მარიამ ვეკუა
03.05.2026

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გერმანიიდან ჯარისკაცების გაყვანის ბრძანება გასცა, რაც პრეზიდენტ ტრამპსა და კანცლერ მერცს შორის ირანის ომზე დაწყებული დაპირისპირების პირდაპირი შედეგია. თეთრი სახლის ლიდერი ამით არ შემოიფარგლება - მოკავშირეების პასიურობით უკმაყოფილო ტრამპი სამხედრო კონტინგენტის გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდანაც გეგმავს, რითაც ევროპაში ამერიკის ათწლეულების განმავლობაში არსებულ უსაფრთხოების არქიტექტურას ეჭვქვეშ აყენებს.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი გეგმავს გერმანიიდან 5 000 ჯარისკაცის გაყვანას. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა დონალდ ტრამპის მიერ ფრიდრიხ მერცის კრიტიკას, მას შემდეგ, რაც კანცლერმა აღნიშნა, რომ ირანელმა მომლაპარაკებლებმა აშშ „დაამცირეს".

გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, აშშ-ს გერმანიაში მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობა ჰყავს, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბაზებზე 36 000-ზე მეტი აქტიური სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გერმანიის პრესის სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა:

„ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნა ევროპაში და, კერძოდ, გერმანიაში, როგორც ჩვენს, ისე თავად აშშ-ის ინტერესებში შედის".

ამასთან, მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ აშშ ევროპიდან და, მათ შორის, გერმანიიდან ჯარებს გაიყვანდა, „პროგნოზირებადი იყო".

ხუთშაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ტრამპმა განაცხადა, რომ მერცი თავის საქმეს „საშინლად" ასრულებს და მას „ყველა სახის პრობლემა" აქვს, მათ შორის იმიგრაციისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

ტრამპმა ასევე მიანიშნა იტალიიდან და ესპანეთიდან ამერიკული ჯარების შესაძლო გაყვანაზეც.

პენტაგონის პრესმდივანმა, შონ პარნელმა განაცხადა, რომ გერმანიიდან ჯარების გაყვანის ბრძანება თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გასცა.

„ეს გადაწყვეტილება ევროპაში დეპარტამენტის სამხედრო ძალების განლაგების საფუძვლიან გადახედვას მოჰყვა და იგი პასუხობს ოპერაციულ მოთხოვნებსა და ადგილზე არსებულ ვითარებას. ჩვენი ვარაუდით, ჯარების გაყვანის პროცესი მომდევნო ექვსი-თორმეტი თვის განმავლობაში დასრულდება", - აღნიშნა პარნელმა.

  • ტრამპი იტალიასა და ესპანეთიდან ჯარების გაყვანაზე: „ალბათ ასეც მოვიქცევი. რატომაც არა? იტალიას ჩვენთვის არანაირი დახმარება არ გაუწევია, ხოლო ესპანეთი უბრალოდ საშინლად მოიქცა".

ტრამპი ბოლო დროს მკაცრად უპირისპირდება ევროპელ მოკავშირეებს ჰორმუზის სრუტის გახსნის ოპერაციებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო.

ხუთშაბათს დასმულ კითხვაზე, განიხილავდა თუ არა ამერიკული ჯარების გაყვანას იტალიიდან და ესპანეთიდან, ტრამპმა უპასუხა:

„ალბათ ასეც მოვიქცევი. მისმინეთ, რატომაც არა? იტალიას ჩვენთვის არანაირი დახმარება არ გაუწევია, ხოლო ესპანეთი უბრალოდ საშინლად მოიქცა", - განაცხადა ტრამპმა და ორივე ქვეყანა ირანთან ომზე მათი რეაქციის გამო გააკრიტიკა: „ყველა შემთხვევაში ისინი ამბობდნენ - „მე ამაში ჩარევა არ მსურს".

გასული კვირის დასაწყისში მერცმა აღნიშნა, რომ „ამერიკელებს აშკარად არ გააჩნიათ სტრატეგია" და ის ვერ ხედავს, თუ მათ „რა სტრატეგიულ გამოსავალს" შეიძლება მიაგნონ.

„ირანელები, როგორც ჩანს, ძალიან დახელოვნებულები არიან მოლაპარაკებებში, უფრო სწორად, ძალიან დახელოვნებულები არიან მოლაპარაკებების თავიდან არიდებაში; ისინი ამერიკელებს ისლამაბადში აგზავნიან, საიდანაც ეს უკანასკნელნი ყოველგვარი შედეგის გარეშე ბრუნდებიან", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, ირანის ხელმძღვანელობა „მთელ ერს ამცირებს".

საპასუხოდ, ტრამპმა სოციალურ ქსელ „თრუს სოუშალზე" დაწერა, რომ მერცის აზრით, „ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა ნორმალურია" და რომ კანცლერმა „არ იცის, რაზე ლაპარაკობს".

ჯამში აშშ-ს 80-მდე ქვეყანაში ასობით სამხედრო ობიექტი და ბაზა აქვს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ფართო სამხედრო ქსელის მქონე სახელმწიფოდ აქცევს.

გერმანიაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი ყველაზე დიდია ევროპაში. შედარებისთვის, იტალიაში დაახლოებით 12 000 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული, ხოლო დიდ ბრიტანეთში - 10 000.

გერმანიაში აშშ-ის სამხედროთა დიდი ნაწილი განთავსებულია რამშტაინის ავიაბაზაზე, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ კაიზერსლაუტერნთან მდებარეობს.

ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის მასშტაბით გერმანიას მხოლოდ იაპონია უსწრებს.

ტრამპს გერმანიაში ამერიკული კონტინგენტის შემცირების ინიციატივა წარსულშიც ჰქონდა. 2020 წელს 12 000 ამერიკელი ჯარისკაცის გერმანიიდან ნატო-ს სხვა წევრ ქვეყნებში გადასროლის ან აშშ-ში დაბრუნების გეგმა კონგრესმა დაბლოკა, მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება საერთოდ გააუქმა.

მაშინ ტრამპი გერმანიას „ვალდებულებების შეუსრულებლობაში" ადანაშაულებდა, რადგან მისი სამხედრო ხარჯები ნატოს მიერ დადგენილ ნიშნულზე - მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ზე ბევრად დაბალი იყო.

თუმცა, მერცის მთავრობის პირობებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. პროგნოზის თანახმად, 2027 წელს გერმანია თავდაცვაზე 105,8 მილიარდ ევროს დახარჯავს და ქვეყნის მთლიანი თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 3,1%-ს მიაღწევს.

გასულ წელს აშშ-მა რუმინეთში სამხედრო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ტრამპის იმ გეგმის ნაწილია, რომელიც აშშ-ის სამხედრო პრიორიტეტების ევროპიდან წყნარი ოკეანის რეგიონში გადატანას გულისხმობს. რუმინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ჰეგსეტმა რუმინულ მხარეს მიანიშნა, რომ მათ საკუთარ თავდაცვაზე მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ.

ამ გადაწყვეტილებას კონგრესში ტრამპის ზოგიერთი რესპუბლიკელის უკმაყოფილებაც მოჰყვა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის მიმართ ფრთხილობენ, ამან შეშფოთება გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×