
უკრაინასთან მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. ორიოდე დღის წინ ერევანში გამართული საუბრის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა, რის შემდეგაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის წინ წაწევაზე ისაუბრეს. მაკა ბოჭორიშვილმა უახლოეს მომავალში შეხვედრაც დაანონსა. ქართული მხარის ცნობით, ინიციატივა კიევიდან წამოვიდა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანდრეი სიბიგას თქმით, სატელეფონო საუბრისას დაადასტურეს მზადყოფნა, რომ წინ წაწიონ ორმხრივი თანამშრომლობა და შეინარჩუნონ აქტიური კონტაქტი.
„მოხარული ვიყავი, რომ ერევანში ცოტა ხნის წინ გამართული კონტაქტების შემდეგ დიალოგი გავაგრძელე ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან. ჩვენი დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი აღვნიშნეთ და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით.
- ანდრეი სიბიგა: „ჩვენი დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი აღვნიშნეთ და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით."
„განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ინტერაქცია. ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი", - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა მაკა ბოჭორიშვილმაც და დაანონსა, რომ შეხვედრებიც იქნება.
„ნამდვილად, რაღაც გააქტიურდა უკრაინული მხარე საქართველოსთან კომუნიკაციაში. დღესაც შედგა ჩენი სატელეფონო საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას, საუბარს. მართლაც არის საკითხები, რომლებიც დაგროვილია დღის წესრიგში.
- მაკა მოჭორიშვილი: „მნიშვნელოვანია ერთი - ინიციატივა მოდის უკრაინული მხარისგან, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ საკითხებზე, რაც უკვე შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი."
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას, მოდით ასე ვთქვათ, სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არცთუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია, რომ გვერდით გადავდოთ. მნიშვნელოვანია ერთი - ინიციატივა მოდის უკრაინული მხარისგან, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ საკითხებზე, რაც უკვე შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი.
„მეორეს მხრივ, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები, რაც დაგროვდა ურთიერთობებში, უკრაინული მხარისგან იყოს სწორად გაგებული ისე, როგორც გავიგეთ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ და გავაგრძელოთ ურთიერთობა.
„შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას, რაც შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოებში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ეს ნამდვილად პოზიტიური საკითხია, ოღონდ თუ რეალურია და არ ექნება მხოლოდ რიტუალური ხასიათი.
„პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ კონტაქტის პირველი ნაბიჯები თავისთავად პოზიტიური თემაა. უბრალოდ გადატვირთვა ან გაჯანსაღება რომ ვუწოდოთ, პროცესი უნდა არსებობდეს. ხელისუფლებამ უკრაინასთან მიმართებაში რიტორიკა უნდა შეცვალოს. ალბათ, საქართველოს მთავრობას თავისი ინტერესები ექნება, რაც ასევე უკრაინის ხელისუფლებამ უნდა სცნოს. ამიტომ საწყისი ეტაპისთვის ნამდვილად სწორია, რადგან ურთიერთობის ის ფორმა, რაც ამ ხნის განმავლოაში იყო, არაფერში ჯდებოდა.
„ოღონდ თუ ეს რიტუალური არ არის. დიპლომატიაში ეს ხშირად ხდება, რაც არაფრის მომტანია და უბრალოდ ფორმალურ დეკლარაციას გამოხატავს. თუ ეს ასე იქნება, ამას ისევ მოჰყვება უკმაყოფილება და იგივე წრეზე წავალთ. ურთიერთობები თუ რეალურად გაუმჯობესდება, მერე შეგვძლია ვისაუბროთ, მოხდა თუ არა გარღვევა.
