რეზონანსი
04.05.2026

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9 პროცენტი შეადგინა, რაც მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, ზომიერად მაღალია.

ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს 2025 წლის წლიური ანგარიში წარუდგინა, რომელიც განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა.

დოკუმენტის მიხედვით, მიზნობრივი დონიდან გადახრა, ძირითადად, სურსათის ინფლაციის ზრდით იყო განპირობებული, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა - მათ შორის 2024 წლის დაბალი საბაზო ეფექტი, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ნედლეულზე ფასების ზრდა და ადგილობრივ ბაზარზე გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ერთჯერადი კორექტირება.

“თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ამსახველი ინდიკატორები, როგორებიცაა საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია, წლის განმავლობაში 3 პროცენტთან შედარებით დაბალი შენარჩუნდა. კერძოდ, საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან ყველაზე მერყევ კომპონენტებს (სურსათი, ენერგომატარებლები და თამბაქო) გამორიცხავს, 2025 წლის განმავლობაში მიზნობრივზე დაბალი ნარჩუნდებოდა და საშუალოდ 2.2 პროცენტი შეადგინა. ხოლო მომსახურების სექტორში, სადაც ფასების ცვლილება შედარებით ხისტი ხასიათისაა, ინფლაციამ საშუალოდ 2.7 პროცენტი შეადგინა. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა და ინფლაციური პროცესები ნაკლებად ყოვლისმომცველი იყო“, - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, შიდა ეკონომიკური ტენდენციებიდან და გლობალურად არსებული რისკებიდან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა ფრთხილი მიდგომა აირჩია და 2025 წლის განმავლობაში ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია შეინარჩუნა.

“კერძოდ, 2025 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა და 8.0 პროცენტი შეადგინა, რაც გრძელვადიან ნეიტრალურ განაკვეთს (მიმდინარე შეფასებით 7 პროცენტი) აღემატება. ვინაიდან, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრას დროებითი ფაქტორები განაპირობებდა, როგორიცაა სურსათის ფასების მერყეობა და საბაზო ეფექტები, ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ ფაქტორების ამოწურვის კვალდაკვალ ინფლაცია ეტაპობრივად უნდა შემცირებულიყო. ამავე დროს, როგორც აღინიშნა, ინფლაციური მოლოდინები შენარჩუნებული იყო სტაბილურ დონეზე, რაც მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობაზე მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, გაზრდილი გაურკვევლობის პირობებში ეროვნულმა ბანკმა ფრთხილი მიდგომა აირჩია. გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკები ზრდიდა გლობალურად მაღალინფლაციური გარემოს წარმოშობის რისკებს.

ამასთან, არსებობდა რისკი, რომ ადგილობრივად მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის გახანგრძლივების შემთხვევაში ინფლაციური მოლოდინები გაიზრდებოდა და ე.წ. “მეორე რაუნდის“ ეფექტების რისკები გამწვავდებოდა. სწორედ აღნიშნული რისკების მინიმიზაციისა და მოლოდინების სამართავად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა ოპტიმალურად მიიჩნია მთელი წლის განმავლობაში ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება“, - აცხადებს ეროვნული ბანკი პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×