რეზონანსი
06.05.2026

5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ, ოჯახში გავიზარდე ტრადიციებით. არც ანგარებით მომიკლავს ლევან ჯანგველაძე და არც სხვა მიზეზით. ამ ტრადიციებით გავზარდე ჩემი ძმაც, რომელიც ფულის გამო კაცს არ მოკლავს, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ საკუთარ საბოლოო სიტყვაში სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მიქაძე სასამართლოში საბოლოო სიტყვას საათზე მეტი ხნის განმავლობაში ამბობდა.

როგორც ბრალდებულმა განმარტა, ლევან ჯანგველაძის ოჯახს უკვე შექმნილი აქვს აზრი. მიქაძის თქმით, ის მათ ადგილას ბრალდებულის ადვოკატების სიტყვასაც მოისმენდა იმისთვის, რომ სიმართლე გაეგო.

მან სასამართლოს სხდომათა დარბაზში ჯანგველაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, ასევე აღნიშნა, რომ ის პანაშვიდზეც იყო მისული და იქ ერთი ადამიანის ეჭვიანი მზერაც არ უგრძვნია.

ბრალდებულის თქმით, მათ ედავებიან ორგანიზებას და ანგარებას, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ ამ მკვლელობასთან და ლევან ჯანგველაძესთან არანაირი შეხება არ აქვს.

„ნანახი მყავს, ნაცნობობის დონეზე სუფრაზე, სადაც ბევრი ხალხი იმყოფებოდა",- განაცხადა მიქაძემ.

მისივე თქმით, ჯანგველაძესთან სუფრაზე „ჭიქის მიჭახუნების გარდა“, შეხება არ ჰქონია.

რაც შეეხება, მოტივს, მიქაძის თქმით, ეს საქმეში ხელოვნურად გაჩნდა, „მაგრამ უკუღმა“.

„უსოიანების შთამომავლობიდან არცერთთან არასოდეს გადაკვეთა არ მქონია. 5 მილიონი კი არა 5 მილიარდი რომ მომცეს ვინმემ, კაცს არ მოვკლავ, ოჯახში გავიზარდე ტრადიციებით. არც ანგარებით მომიკლავს ლევან ჯანგველაძე და არც სხვა მიზეზით.

ამ ტრადიციებით გავზარდე ჩემი ძმაც, რომელიც ფულის გამო კაცს არ მოკლავს",- განაცხადა მიქაძემ.

მისივე განმარტებით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ ციხეში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გამო არ ზის და „ვიღაცის ნების გამოა იქ“.

ბრალდებულის თქმით, მას აქვს სიმართლე და მზად არის ყველაფრისთვის.

მიქაძის თქმით, გაუთავებელი ცილისწამება მიდის, რაც შემთხვევით არ ხდება. ბრალდებულის თქმითვე, ეს თემა ვერაფერმა გადაფარა, ვერც საქართველოში და ვერც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, რაც არ არის ბუნებრივი პროცესი.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. აგერ ვარ და თავად გადაწყვიტეთ, ვარ თუ არა დამნაშავე“, - განაცხადა მიქაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×