ხვალ-ზეგ შესაძლოა, კონფლიქტი არ დასრულდეს, მაგრამ გზის დასაწყისი უკვე ნაპოვნია
თამარ ვეფხვაძე
06.05.2026

საერთაშორისო ბირჟებზე, ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. 1 ბარელი „ბრენტი“ 100 დოლარი ჩამოსცდა, ხოლო ამერიკული ნავთობი - 90 დოლარამდე გაიაფდა. სპეციალისტების შეფასებით, ფასების ვარდნა „აქსიოსის“ ინფორმაციას მოჰყვა, რომლითაც ვაშინგტონი და თეირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებაზე მუშაობას ასრულებენ. მართალია, აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებები კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით, დამაიმედებელია, მაგრამ ქართველი ანალიტიკოსების აზრი მაინც ორად გაიყო: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები ომის დაწყებიდან დღემდე ბევრი გვინახავს, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ირანის კონფლიქტი უკვე ფინალურ ფაზას მიუახლოვდა. 

საერთაშორისო გამოცემა „აქსიოსი“ წერს, რომ თეთრი სახლი, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს კონფლიქტის დასრულებასა და ბირთვულ მოლაპარაკებებზე ფართო ჩარჩოს შექმნას. შეთანხმების მიხედვით, თეირანი ბირთვული გამდიდრების პროცესის შეჩერების ვალდებულებას აიღებს. სანაცვლოდ, აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს და გაყინულ მილიარდობით დოლარს გაათავისუფლებს. ამასთან, მხარეები ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტზე დაწესებულ შეზღუდვებსაც შეამსუბუქებენ.

მოლაპარაკებების დაწყების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული ნაოსნობის აღდგენის მიზნით დაწყებული ოპერაცია შეაჩერა. მისი განცხადებით, ინიციატივა - „პროექტი თავისუფლება“  - მანამ შეჩერდება, ვიდრე შეთანხმების საბოლოო ვერსია არ მომზადდება. 

მიუხედავად ამისა, სრუტის ბლოკადა კვლავ ძალაში რჩება, არადა ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგომომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძია. მსოფლიო ბაზრისთვის საჭირო ენერგორესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ ამ გზით ტრანსპორტირდება.

პარალელურად, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, აშშ სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თავდასხმითი ოპერაცია შეწყდა. როგორც ირკვევა, ვაშინგტონი ახლა თავდაცვით პოზიციაზე გადადის. მსგავსი განცხადება თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმაც გაავრცელა და თქვა, რომ ამ მომენტისთვის ამერიკის პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვაა. ამჟამად, შტატების ახალი თავდაცვითი სტრატეგია სავაჭრო გემების მოძრაობის აღდგენას ისახავს მიზნად. მარკო რუბიომ წარადგინა ინიციატივა, რომელიც საზღვაო მიმოსვლის დაცვას გულისხმობს. სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ მისი გეგმა ჰორმუზის სრუტეს რეალურად გაათავისუფლებს ირანული საფრთხისაგან. 

ის ფაქტი, რომ „ბრენტის“ მარკის ნავთობი - 11%-ით, ხოლო ამერიკული ნავთობი - 12%-ით გაიაფდა, ნამდვილად უკავშირდება ტრამპის, რუბიოს, ჰეგსეტის დამაიმედებელ განცხადებებს და ამაში უჩვეულო არაფერია. თუმცა, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა ხაზი გაუსვა, რომ ხვალ ან ზეგ ირანისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულებას არ ელის. ომის დაწყებიდან დღემდე ამ ტიპის არაერთი დამაიმედებელი განცხადება მოვისმინეთ.

„ეს კონფლიქტი რომ მილევად რეჟიმშია და ძალიან მალე დაარეგულირებენ, ამ ტიპის არაერთი განცხადება მოვისმინეთ ორივე მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ იგი გაიწელა და ჯერჯერობით, ბოლო არ უჩანს. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ ბოლო განცხადებებით კონფლიქტი დასრულდება, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერსპექტივაში არ ველოდები, რომ ასე მალე დასრულდება. 

რაც შეეხება ნავთობის ბირჟებს და ზოგადად, ნავთობის ფასს, ასეთ სენსიტიურ პერიოდში, ბირჟები ძალიან მგრძნობიარეები არიან ხოლმე. ნავთობის ფასის ამჟამინდელი ვარდნა ნამდვილად უკავშირდება ამ განცხადებებს და ამაში უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერია“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა ბაირახტარმა.  

სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ირანისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უკვე ფინალურ ფაზაშია. 

„ზოგადად რომ შევხედოთ ყველა კონფლიქტს, ვგულისხმობ ბოლო წლების კონფლიქტებს, ყველას თავისი პიკები ჰქონდა. არ არსებობს კონფლიქტი სულ აღმავალი ან სულ დაღმავალი. მართალია, რუსეთ-უკრაინის ომი უკვე ოთხი წელია გრძელდება, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით, როგორიც დასაწყისში იყო. აშკარად ჩანს, რომ ერთიანი ინტენსივობით წარმოუდგენელია, საომარი კონფლიქტები გაგრძელდეს. ბოლოს და ბოლოს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ლოგისტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე, იარაღის მიწოდებაზე, ცოცხალ ძალაზე. თავის მხრივ, რაც უფრო იწელება კონფლიქტი, იფიტება ორივე მხარე, რომელიც ჩართულია კონფლიქტში. 

ირანის შემთხვევაშიც ასევეა - ინტენსივობის ფაზა უკვე გავლილია, საკმაოდ მაღალი იყო დასაწყისში, ანუ თებერვალსა და მარტში. გავიხსენოთ, როგორი იყო ნავთობის ფასი მაშინ - 1 ბარელის ფასი 120 აშშ დოლარს ასცდა და ტენდენცია კიდევ უფრო მზარდი იყო. ეს ნიშნავს, რომ სანავთობო ბაზრისა და ბირჟების რეაგირება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოლოდინია. თუ არის დიდი გაურკვევლობა, რომ შეიძლება, კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდეს, ეს წარმოქმნის კიდევ უფრო მეტ შიშსა და დეფიციტს. 

ნავთობის ფასი, როგორც ასეთი, დამოკიდებულია განწყობაზე, ანუ მოლოდინზე. რატომ გახდა 120 დოლარი თავიდან? იმიტომ, რომ შესაძლოა, დღიური წარმოება კიდევ უფრო დაცემულიყო, რადგან ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა. გარდა ამისა, ირანმა ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მწარმოებელი ძალიან ბევრი ტერმინალი დაბომბა სხვადასხვა ქვეყანაში. 

ახლა კი მოლოდინი იმისა, რომ შეიძლება, მოლაპარაკება შედგეს, დიდია. ტრამპის განცხადებაც ამას მოწმობს. აქედან გამომდინარე, ეს მოლოდინი აისახა ბაზარზე, სადაც უკვე ელოდებიან, რომ კონფლიქტი ჩაწყნარდება. დარეგულირება ნიშნავს, რომ მიწოდება გაიზრდება და შესაბამისად, ფასიც დაეცემა. აი, ამას უკავშირდება ნავთობის ამჟამინდელი გაიაფება, რაც მოსალოდნელიც იყო. ჩემი შეფასებით, ეს კონფლიქტი უკვე მისულია ფინალურ ფაზამდე“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×