მარიამ ვეკუა
06.05.2026

ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა - მისი თქმით, ქართულ მხარეს ევროპარლამენტთან „სულ უფრო ნაკლები სასაუბრო რჩება", რადგან მხარეები „ღირებულებით ორ განსხვავებულ პოლუსზე" დგანან.

შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან მიმდინარე კვირის მთავარ ამბებს გამოეხმაურა. განსაკუთრებული აქცენტი კი ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე გააკეთა. როგორც ჩანს, მმართველ გუნდს ევროპარლამენტის ინსტიტუცია უნდა შეიცვალოს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხალხთან სასაუბრო სულ უფრო ნაკლები და ნაკლები გვრჩება. ჩვენ ვართ ღირებულებით ორ განსხვავებულ პოლუსზე. ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყველაფრით - ესთეტიკით, რასა იუკნევიჩიანეს რუსული აქცენტით, აბსოლუტურად ყველაფრით სრული რეინკარნაცია არის უკვე სახალხო დეპუტატთა ყრილობის, ხოლო ჩვენ ვფიქრობთ ევროპულად, ჩვენ ვფიქრობთ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ასე რომ, ჩვენს შორის არის ღირებულებითი უფსკრული. ის რაღაც ღირებულებითი აჯაფსანდალი, რომელიც დღეს ევროპარლამენტში ხდება, ამასთან ჩვენ საერთო არაფერი არ გვაქვს და ვერც გვექნება.

ევროკავშირის ეს ინსტიტუცია უნდა შეიცვალოს თვისებრივად იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს შეეძლოს მასთან რაიმე სახის ურთიერთობა. საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან ქართველ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა?"

შალვა პაპუაშვილმა აქცენტი ბრიუსელთან ურთიერთობაზეც გააკეთა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ბრიუსელის ბიუროკრატიის მთელი პრობლემა" არის ის, რომ არავისგან არჩეული ხალხია, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებითაც კი არ მოქმედებენ.

"ისინი არამხოლოდ ჩვენ გვაზიანებდნენ და ეკონომიკური ნგრევისკენ გვიბიძგებდნენ, ევროკავშირსაც აზიანებდნენ. ჩვენ რომ მათ ავყოლოდით და რუსეთთან ეკონომიკურ ომში შევსულიყავით, საქართველოს ეკონომიკურ ნგრევასთან ერთად, მოწყვეტდნენ საკუთარ წვდომას ეკონომიკურ, ენერგეტიკულ რესურსებსა და ტრანსპორტირების გზებზე.

ასეთ ხალხთან გვაქვს საუბარი, როდესაც ევროპულ ბიუროკრატიაზე ვსაუბრობთ, რომელიც საკუთარი ცხვირის იქეთ არ იყურებიან. ერთადერთს რასაც ხედავენ, არის მათი სამუშაო ოთახი და მაგიდა, რასად რაღაც ფურცელს დაუდებენ და იმ ფურცლის მიხედვით მოქმედებენ.

(...ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ საქართველო გადაარჩინა ეკონომიკურ ნგრევას იმით, რომ ბრიუსელის მოწოდებებს არ ავყევით, არამედ ევროკავშირიც გადავარჩინეთ, რომელსაც უარესი ეკონომიკური ნგრევა ექნებოდა თუ რეგიონი აირეოდა", -

უძილაურის დაკავებაზე

პაპუაშვილის განაცხადა, რომ თვალსაჩინოა თუ როგორ მუშაობენ ადამიანები ღიად თუ ფარულად სხვა ქვეყნებისთვის

„თავისთავად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვხედავთ თანამედროვე სამყაროში, როგორ გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, დაიმორჩილონ საზოგადოებები.

ადრე თუ იყო სამხედრო ძალა უფრო პრიორიტეტული, დღეს ეს არის რბილი ძალა, ინფორმაციული ომი, რომლითაც ცდილობენ, დაიმორჩილონ საზოგადოებები და ხალხები, ამიტომ მნიშვნელოვანია, ზოგადად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება.

ჩვენ ვხედავთ, სამწუხაროდ, თუ როგორ არიან ჩვენ შორის ადამიანები, რომლებიც ღიად თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ სახელმწიფო იყოს ძლიერად და მობილიზებული"

აქვე შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს გიორგი უძილაურს ბრალდება დღეს წარუდგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×