
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით (14 წინააღმდეგი) ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის შეცვლასა და დემოკრატიულ უკუსვლაზეა საუბარი. დოკუმენტი, რომელიც პერსონალურ სანქციებსა და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს, მმართველმა გუნდმა „საბჭოთა ტიპის დეზინფორმაციად" შეაფასა.
საინტერესოა, რომ ეს ანგარიში ევროპარლამენტმა სომხეთში გამართული ევროპული პოლიტიკური სამიტის მე-8 შეხვედრიდან მეორე დღესვე მიიღო, სადაც, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პრემიერი ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდა.
„საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის არცერთ კრიტერიუმს," - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღეს.
ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით მომზადდა.
„ანგარიში ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე საქართველოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის მდგომარეობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
- ევროპარლამენტის ანგარიში: „ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი"
დოკუმენტში წერია, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავს, „რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე".
„ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი", - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში.
ხაზგასმულია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების" ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციების მნიშვნელობა.
ამასთან, ევროპარლამენტი მიესალმება ეუთოს მიერ, 24 წევრი ქვეყნის ინიციატივით, „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებას, რაც საქართველოში, ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაფასებლად, ექსპერტთა მისიის გაგზავნის საშუალებას იძლევა.
„ევროპარლამენტი აღნიშნავს კომისიის წინადადებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც „ქართული ოცნების" რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგი."
„ოცნების" პასუხი
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროპარლამენტარები საბჭოური წარსულისგან ვერ თავისუფლდებიან. „როგორც ჩანს ცალკეულ საუბრებს აზრი არ აქვს," - თქვა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
„ევროპული ბიუროკრატია ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს ძალიან დასცილდა. ამის გამოხატულებაა ტექსტები, რომლის თაობაზეც ახლა გვიწევს კომენტარის გაკეთება. ევროპარლამენტმა თავის დროზე საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია ძალიან დიდი უმრავლესობით დაამტკიცა. საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია ეს არის ევროპული ბიუროკრატიის მასშტაბური პრობლემა და ამ პრობლემას მხოლოდ ქალბატონ რასაზე და მის საბჭოურ წარსულზე ვერ დავიყვანთ. ეს არის საერთო პრობლემა, რომელიც ევროპულ ბიუროკრატიასა და ევროპულ პოლიტიკურ წრეებში სრულიად თვალსაჩინოა", - განაცხადა კობახიძემ.
- ირაკლი კობახიძე: „როგორც ჩანს ცალკეულ საუბრებს აზრი არ აქვს"
კითხვაზე, ამ პრობლემაზე ერევანში ყოფნისას ესაუბრა თუ არა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, უპასუხა, „ასეთ ფონზე ცალკეულ საუბრებს დიდი ეფექტი ვერ ექნება"-ო.
„ევროპელ პოლიტიკოსებს ჩვენ ჩვენს წუხილს ყოველთვის ვუზიარებთ, თუმცა ვხედავთ, რომ ევროპასა და ევროპულ ბიუროკრატიაში საერთო ფონი ძალიან დამძიმებულია. ასეთ ფონზე ისინი პირდაპირ ესხმიან თავს თავისუფალ მედიას, ავრცელებენ საბჭოური სტილის დეზინფორმაციას. ეს არის საერთო ფონი და ამ ფონზე ცალკეულ საუბრებს დიდი ეფექტი ვერ ექნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.
„რაც შეეხება ქართველი ხალხის მიმართ მორიგ მტრულ ანგარიშს, თუ რეზოლუციას, რაც მზადდება, ამაში ახალი არაფერია. კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტი, რომ დღითიდღე თავს იმკვიდრებს როგორც საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე. თავს აჩენს, როგორც მემკვიდრე საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობისა.
„ამ რეზოლუციის ანგარიშის ავტორი არის იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, რაც ნიშანდობლივია. რამდენიმე დღეში გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ადამიანი, იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, ამ რეზოლუციის ავტორია," - თქვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე კითხვას, გრძნობს თუ არა აღნიშნულზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება", პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი დაემუქრება ქართველ ხალხს სხვადასხვა ინსტრუმენტებით".