თამთა ჩაჩანიძე
04.05.2026

4-5 მაისს ერევანში ისტორიაში პირველად ევროკავშირ-სომხეთის სამიტი იმართება, სადაც ევროპელ ლიდერებთან ერთად, საქართველოს დელეგაციაც იღებს მონაწილეობას პრემიერ ირაკლი კობახიძის მეთაურობით. დელეგაციაში ასევე არის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი. სამიტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე კეთდება.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და დელეგაციას სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა პირადად უმასპინძლა. კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის გახსნას დაესწრო, სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.

სამიტის ფარგლებში, კობახიძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო". შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები - მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიგა მონაწილეობდნენ.

ანდრეი სიბიგა წერს, რომ შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები განიხილეს.

„გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში", - წერს სიბიგა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივად მომგებიანი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებს საკითხი.

„შევთანხმდით, რომ შემდგომ კონტაქტს გავაგრძელებთ", - აცხადებს სიბიგა.

ერევნის სამიტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის ძირითადი მიდგომა ისეთია, როგორიც ბლოკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა. კაია კალასმა კი სამიტამდე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა "ნაბიჯებს არასწორი მიმართულებით დგამს, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება". კალასის თქმით, ეს ევროკავშირს "აძლევს შეზღუდვას მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით".

  • ვახტანგ ძაბირაძე: "მთავარი კაია კალასის განცხადება იყო, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ურთიერთობის ნირმალიზებისთვის და იმისთვის, რომ დახმარებები მივიღოთ და ა.შ. საჭიროა, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალოს"

"როცა სამიტები იმართებოდა, ხელისუფლება ყოველთვის იყო მიწვეული, ეს პირველი შემთხვევა არაა. ყველაფერთან ერთად, მთავარი კაია კალასის განცხადება იყო, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ურთიერთობის ნირმალიზებისთვის და იმისთვის, რომ დახმარებები მივიღოთ და ა.შ. საჭიროა, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალოს - ესაა ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიცია.

"რა თქმა უნდა, იქ ვიღაცეებს შეხვდება, ზრდილობიანი ხალხია და თუ კორიდორში ვიღაცას შეხვდა და ხელი გაუწოდა, ხელს ჩამოართმევენ, მაგრამ ეს ფაქტიურად არაფერს არ ნიშნავს. საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძირითადი მიდგომა ისეთია, როგორც კალასმა განაცხადა.

"ეს სამიტი არ მგონია, რომ რაღაც დიალოგის დასაწყისი იყოს, უბრალოდ, თუ ჩვენი პარტნიორების მხრიდან შეხვედრები იქნება, იქ ანალოგიურად დაუსვამენ საკითხს, როგორც ეს კალასმა თქვა. თუ რაიმე კონკრეტულ საგანზე იქნება ლაპარაკი, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ შუა დერეფანზე",- განაცხადა ძაბირაძემ.

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელმა და კიევმა საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა ერევნის სამიტიდან დაიწყეს.

"როგორც მოსალოდნელი იყი, კიევმა და შემდეგ მას ბრიუსელი მიჰყვება, საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა დაიწყეს, რადგან გარდაუვალი მoცემულობაა, რომ სამხრეთ კავკასიაში სანდო და პროგნოზირებად პარტნიორებთან თანამშრომლობა აუცილებელია საქართველოს სახით. შესაბამისად, ეს პროცესი ერევანში დაიწყო.

"საქართველოს დელეგაციას სხვადასხვა ლიდერები ხვდებიან და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბრიუსელისა და კიევისგან თითქოს არაფერი არ მომხდარა საქართველოს დამუნათებაში. სულ უფრო რწმუნდებიან, რომ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობაა საჭირო.

"გასაგებია, რომ კაია კალასი არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობას ჯერჯერობით ფეხს ვერ უწყობს და ლაპარაკობს, რომ თითქოს რაღაც კანონები უნდა გავაუქმოთ, მაგრამ ასე არ იქნება, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია შეუვალია სივერენიტეტისა და მშვიდობიანი განვითარების დაცვაში და "ქართული ოცნება" პრინციპულ პოზიციებს არ გადაუხვევს. ხოლო სახის შენარჩუნებით ურთიერთობის აღდგენა ნამდვილად არის საჭირო დასავლეთის მხრიდან.

"ტრამპის ხელისუფლებამ თბილისთან ურთიერთობის გამოსწორება დაიწყო და ახლა ვხედავთ, რომ თითქოს მოულოდნელად ზელენსკიმ და მისმა გუნდმა ქართულ დელეგაციასთან მოლაპარაკებები დაიწყეს. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ ერევნის შეხევდრა საკმაოდ სასარგებლო იყო.

  • გია აბაშიძე: "როგორც მოსალოდნელი იყი, კიევმა და შემდეგ მას ბრიუსელი მიჰყვება, საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა დაიწყეს... ეს პროცესი ერევანში დაიწყო"

"თუმცა, ასეე ხაზგასასმელია, რომ საქართველო მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას აგრძელებს - მეგობრობს და პარტნიორობს ყველასთან, ვინც ჩვენს საშინაო საქმეებში არ ერევა, მაგრამ ადრე თუ გვიან, მეგობრობა არა, მაგრამ სერიოზული მოლაპარაკება აუცილებელი გახდება რუსეთთან საქართველოს დეოკუპაციის გრძელვადიან გზაზე",- განაცხადა აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×