ნატალია ჯვარიძე
05.05.2026

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ამბობს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ევროკავშირთან ურთიერთობებში საქართველო ძალიან ჩამორჩება. იმასაც გამორიცხავს, რომ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ დღევანდელი მოცემულობა არ იძლევა შედეგის მოტანის შანსს. მისი აზრით, მთავრობაში დიპლომატიური ცოდნის მქონეთა მწვავე დეფიციტია. დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე დიდი საკადრო ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

იგორ კვესელავა: ეს ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, რომელიც სამხრეთ კავკასიის ისეთ ქვეყანაში ჩატარდა, რომელმაც დასავლეთისკენ სერიოზული ნაბიჯები გადადგა და ამერიკის მხარდაჭერა დაიმსახურა. მან სამხრეთ კავკასიაში ჩვენ გადაგვასწრო და, აზერბაიჯანთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

  • „სამწუხაროდ, დღეს ჩვენ დიპლომატები არ გვყავს. ისინი, რომლებიც ელემენტარულად იმ წესებს გაითვალისწინებენ, რაც დიპლომატიაშია. ამ გადმოსახედიდან, ოდნავადაც ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ საქართველო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება"

კობახიძისა და ზელენსკის ხელის ჩამორთმევა ჩვეულებრივი ამბავია. ეს დიპლომატიისთვის დამახასიათებელია. ასეც უნდა იყოს, რადგან ზრდილობის ნიშანია. სრულებით არ მიკვირს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას არ უნდა მივანიჭოთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ასეთ შეხვედრებს განსაკუთრები შედეგები არ მოჰყვება, რადგან იქ საუბარი არაფერზე ყოფილა.

„რეზონანსი": „ქართულმა ოცნებამ" ეუთოს 2027 წლის თავმჯდომარეობის გახდომაზე შესაბამისი განაცხადი შეიტანა. რა მოლოდინი გაქვთ ამაზე და თანხმობის შემთხვევაში რას მოუტანს ქვეყანას?

ი.კ: პირდაპირ გეტყვით, რომ არავითარ შემხთხვევაში ევროპა ამას არ დაუშვებს, რადგან კარგა ხანია საქართველომ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობები დაამთავრა. კობახიძის განცხადება ურთიერთობების შეწყვეტაზე არასწორი ნაბიჯი იყო. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ დიპლომატები არ გვყავს. ისინი, რომლებიც ელემენტარულად იმ წესებს გაითვალისწინებენ, რაც დიპლომატიაშია. ამიტომ ვურჩევ, ბევრი იკითხონ. ამ გადმოსახედიდან, ოდნავადაც ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ საქართველო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

  • „უმჯობესია ივანიშვილი დროებით მაინც თვითონ ჩაუდგეს ქვეყანას სათავეში. მგონი, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ვფიქრობ, შემოდგომისთვის სერიოზული საკადრო გადაადგილებები მოხდება. ამაში ეჭვი არ მეპარება"

თუ ევროპას რამეს აკეთებს, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ჩვენთვის ცუდი უნდა. „ქართული ოცნების" გამო ხდება ეს და, სხვათაშორის, ქართველი ხალხის გამო კიდევ უკან იხევს. ჩემი აზრით, უმჯობესია ბიძინა ივანიშვილი დროებით მაინც თვითონ ჩაუდგეს ქვეყანას სათავეში. მგონი, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. რამდენიმე თვე უნდა მოვიცადოთ და ვფიქრობ, შემოდგომისთვის სერიოზული საკადრო გადაადგილებები მოხდება. ამაში ეჭვი არ მეპარება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია კავკასიის, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკასთან უფრო დავაახლოვდეთ. ეს ამერიკას ან სხვებს კი არა, საქართველოს სჭირდება. დღევანდელი ჩვენი მთავრობა არავის უნდა. ან რა გვაქვს ისეთი, რითაც თავს გამოვიჩენთ? ან რა არის ისეთი, რაც მათ სჭირდებათ?

„რ": ოპოზიცია 26 მაისისთვის მასშტაბურ აქციას აანონსებს, იქამდე რეგიონებში გასვლას აპირებენ. რა არის ოპოზიციის გეგმა და რა შედეგს მისცემს?

ი.კ: შეიძლება კაცმა ენები კარგად იცოდეს და დადიოდეს ევროპაში, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ სიღრმისეულად იცნობს პოლიტიკის ნიუანსებს. მთავარია შედეგი, რასაც მე ვერ ვხედავ. ქართველი ხალხი ელოდება, თუ რას გააკეთებს ოპოზიცია. მათ დამაჯერებლობა აკლიათ. საერთოდ ვერც კი წარმომიდგენია, რომ 10 ლიდერი ჰყავდეთ. ყველა პარტიას თავისი ლიდერები ჰყავს და ხალხისთვის კი არა, საკუთარი გუნდისთვის იღვწიან. ამიტომ ამას უნდა გაცდნენ და ხალხის ლიდერობაზე გადავიდნენ. ეს რეგიონების მიხედვით უნდა გაკეთდეს. მაგალითად სამეგრელოში ისეთი კაცი უნდა ჩავიდეს, რომელიც ოვაციებს გამოიწვევს. რაში აინტერესებს რეგიონის ხალხს თბილისში ჩამოსვლა, რუსთაველის მონახულება და დაბრუნება? ადგილზე უნდა გაიმართოს შეხვედრები. ამას შეიძლება საერთო ეროვნული დავუძახოთ. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ თავიანთი პროგრამები უნდა ჩამოაყალიბონ, რაც ხალხისთვის იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×