
უკრაინა უკვე სერიზულ უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში არ ჩადიან. ამის სავარაუდო მიზეზებსაც ასახეხელებენ და ამბობენ, რომ ვაშინგტონის დღის წესრიგში უკრაინის საკითხი აღარ დგას. ამასთან, თვითონ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და ამერიკელები არ არიან დარწმუნებული, რომ კიევში ჩასვლა რამეს შეცვლის.
მედიაში უკვე ღიად საუბრობენ, რომ მოლაპარაკებები ორ თვეზე მეტია გაყინულია, რადგან ვაშინგტონის ყურადღება ირანთან ომსა და მასთან დაკავშირებულ დიპლომატიურ ძალისხმევაზე გადავიდა.
სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართა, ხოლო შემდეგი შეხვედრა, რომელიც თებერვლის ბოლოს იყო დაგეგმილი, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებამდე ცოტა ხნით ადრე გაუქმდა.
- ტრამპის წარმომადგენლების „დიპლომატიური საქმიანობის დისბალანსი" კიევში გაღიზიანებას იწვევს - ისინი რამდენჯერმე იმყოფებოდნენ მოსკოვში და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინსაც შეხვდნენ, თუმცა კიევში სტუმრობისგან თავს იკავებენ..
„კიევი ინდეპენდენტი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ამერიკელი ლიდერის სიძე, ჯარედ კუშნერი კიევში არ ჩადიან, რადგან ვაშინგტონი დარწმუნებული არ არის, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკების განახლებას ხელშესახები შედეგები ექნება.
„ისინი არაერთხელ დაგვპირდნენ, რომ კიევში ჩამოვიდოდნენ, მაგრამ ეს არასდროს შეუსრულებიათ", - განუცხადა გამოცემას უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
წყარომ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენლების „დიპლომატიური საქმიანობის დისბალანსი" კიევში გაღიზიანებას იწვევს. ისინი რამდენჯერმე იმყოფებოდნენ მოსკოვში და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინსაც შეხვდნენ, თუმცა კიევში სტუმრობისგან თავს იკავებენ.
გარდა ამისა, დასავლური მედია იმასაც წერს, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, ტრამპის ადმინისტრაციისათვის უკრაინა მეორეხარისხოვან თემად იქცა და მთავარი პრიორიტეტი ირანის საკითხია.
როგორც ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა „კიივ ინდეპენდენტს" განუცხადა, აშშ-ის ადმინისტრაციის პრიორიტეტები იმდენად მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომ უკრაინის კრიზისი ვაშინგტონის დღის წესრიგში საერთოდ აღარ არის.
გარდა ამისა, არსებობს ლოგისტიკური პრობლემა: უკრაინამ დახურა თავისი საჰაერო სივრცე, რის გამოც კიევამდე მისასვლელად ერთადერთ გზად რკინიგზა რჩება, რაც „უიტკოფისთვის რთულია".
აპრილის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უიტკოფი და კუშნერი უკრაინაში ვიზიტების ნაკლებობის გამო გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ მოსკოვში ჩასვლა უპატივცემულობაა, როცა იქამდე კიევს არ სტუმრობენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვიზიტი უფრო ამერიკელებს სჭირდებოდათ.
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი აქამდე არასდროს ყოფილან უკრაინაში. ამერიკელი მომლაპარაკებლებისა და მათი უკრაინელი კოლეგების შეხვედრები აშშ-ში ან მესამე ქვეყნებში ტარდებოდა.