"ყველა პირობა არსებობდა როგორც გლობალური ბაზრებიდან, ასევე ლარის სტაბილური კურსიდან გამომდინარე, მაგრამ არავინ იწუხებდა თავს"
ქეთო გოგოხია
04.05.2026

სავაჭრო ქსელები ფასების საგრძნობ შემცირებას იწყებენ. განისაზღვრა ,,საოჯახო კალათა", რომლის ფარგლებშიც ,,რითეილ ასოციაციის“ წევრებმა იმ პროდუქტების იდენტიფიცირება დაიწყეს, რომლებზეც მუდმივ რეჟიმში განსაკუთრებული შეთავაზებები გავრცელდება. გადაწყვეტილება სპეციალისტების მხრიდან უმეტესად დადებითად ფასდება, თუმცა საუბარია იმაზეც, რომ ცვლილება ადრეც შესაძლებელი იყო, სანამ სექტორის წარმომადგენლებს კუთხეში მიიმწყვდევდნენ. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ფასის მდგენელი ყველა პარამეტრი მეტნაკლებად მწყობრში იყო: საწვავიც უფრო იაფი ღირდა და გადაზიდვების ტარიფიც, ლარის კურსის სტაბილურობის კუთხითაც პრობლემა არ შეინიშნებოდა.

მთავრობა იმედიანადაა და ბიზნესის მხრიდან ახლა კონკრეტულ ნაბიჯს ელოდება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია.

"ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება. მგრძნობიარეა ეს საკითხი და ბუნებრივია, ჩვენ არასდროს გვიფიქრია უხეში ჩარევა საბაზრო ურთიერთობებში. თუმცა ვფიქრობთ, რომ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით. გავრცელდა რამდენიმე განცხადება ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან, რაც კარგია დასაწყისისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და, საბოლოო ჯამში მივალთ კონკრეტულ შედეგამდე, ეს არის მთავარი ამოცანა“, - განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნის გამოქვეყნებისთანავე  ქსელური სუპერმარკეტებმა ერთმანეთის მიყოლებით დაანონსეს  ძირითადი პროდუქტების გაიაფება და დადეს პირობა, რომ  რამდენიმე დღეში დახლებზე ფასი შემცირდება. რითეილ ასოციაციის გადაწყვეტილება ძირითადად ეყრდნობა ფრანგული და ბერძნული მოდელის გამოცდილებასა და ეფექტიანობას, რომელიც არ არღვევს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და ეფუძნება კონკურენციას. ინიციატივა და ფასების შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციები მსხვილი სავაჭრო ქსელებისთვის მისაღებია.

ოფიციალური განცხადებები მალევე გაავრცელეს "დეილი ჯგუფმა" და "გუდვილმა". ბაზრის მსხვილი მოთამაშეები ფასების საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას სისტემური გაჯანსაღებით, თავისუფალი ბაზრის პრინციპებითა და კონკურენციის გაძლიერებით ხედავენ. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის "დეილი ჯგუფი" - "შენთვის შერჩეულის", "გუდვილი" კი "სოციალური კალათის" ინიციატივით გამოვიდა.

,,ინიციატივა სრულად შეესაბამება იმ მიდგომას, რომელსაც რითეილ ასოციაცია უსვამს ხაზს - ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული, კოლაბორაციული და პასუხისმგებლიანი მოქმედება. ამასთანავე, იგი ქმნის საფუძველს მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილესთან - მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან - თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, რაც კრიტიკულია საბოლოო შედეგის მისაღწევად.

„შენთვის შერჩეული“ წარმოადგენს ჩვენს კონკრეტულ წვლილს იმ საერთო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ძირითადი პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას და ბაზარზე ჯანსაღი, გრძელვადიანი პრაქტიკის დამკვიდრებას," - აღნიშნულია ,,დეილი ჯგუფის“ გავრცელებულ განცხადებაში.

,,გუდვილმა“ ერთ-ერთმა პირველმა დააფიქსირა თავისი პოზიცია და გაავრცელა განცხადება, რომ მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ  მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან შედეგებს გამოიღებს.

,,ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოკლევადიან პერსპექტივაში „სოციალური კალათის“ გარკვეულ პროდუქტებზე ფასების დაწევის მიზნით მუდმივ რეჟიმში განხორციელდება სოციალურად მნიშვნელოვანი სასაქონლო ჯგუფებიდან გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც ჩვენი კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები. ამ პროცესს ექნება სისტემური და უწყვეტი ხასიათი “, - აღნიშნულია განცხადებაში. 

თავის მხრივ, „ნიკორა სუპერმარკეტმა“ განაცხადა, რომ ფასებს განაახლებს და ყოველდღიურ პროდუქტებს „კიდევ უფრო ხელმისაწვდომს“ გახდის.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი მსხვილი მარკეტების მიერ პირველადი მოხმარების პროდუქტების გაიაფების ინიციატივას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა. 

