წლის ბოლომდე ფასების ზრდის ტემპი მიზნობრივ მაჩვენებლს დიდი ალბათობით 2,5-ჯერ გადააჭარბებს
ქეთო გოგოხია
04.05.2026

ინფლაცია ორწლიან მაქსიმუმზეა და მიზნობრივ მაჩვენებელს უკვე 2-ჯერ აჭარბებს. ყველაზე სავალალო ისაა, რომ ძვირდება ძირითადი პროდუქტების ჯგუფი, რაც მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებას უძნელებს. ბოლო ერთ თვეში ფასები გაზრდილია  საწვავზე, კომუნალურ გადასახადებსა და პირველადი მოხმარების სურსათზე, რომელიც მთავარი მიმართულებებია. ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება და უკვე წლის ბოლოს ინფლაციამ მიზნობრივს 2,5-ჯერ და მეტადაც შეიძლება გადააჭარბოს. 

რაც შეეხება აპრილის მდგომარეობას, საწვავის გაძვირების გამო, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 5.9%-ს მიაღწია, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.7% შეადგინა. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მეტად (10.3%-ით) ფასები ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა, რაც საწვავის ფასის გაძვირებას უკავშირდება. სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი. 6.5%-იანი ზრდაა კომუნალური გადასახადების მიმართულებით, რაც 1-ლი აპრილიდან საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებას უკავშირდება. ეს 2024 წლის შემდეგ ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებელია.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მდგომარეობა მხოლოდ უარესობისკენ შეიძლება შეიცვალოს, რასაც გეოპოლოტიკური მდგომარეობა განაპირობებს. მეტიც, ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილის აზრით, რეალურად ინფლაცია იმაზე მაღალია, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს. ამიტომ ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს შესაბამისი ზომების გატარება მოუწევთ, რომ პროცესი უმართავი არ გახდეს.

,,ინფლაცია განუხრელად მატულობს და სამწუხაროდ, მოლოდინიც ძალიან პესიმისტურია. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს რეალობა, მსოფლიო ტენდენციაა. ჰორმუზის სრუტის დაკეტვა მძიმე კრიზისისკენ მიგვაქანებს, სავარაუდოდ, ფასების ზრდა კიდევ მოსალოდნელია. ისედაც საკმაოდ სწრაფი ტემპი იყო ბოლო პერიოდში. რეალურად ვხედავთ, რომ ფაქტი ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდად არ ადარდებთ და არც იმაზე მიდის საუბარი, როგორ შეიძლება პრობლემა მოგვარდეს. 

ინფლაცია რაღაც მაჩვენებელზე რომ დაიჭიროს ეროვნულმა ბანკმა სერიოზული ზომები უნდა გაატაროს. ჩვენი სასურსათო კალათა ბევრ ისეთ პროდუქტს შეიცავს, რაც ყოველდღიური მოხმარების არ არის. შესაბამისად, ინფლაციის არსებული მაჩვენებელი რეალობას ვერ ასახავს. როცა 3-4%-იანი ინფლაცია გვქონდა, მაშინაც კი ფასების ზრდა ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფში ორნიშნა იყო. ახლაც ანალოგიური ვითარებაა. მთლიანობაში, ძალიან არასაიმედო სიტუაციაა. სოციალური ფონი მწვავეა ქვეყანაში, ამ მხრივ დიდად არაფერი შეცვლილა", - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ინფლაციური რისკი გაზრდილია, რაც ნამდვილად მოიტანს არასასურველ შედეგს, თუკი საპირისპირო ღონისძიებები არ გადაიდგმება. ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ განსაკუთრებით მონეტარულ პოლიტიკას უნდა მიექცეს ყურადღება და ადეკვატური ზომები გატარდეს.

,,ინფლაციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ცუდი სიტუაციაა. მოსალოდნელია, რომ  გარკვეული ტიპის სურსათზე ფასები შემცირდება, საპარლამენტო  კომისიის მოკვლევა დასრულდა და დასკვნაც გაკეთდა, თუმცა ეს საყოველთაო ინფლაციას ვერ შეაჩერებს, პროცესი გაგრძელდება. 

როგორც წესი, ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ეროვნულ ბანკს და ფულის მასას ქვეყანაში. სებ-ის პირდაპირი ვალდებულებაა ინფლაციის მართვა, ამას სჭირდება სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რაც სებ-ს, სამწუხაროდ, არ გააჩნია.  როდესაც საქმე ეხება ინფლაციას აქ მაინც უნდა გამოვიდეთ მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორებიდან გამომდინარე. შესაბამისად, თუ მოთხოვნის ზრდა შენელდება, ცხადია, ეს რაღაც პერიოდში ფასების დონეზეც აისახება. 

ისეთი სიტუაციაა, რომ პროგნოზის გაკეთებაც ჭირს. ინფლაცია წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს. მძიმე ეკონომიკური გარემოა, ქვეყნის მოქალაქეები  გარბიან სამშობლოდან, მათ შორის, სოციალურად დაუცველები და გამოსავალს ემიგრაციაში ეძებენ", - აღნიშნა რამაზ გერლიანმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება ინფლაციას სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფში, "საქსტატის" ცნობით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.2 პროცენტული პუნქტით აისახა. 

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5%, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.58 პროცენტული პუნქტით აისახა. 

ქვეჯგუფში საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი, ფასები მომატებულია 6.5%-ით, რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა საერთო ინდექსზე. ხოლო სხვადასხვა საქონელი და მომსახურება გაძვირდა  9%-ით, რაც მთლიან ინდექსზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×