„უკრაინის ფაქტორს რაღაც თავისი მდგენელი გააჩნია, მაგრამ ძირითადი პრინციპები მოდის იმაზე, რომ დასავლეთი უფრო მეტად იმას აკრიტიკებს, რომ საქართველოში დემოკრატიის პრაქტიკულად ფეხქვეშ გათელვაა, ადამიანის უფლებები, მედია პლურალიზმი და ა.შ. ამას დამატებული რიტორიკა. თუ საქართველომ ეს ყველაფერი არ გამოასწორა, მხოლოდ ეს სასიამოვნო „გამარჯობა" უკრაინის ხელისუფლებასთან საკმარისი არ იქნება.
„საქართველოს შიდა მდგომარეობა ასეთია - ხელისუფლება მის ოპონენტებს არ ცნობს და პირიქით. იმ ვითარებაში რაც ხდება, არ ვიცი რა შესაძლებლობა გაჩნდება, რომ ხელისუფლების მიმართ განწყობები დადებითისკენ შეიცვალოს", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ უკრაინასთან ურთიერთობების დალაგება კიევის ინიციატივაა, რაც, წარსულში დაშვებული შეცდომების გამო, სათუოა.
„ეს უკრაინის მხრიდან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობაა. ეს იმ ფონზე, როცა უკრაინის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2022 წელს უხეში შეცდომები დაუშვა, ზელენსკიმ და მისმა ჯგუფმა პირადი ურთიერთობები სააკაშვილთან და მის თანამზრახველებთან წინ დააყენა. მათ საქართველო-უკრაინის ხელშეკრულება დაარღვიეს, რადგან მხარეებმა ერთმანეთის სასამართლო გადაწყვეტილება უპირობოდ უნდა სცნონ. მათ კი, არც მეტი არც ნაკლები, ძებნილი პირები მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. ზოგი შეიძლება ძებნილი არ იყო, მაგრამ დამნაშავეების პოსტებზე დანიშვნა არამეგობრული ჟესტი იყო.
„ისიც უნდა აღვნიშნო, რომ როცა ომი დაიწყო, კიევმა საქართველოდან დემონსტრაციულად ელჩი გაიწვია. ეს მაშინ, როცა საქართველომ ყველგან მისცა ხმა პუტინის წინააღმდეგ. გახსოვთ განცხადებები, როცა იძახდნენ - ქართველო ლაჩრებოო? არ გინდათ გაისეირნოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიო? ამას ოფიციალური პირები ამბობდნენ. იგივე დავით არახამია როცა იძახდა, მრცხვენია, რომ ქართველი ვარო. უკრაინის ხელისუფლებამ ასე დაამძიმა ურთიერთობები. საქართველოს ხელისუფლებიდან კი ისმოდა, რომ ჩვენ უკრაინელ ხალთან ურთიერთობებს უფრო მაღლა ვაყენებთ, ვიდრე კონკრეტულ მთავრობასთანო. ამ ფონზე ისმის კითხვა - რა უნდა მოიმოქმედოს კიევმა, თუ რამის გამოსწორება უნდა? იგივე ხელისუფლებაა და ვნახოთ რას გააკეთებენ.
„საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაუმჯობესებას პრაქტიკულად არავითარი გავლენა არ იქნება დასავლეთთან ურთიერთობებში, რადგან ევროპა ითხოვდა, რომ საქართველოს დაუყონებლივ გადაეცა შეიარაღება უკრაინისთვის. როცა ჩვენი მთავრობა ევროპასა და ამერიკას უხსნიდა, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, დაუყონებლივ ჩვენს ტერიტორიაზე დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, არავის ესმოდა. არ მგონია ამით დალაგდეს ურთიერთობა დასავლეთთან.
„საქართველოს მთავრობის ამ მოქმედებამ გაჭრა, რომ ჩვენს ხალხებთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია. თუ უკრაინის ხელისუფლება სწორად იმოქმედებს, ჩვენს შიდა პოლიტიკაზე წესით, უარყოფითად არ უნდა აისახოს, რაც ჩემთვის სათუოა. ყოველ შემთხვევაში, სანამ ხელისუფლებაში ზელენსკი და მისი ჯგუფია", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".