რეზონანსი
06.05.2026

ყველაზე უფრო დიდი მტერი თუ ვინმე ჰყოლია საქართველოს, ესენი იყვნენ მავნებელი ქართველები და ძალიან სამწუხაროა, როდესაც შეგნებულად თუ შეუგნებლად ისინი ემსახურებიან სხვას ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ლაშხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ჟურნალისტ გიორგი უძილაურის დაკავებას.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში სახელმწიფოს დაცვის მიმართულებით არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა და გაძლიერდა უსაფრთხოების სამსახურები იმისათვის, რომ ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, გამოაშკარავდეს.

„ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გაკეთდა, სახელმწიფო ეროვნული ინტერესის დაცვაა, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის გაძლიერდა უსაფრთხოების სამსახურები იმისათვის, რომ ყველა მსგავსი ქმედება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, იყოს გამოაშკარავებული და პასუხისგებაში იყოს მიცემული. ყველაზე უფრო დიდი მტერი თუ ვინმე ჰყოლია საქართველოს, ეს იყვნენ მავნებელი ქართველები და ძალიან სამწუხაროა, როდესაც, ალბათ, შეგნებულად თუ შეუგნებლად ისინი ემსახურებიან სხვას, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი პრევენციული ხასიათიც ექნება ამ ტიპის დაკავებას და კიდევ უფრო ძლიერად მოახერხებს სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას“, - განაცხადა ლაშხმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი უძილაურს ბრალდება დღეს წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გიორგი უძილაური საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას.

უწყების ცნობითვე, უძილაურს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×