქნება, დერეფნებში შეიძლება მოხდეს გარკვეული შეხვედრები. უფრო შორს ამ ეტაპზე ვერ წავლენ, არც წავლენ ჩვენი პარტნიორები", - განაცხადა ძაბირაძემ.