რეზონანსი
04.05.2026

 პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე "სასკოლო ლიგის" საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის წევრებს ინფორმაცია "სასკოლო ლიგის" პროექტის ხელმძღვანელმა ოთარ აბულაძემ წარუდგინა.

მისი განცხადებით, "სასკოლო ლიგა" 2019 წელს დაფუძნდა, დღეს მასშტაბურ საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით მოსწავლეს აერთიანებს და ხელს უწყობს ჯანსაღი და აქტიური თაობის ჩამოყალიბებას.

მომხსენებლის თქმით, 2025-2026 სასწავლო წლის სეზონში ლიგა საქართველოში 7 რეგიონსა და სპორტის 15 სახეობას მოიცავს. პროექტში 25 ათასზე მეტი მოსწავლეა ჩართული.

მისივე ინფორმაციით, "სასკოლო ლიგა" გაფართოებას, სპორტის ახალი სახეობების დამატებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სასკოლო შეჯიბრებებში მოსწავლეების ჩართულობის ზრდას გეგმავს.

"სტრატეგიული განვითარების გეგმით, ჩვენი მიზანია, 2028 წლის სეზონისთვის პროექტის მონაწილეთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწიოს", - განაცხადა ოთარ აბულაძემ.

მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ "სასკოლო ლიგა" მრავალი ახალგაზრდისთვის პროფესიული სპორტისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

მისი თქმით, "სასკოლო ლიგას" ელექტრონული პორტალი აქვს, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია პროექტის მონაწილეების, სპორტის სახეობების, რეიტინგისა და სხვა მონაცემების შესახებ.

ოთარ აბულაძემ ყურადღება გაამახვილა პროგრამების ინკლუზიურობასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

სხდომაზე ისაუბრეს "სასკოლო ლიგაზე", როგორც ახალგაზრდებში სპორტის განვითარების ხელშემწყობ მექანიზმზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×