
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში გარკვეული ცვლილებები სწორედ კიევის მხრიდან აღდგება და საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩს მოუწოდა, სხვის ცხოვრებაში ხელის ფათურისგან თავი შეიკავონ. ოპოზიციაზე საუბრისას კი თქვა, რომ მათ რაიმე წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
„ვფიქრობ, ეს თავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ და იმედს მიჩენს, ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ გამოაქვს და ფსონის დადება იმ ძალებზე, რომლებიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები, კარგ შედეგს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, არამედ ყველა იმ ქვეყანასა და ხელისუფლებაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მიმართ სხვადასხვა სახის უსამართლო პოლიტიკითაა დაკავებული, რომ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ ურთიერთობებში ვართ მართლები. ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოს მიმართ, საბოლოო ჯამში, იმედია, რომ გააცნობიერებს საკუთარ სიმცდარეს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ გადავიაზროთ ყველა ეს ურთიერთობა."
- შალვა პაპუაშვილი: „დღითიდღე თავს იმკვიდრებს როგორც საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე"
პაპუაშვილი საქართველო - ლელოს" ლიდერების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას გამოეხმაურა და ყველა ელჩს მიმართა, რომ აქ იმისთვის არ არიან, „ხელი აფათურონ ხალხის ცხოვრებაში".
„ღმერთმა ხელი მოუმართოთ იმ დიპლომატებს, რომლებსაც იმედი კიდევ დარჩათ, რომ ანტიქართული ძალებისგან შეიძლება რაიმე გამოაცხონ. ყველა გეგმა, რომელიც სხვადასხვა საელჩოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჰქონდა დაგეგმილი, ჩაიშალა მარტივი მიზეზის გამო - ისინი გვერდში უდგებიან მათ, ვინც ერთგულებას არა ქართველებს, არამედ უცხოელებს უცხადებენ. ამას არანაირი შედეგი არ ექნება. რაც შეეხება „ლელოს" - ეს არის რადიკალური პარტია, ანტიკონსტიტუციური ძალა, რომელმაც უარი თქვა დემოკრატიულ მანდატზე. ძალა, რომელიც ცდილობდა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი აეღო და ჯიბეში ჩაედო მამუკა ხაზარაძეს. თაღლითური სარჩელებით საქართველოში და საზღვარგარეთ დამარცხდნენ. როცა ეს ძალა სხვადასხვა უცხოური ჯგუფის მიერ არის მხარდაჭერილი, აჩვენებს იმას, რომ საბოლოოდ, ყველაფერს ფარდა აეხადა. ღირებულებებზე საუბარი აბსოლუტურად ფარსია ზოგიერთი ევროპელის მხრიდან, ვინაიდან ისინი ჩაფლული არიან თაღლითებთან, ანტიქართული განწყობების მქონე ძალებთან თანამშრომლობაში."
- პარლამენტის თავმჯდომარე: „რომ არა ფაშიზმის დამარცხება და ქართველების წვლილი, არანაირი ევროკავშირი, ევროპის დღე და ევროკავშირის ელჩი არ იარსებებდა"
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე კითხვას ასე უპასუხა:
„რაც შეეხება ქართველი ხალხის მიმართ მორიგ მტრულ ანგარიშს, თუ რეზოლუციას, რაც მზადდება, ამაში ახალი არაფერია. კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტი, რომ დღითიდღე თავს იმკვიდრებს როგორც საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე. თავს აჩენს, როგორც მემკვიდრე საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობისა. რაც გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ საბჭოთა მოქალაქეებს ევროპარლამენტის რიგებში, საბჭოთა ნომენკლატურის თუ ელიტის წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპარლამენტში არიან მოკალათებულები. ვგულისხმობ ბალტიის ქვეყნების და აღმოსავლეთ ევროპის ზოგი ქვეყნის წარმომადგენელს. როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი იღებს დღეს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს."
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსის" მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე თქვა, რომ ყველა პარტიამ, ვინც ამ „სკამ და სკამით" არის დაკავებული, უნდა გააცნობიეროს, რომ სანამ იქნებიან უცხო ქვეყნების დღის წესრიგზე აწყობილები, საქართველოში არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
„ხომ დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ „სკამ და სკამი". ნახეთ, რომ მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიის წევრებთან. საბოლოოდ, იყო პროცესი, სადაც ისინი უბრალოდ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. ყველა ელჩმა, ვინც ფიქრობს, რომ ამ ძალებით შეძლებს საქართველოში დემოკრატიის გვერდის ავლით ხელისუფლების შეცვლას, უნდა გააცნობიეროს, ვისთან აქვს საქმე და ყველა პარტიამ უნდა გააცნობიეროს ასევე, რომლებიც ამ „სკამ და სკამით" არიან დაკავებულები, რომ მანამ სანამ ისინი იქნებიან უცხო ქვეყნების დღის წესრიგზე აწყობილები და სხვების მაამებლობით დაკავებულები, მათ საქართველოში არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
„ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, რომ მოღალატეების რაიმე მობილიზაცია ხდებოდეს საქართველოში. ეს არის ხალხი, რომელიც ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესს და მიდის ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. შეუძლებელია, ამ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, რომელმაც ცოტა ხნის წინ ასეთი მობილიზებით გააცილა პატრიარქი, ჩვენ ვნახოთ მობილიზება ქვეყნის მოღალატეების გარშემო."
პაპუაშვილმა ვროპის დღეზე კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „9 მაისს, უპირველესად, ვაპირებთ, აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რაც შეეხება სხვადასხვა საელჩოს ღონისძიებას, ორგანიზატორებს უნდა ჰკითხოთ, რას აპირებენ".
„რომ არა ფაშიზმის დამარცხება და რომ არა 300 ათასი ომში დაღუპული ქართველის წვლილი, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა. ეს არის მთავარი, რაც უნდა გაიაზროს ევროკავშირის თითოეულმა მოქალაქემ თუ დიპლომატმა. შარშან, სამწუხაროდ, ვერ ვიხილეთ ევროკავშირის ვერცერთი წარმომადგენელი 9 მაისის აღნიშვნის ღონისძიებაზე, სადაც ჩვენი ვეტერანები იყვნენ წარმოდგენილი. მათგან ვერცერთი სიტყვა ვერ მოვისმინეთ ფაშიზმის და 9 მაისი მნიშვნელობაზე. რომ არა ფაშიზმის დამარცხება და ქართველების წვლილი, რომელიც მოსახლეობის თანაფარდობით პირველია იმ მსხვერპლით, რომელიც გაიღო ქართველმა ხალხმა, არანაირი ევროკავშირი, ევროპის დღე და ევროკავშირის ელჩი არ იარსებებდა. იქნებოდა ევროპა გეოგრაფიულად, მაგრამ იდეოლოგიურად როგორი იქნებოდა ყველამ კარგად ვიცით - რას ნიშნავდა ფაშიზმი, რას უქადდა თითოეულ ერს ჩვენი ჩათვლით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.