თამთა ჩაჩანიძე
05.05.2026

უკრაინული დრონები სულ უფრო „უშინაურდებიან“ რუსეთის საჰაერო სივრცეს. სურათზე აღბეჭდილია თავდასხმა მოსკოვის ელიტარულ საცხოვრებელ ცათამბჯენზე. ეს სახლი მოსფილმოვსკაიას ქუჩაზე, კონოსტუდია „მოსფილმის“ გვერდით მდებარეობს.

დრონების საწინააღმდეგო ბადეებით დაფარულ წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმისთვის მზადება თითქმის დასრულებულია - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით ორდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ საკუთარი წინადადება წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს მხარეების მიერ საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას უფრო ადრე - 5-6 მაისს.

სამხედრო ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რომ ან ერთი, ან მეორე მხრიდან შესრულდეს ცალმხრივი ულტიმატუმი.

პუტინმა შესაძლო დროებითი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ჯერ კიდევ გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას გააჟღერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორდღიანი ზავის შესახებ „ტელეგრამზე" დაწერა, სადაც ასევე მოელის, რომ უკრაინაც იგივეს გააკეთებს. უწყების ცნობით, მოსკოვის თავდაცვის ძალები ყველა ზომას მიიღებენ 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამავე დროს სამინისტრო დასძენს, რომ „უკრაინის ნებისმიერი მცდელობა, ჩაშალოს ზეიმი, გამოიწვევს მოსკოვის დაუყოვნებლივ საპასუხო შურისძიებას".

„კიევის რეჟიმის მიერ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღნიშვნის ჩაშლის დანაშაულებრივი გეგმების განხორციელების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები კიევის ცენტრზე საპასუხო, მასიურ სარაკეტო შეტევას განახორციელებენ. რუსეთი, თავისი შესაძლებლობების მიუხედავად, თავს იკავებდა ასეთი ქმედებებისგან ჰუმანიტარული მიზეზების გამო. ჩვენ ვაფრთხილებთ კიევის მშვიდობიან მოსახლეობას და უცხოური დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს, ქალაქის დროულად დატოვების აუცილებლობის შესახებ", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ზელნსკიმ კი, რომელიც სომხეთში ევროკავშირის სამიტში იღებდა მონაწილეობას, „ტელეგრამზე" საპასუხოდ დაწერა, რომ უკრაინა საკუთარი წინადადების ნორმებში იმოქმედებს და ცეცხლს 5-6 მაისს შეწყვეტს.

ამასთან, მისი თქმით, 4 მაისს რუსებმა პოლტავას ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ზელენსკი წერს, რომ რუსებმა ასევე დაარტყეს ხარკოვის ოლქს, სადაც ოთხი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. თავდასხმა განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დნიპროში, სადაც სამი ადამიანი დაშავდა. პავლოგრადში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში, სადაც სამი ადამიანი დაშავდა.

„საერთო ჯამში, რუსეთის მთავარი სამიზნე ღამით ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო. სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაშინ როცა ასეთი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება. რუსეთს შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ცეცხლი და ეს შეაჩერებს ომს და ჩვენს პასუხს. საჭიროა მშვიდობა მის მისაღწევად რეალური ნაბიჯების გადადგმა. უკრაინა ანალოგიურად იმოქმედებს", - აცხადებს ზელენსკი.

რუსი სამხედრო ანალიტიკოსი ბორის როჟინი რუსულ მედიასთან ამბობს, რომ ზელენსკის ინიციატივა „სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური მანევრი, რომელიც მიზნად ისახავს კიევში მშვიდობის ილუზიის შექმნას და რუსეთისთვის ინიციატივის წართმევას ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებაზე".

„თარიღი შემთხვევით არ შეირჩა: კიევი ცდილობს მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევას იმის დემონსტრირებით, რომ უკრაინა სამშვიდობო ინიციატივების მხარდამჭერია. თუმცა, სინამდვილეში, ეს მხოლოდ დროის მოგების მცდელობაა", - აღნიშნა როჟინმა.

  • „რეალური ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება. უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს, მათ შორის დრონებით, და მოემზადებიან ახალი პროვოკაციებისა და ტერორისტული თავდასხმებისთვის"

მოსკოვის ინფორმაციით, რუსეთი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით წელსაც აღლუმს მართავს, თუმცა, წლევანდელ ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკა წარმოდგენილი არ იქნება, „უკრაინის ტერორისტული აქტივობის მზარდი საფრთხის გამო". აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინამ ბოლო პერიოდში შორ მანძილზე მოქმედი დრონებით თავდასხმები გააძლიერა რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე, რომელთა უმეტესობა ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული.

ამ განცხადებასაც ზელენსკიმ ერევნიდან უპასუხა, მისი თქმით, თუ მოსკოვის აღლუმი ტექნიკის ჩვენების გარეშე ჩაივლის, „ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც მათ არ შეუძლიათ სამხედრო ტექნიკის შეძენა და შიშობენ, რომ დრონები შეიძლება წითელ მოედანზეც ახმაურდნენ... ეს მრავლისმთქმელია".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა წერს, რომ მშვიდობა „აღლუმებამდე" და „ზეიმებამდე" ვერ მოიცდის.

„თუ მოსკოვი მზადაა, საომარი მოქმედებების დასასრულებლად, მას ამის გაკეთება უკვე ხვალ ღამითვე შეუძლია. უკრაინა მზად არის: შუაღამეს 5-6 მაისს. ეს სერიოზული წინადადებაა ომის დასასრულებლად და დიპლომატიაზე გადასასვლელად", - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, „6 მაისი აჩვენებს იმას, სერიოზულად არის თუ არა მოსკოვი განწყობილი და რა სურს სინამდვილეში - მშვიდობა თუ სამხედრო აღლუმები".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×