
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომას თავად ბრალდებული ესწრებოდა. პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
„მოგახსენებთ, რომ ეს იყო შუამდგომლობები, როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ დამატებითი მასალები წარუდგინა სასამართლოს. ასევე, მოითხოვა გარკვეულ პირთა, ამ შემთხვევაში, მოწმეთა გამოსაკითხ სიაში შეყვანა. მე პროკურატურის განმარტებას ვერ დავეყრდნობი და არც დავადასტურებ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი გარკვეული მასალა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით არ უკავშირდება არანაირ დამალულ ქონებას“, - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილი.
განცხადება გააკეთა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ერთი ეპიზოდი ეხება ე.წ. ქოლცენტრების მფარველობის საკითხს. ბრალდების მხარის მიერ დადგენილია კონკრეტულად ის შპს-ები, რომელთა ბაზაზეც სხვადასხვა ქოლცენტრი ფუნქციონირებდა.
„გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად აქვს წარდგენილი თაღლითობა, ჩადენილი 4 ეპიზოდად. ერთი ეპიზოდი ეხება ე.წ. ქოლცენტრების მფარველობის საკითხს. ბრალდების მხარის მიერ დადგენილია კონკრეტულად ის შპს-ები, რომელთა ბაზაზეც სხვადასხვა ქოლცენტრი ფუნქციონირებდა. შესაბამისად, აღნიშნული ქოლცენტრების მფარველობისთვის გრიგოლ ლილუაშვილს წარდგენილი აქვს ბრალი. ასევე დადგენილია, რომ გრიგოლ ლილუაშვილი, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, გარკვეული მოქმედებების შესრულებისათვის იღებდა ქრთამს. ასევე იცით, რომ ბრალი აქვს წარდგენილი მას, რომ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, ორ ეპიზოდად, ტენდერებთან დაკავშირებით აღებულია მის მიერ ქრთამი. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის ვალდებულებას წარმოადგენს, რომ ოთხივე ეპიზოდთან მიმართებით დადასტურდეს მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტი და ბრალდების მხარე ამისთვის ყველა მტკიცებულებას, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, დადგენილ ვადებში გამოიკვლევს“, - აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.
სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.