
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ევროპულ სტრუქტურებს უპირისპირდება. ილჰამ ალიევიმა, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ონლაინ ჩართვის დროს, ღიად განაცხადა, რომ ბაქო ევროპარლამენტთან ყოველგვარ თანამშრომლობას აჩერებს. ალიევმა ევროპარლამენტარები სუბიექტური პოლიტიკური ნიშნით მოქმედებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულების პროცესზე ევროდეპუტატებს ნეგატიური გავლენა აქვთ.
ალიევს ერევნიდან უპასუხა რობერტა მეცოლამ. მისი თქმით, ნებისმიერ კრიტიკას შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი სჭირდება. მეცოლას განმარტებით, ევროპარლამენტი არჩევითი ორგანოა და ყველა გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობის პრინციპით იღებს.
ალიევის კრიტიკულ განცხადებებს ევრონესტისა და ევროპარლამენტის მიმართ შეფასებები მოჰყვა თბილისშიც. მმართველი გუნდისთვის პარტნიორი ქვეყნის ლიდერის პოზიცია ადასტურებს, რომ ევროპის პოლიტიკურ ელიტაში სუბიექტური მიდგომების მხრივ პრობლემები მართლაც არსებობს. უმრავლესობაში დღეს საქართველოს წინააღმდეგ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციებიც გაიხსენეს, რომლებიც, მათი თქმით, არაპარტნიორული ქმედების მაგალითია.
ილჰამ ალიევის მხრიდან ევროპელი ბიუროკრატების კრიტიკა დასაშვებია "ნაციონალური მოძრაობისთვის", თუმცა სააკაშვილის პარტიაში ანალოგიური შინაარსის კრიტიკას მიუღებლად მიიჩნევენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
ოპონენტებს ეროვნული ინტერესების მიზანმიმართულ დაზიანებაში ადანაშაულებს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების აზრით, აზერბაიჯანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების კრიტიკა ევროსტრუქტურების მიმართ მისაღებია. ამასთან, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სამომავლოდ კანდიდატის სტატუსის შესაბამისად უნდა განვითარდეს, რაც, საბოლოოდ, ევროინტეგრაციაში გამოიხატება.
აზერბაიჯანი, ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შეწყვეტის პარალელურად, ოფიციალურად ტოვებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას. ამის შესახებ ოფიციალური ბაქოს გადაწყვეტილება 1-ელ მაისს გახდა ცნობილი.