„არაერთი პრაქტიკა შევისწავლეთ, მათ შორის უნგრული და რუმინული, რომელიც იყო ძალიან აგრესიული ჩარევა, მაგრამ ისეთი ქვეყნების მაგალითებიც შევისწავლეთ, როგორებიც იყო საფრანგეთი და საბერძნეთი, სადაც იყო რბილი ინტერვენცია და ჩვენც ამის რეკომენდაცია გავეცით. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სექტორის მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა აღნიშნული მიმართულებით გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ასეთ მოდელის საფუძველზე იმუშაონ, შექმნან საოჯახო კალათა, სადაც სწრაფი მოხმარების საბაზისო პროდუქტები იქნება და საუკეთესო ფასს შესთავაზებენ მომხმარებელს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

ამდენად, საკანონმდებლო ორგანოს მიერ შექმნილი კომისიის მუშაობა უკვე გახდა პოლიტიკური და ეკონომიკური მწვავე დებატების საგანი. ეკონომისტებს კი ის  ინტერესებთ ამდენ ხანს რატომ არ ხერხდებოდა ფასების შემცირება და რატომ არის შესაძლებელი დღეს, როცა ვითარება გლობალურ ბაზრებზე გაუარესებულია და ყველგან არასტაბილურობაა.

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, რა ნაბიჯის მთავრობამ გადადგა ევროპული პრაქტიკიდან არის აღებული. ბიზნესმა კი გადაწყვეტილება მიიღო ყველაზე კრიზისულ პერიოდში, როცა მაღალი ფასების გამო საფრთხეში აღმოჩნდა ეკონომიკა და ლარის კურსი.

,,ფასების ზრდის ტენდენცია გლობალურ ბაზრებზე მხოლოდ ჰორმუზის სრუტის დაკეტვას არ უკავშირდება. ცოტა ადრე დაიწყო პრობლემა, მეორე წელია ტენდენცია გრძელდება, ფასების ზრდა განსაკუთრებით სასურსათო პროდუქციას შეეხო. დღესდღეობით რა ნაბიჯიც მთავრობამ გადადგა, ევროპული პრაქტიკიდან არის აღებული, განვითარებულმა სამყარომ ეს გზა გაიარა. ეტაპობრივად დაიწევს ფასები, ეს არის ამ ცვლილების მიზანი, რაც გარკვეულწილად მიღწევადია. 

ვფიქრობ, რეგულაციები განისაზღვრა სწორედ მაშინ, როცა რეალურად ამის საჭიროება დადგა. ზოგადად, როცა ევროპაში იყო მსგავსი შემთხვევები და ფასი გაიზარდა, იქაც დაისვა კითხვა, რატომ არ გაკეთდა აქამდე. სანამ პრობლემა შეიქმნებოდა და ინფლაცია მაღალ ნიშნულს მიაღწევდა. ახლა განვითარდა ეს პროცესი და ეკონომიკისთვის პრობლემა აღმოჩნდა, მათ შორის ეროვნული ბანკისთვის, რეალური ცვლილების საჭიროება ახლა უფრო მწვავედ დგას, ვიდრე გასულ პერიოდში. შეიძლება, ზოგს დაგვიანებული ეჩვენება, მაგრამ რეალურად ცვლილებისთვის ახლა მომწიფდა სიტუაცია", - აღნიშნა ცუცქირიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ეკონომისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ფასების კლების შესაძლებლობა იყო აქამდეც, თუმცა ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიის პირობებში ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, როგორც კი მთავრობამ პრინციპულად დასვა საკითხი და ბიზნესისგან ქმედითი ნაბიჯის გადაგმა მოითხოვა, საფასო პოლიტიკის შეცვლა დაიწყეს. ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის თქმით, კონტროლი მომავალშიც გასაძლიერებელია, რომ ფასების კლებას ერთჯერადი ეფექტი არ ჰქონდეს და შეღავათი რეალურად იგრძნოს მომხმარებელმა.

,,ცვლილება აქამდეც შესაძლებელი იყო, მით უმეტეს, ყველა პირობა არსებობდა როგორც გლობალური ბაზრებიდან, ასევე ლარის სტაბილური კურსიდან გამომდინარე. კარგია, რომ მაკორექტირებელი მექანიზმი შემუშავდა, ,,საოჯახო კალათა" დაერქმევა თუ სხვა რამ, მთავარია, გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნდეს დაბალი ფასი. ვფიქრობ, კარგად იმუშავა კომისიამ,  მან დაადასტურა, რომ კომპანიები მაღალ მოგებაზე  მუშაობენ. სამომავლოდ მეტი აქცენტი გაკეთდება, რომ მკაცრი კონტროლი განახორციელონ.  

აუცილებელია ისეთი მოდელი,  სადაც მომხმარებლების ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული. თავის მხრივ, ბიზნესსაც ექნება საშუალება, მოგება დარჩეს. ვინაიდან მაღალი ფასნამატების მიზეზი არის ოლიგოპოლია,  ამ საკითხზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, რაც ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას შექმნის", - განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს" ანალიტიკოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×