ნატალია ჯვარიძე
06.05.2026

ირანული მედია აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა „პროექტ თავისუფლების" მიზნებს ვერ მიაღწია და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება მის შეჩერებასთან დაკავშირებით ოპერაციის წარუმატებლობის შედეგია, - ინფორმაციას „სი ენ ენი" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ირანული მედია საშუალება INSA-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპმა ოპერაცია „ირანის მხრიდან მტკიცე პოზიციებისა და გაფრთხილებების შემდეგ" გააუქმა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლების" დროებით შეჩერებისთვის მადლობას უხდის.

„მადლიერი ვარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაბედული ლიდერობისთვის და ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლების" დაპაუზების შესახებ გაკეთებული დროული განცხადებისთვის", - წერს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზ შარიფი „იქსზე".

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პასუხი პაკისტანისა და საუდის არაბეთის თხოვნაზე, რეგიონში მშვიდობის მიღწევას ხელს შეუწყობს.

„პაკისტანი კვლავ ერთგული რჩება ყველა იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც ხელს უწყობს თავშეკავებასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას დიალოგისა და დიპლომატიის გზით", - აცხადებს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი.

თავად ტრამპი ამბობს, რომ „პროექტი თავისუფლება" მცირე ხნით შეჩერდება. „პაკისტანისა და სხვა ქვეყნების თხოვნის საფუძველზე, იმ უდიდესი სამხედრო წარმატების გათვალისწინებით, რომელსაც მივაღწიეთ ირანის წინააღმდეგ კამპანიის დროს და დამატებით, იმ ფაქტის გამო, რომ დიდი პროგრესი იქნა მიღწეული ირანის წარმომადგენლებთან სრული და საბოლოო შეთანხმებისკენ, ჩვენ ერთხმად შევთანხმდით: მიუხედავად იმისა, რომ ბლოკადა სრული ძალითა და მოქმედებით შენარჩუნდება, „პროექტი თავისუფლება" (გეგმების მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში) მცირე ხნით შეჩერდება, რათა ვნახოთ, მოხერხდება თუ არა შეთანხმების საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ხელმოწერა." - დაწერა ტრამპმა და კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას მიაწერა.

ამასთან, „აქსიო" ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ აშშ და ირანი ომის დასრულებისა და დეტალური ბირთვული მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი ჩარჩოს შექმნის შესახებ ერთგვერდიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას უახლოვდებიან.

წყაროების განცხადებით, აშშ ირანისგან მთავარ საკითხებზე პასუხს მომდევნო 48 საათის განმავლობაში ელის და ჯერ მხარეები არაფერზე შეთანხმებულან. გამოცემასთან საუბარში წყაროებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმება ირანის მხრიდან ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის დაწესებას და აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნასა და გაყინული ირანული თანხების გამოთავისუფლებაზე თანხმობას ითვალისწინებს.

ასევე, დოკუმენტი ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოიცავს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ თეთრ სახლში ბევრი მაღალჩინოსანი სკეპტიკურად არის განწყობილი, რომ შეთანხმების მიღწევა მოხდება. 14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანელ ოფიციალურ პირებთან როგორც პირდაპირ, ისე შუამავლების მეშვეობით აწარმოებენ.

მემორანდუმის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში ომი დასრულებულად გამოცხადდება და 30-დღიანი მოლაპარაკებების პერიოდი დაიწყება ჰორმუზის სრუტის გახსნის, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვისა და აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნის შესახებ დეტალური შეთანხმების მიღწევის მიზნით. შესაძლოა, მოლაპარაკებები ისლამაბადში ან ჟენევაში შედგეს.

ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები და აშშ-ის საზღვაო ბლოკადა 30-დღიანი პერიოდის განმავლობაში თანდათანობით მოიხსნება. ასევე, ირანის მხრიდან ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმის დაწესების შესახებ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, მორატორიუმის ხანგრძლივობა 12 ან 15 წელი იყოს.

ირანმა აშშ-ს 5-წლიანი მორატორიუმი შესთავაზა, ხოლო აშშ-მა ურანის გამდიდრებაზე მორატორიუმი 20 წლის ვადით მოითხოვა. აშშ-ს სურს შეთანხმებაში დებულება დაამატოს, რომლის მიხედვითაც ირანის მიერ ნებისმიერი დარღვევა მორატორიუმს გაახანგრძლივებს.

ამასთან, ირანი მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ ურანის 3.67%-მდე გამდიდრებას შეძლებს. ურთიერთგაგების მემორანდუმით ირანი ვალდებულებას აიღებს, რომ ბირთვული იარაღის მოპოვებას არასდროს ეცდება და ასევე, გაერო-ს ინსპექტორებს ბირთვული ობიექტების შემოწმების უფლებას მისცემს.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ტრამპი იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკირება დროებით მოხსნილია. ეს გეოეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებით აიხსნება. ეს კიდევ ადასტურებს ჩემს პროგნოზს, რომ სექტემბრამდე ეს სიტუაცია იქნება. მხარეებს ჯერ კიდევ არ მოუშუშებიათ ის დანაკარგი, რომელიც თებერვალ-მარტში მიიღეს.

აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ამერიკა ცდილობს ძალების მობილიზაცია მოახდინოს და ის პოტენციალი აღიდგინოს, რაც 28 თებერვლამდე ჰქონდა. გარდა ამისა, ამერიკას სხვა გამოწვევებიც აქვს. ფაქტობრივად, გარდამავალმა არჩევნებმა სტარტი აიღო და სექტემბერ-ოქტომბერში დაინიშნება.

ბუნებრივია, ტრამპს არ აწყობს, რომ ამ პერიოდში ახალი სამხედრო კამპანია დაიწყოს, რადგან გამორიცხული არ არის კონგრესი დაკარგოს. თუ კონგრესში უმრავლესობას დაკარგავს, მისი უფლებამოსილებები და რეიტინგი შეიზღუდება. ამიტომ ამ შიდა პოლიტიკური ფაქტორის გამო, ტრამპი რისკზე არ მიდის",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×