რეზონანსი
07.05.2026

სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში დაფიქსირდა ქვეყანაში ფასების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზრდა ბოლო წლების განმავლობაში - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, გაძვირდა პრაქტიკულად ყველაფერი - პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი.

მისივე შეფასებით, ეს ხდებოდა არა გლობალური ომის ან რეგიონული სატრანზიტო კოლაფსის ფონზე, არამედ იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ქაოსური გადაწყვეტილებებითა და პანიკური მართვით იყო პარალიზებული.

„პარტია "გახარია გერმანიისთვის" დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება, თითქოს ეს ყველაფერი მარსიდან ჩამოვარდნილი სტიქიური უბედურება იყოს. თუმცა ქართულ საზოგადოებას მეხსიერება ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში დაფიქსირდა ქვეყანაში ფასების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზრდა ბოლო წლების განმავლობაში: გაძვირდა პრაქტიკულად ყველაფერი - პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი. და ეს ხდებოდა არა გლობალური ომის ან რეგიონული სატრანზიტო კოლაფსის ფონზე, არამედ იმ დროს, როდესაც ხელისუფლება ქაოსური გადაწყვეტილებებითა და პანიკური მართვით იყო პარალიზებული.

დღეს განსაკუთრებით კომიკურია იმის ყურება, როგორ ცდილობენ ადამიანები, რომელთა მმართველობის პერიოდში ინფლაციამ რეკორდები მოხსნა, თავი „ხალხის ჯიბის დამცველებად“ წარმოაჩინონ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, სახლს ცეცხლი წაუკიდო და შემდეგ წყლის კასრებით დარბოდე და მეხანძრეებს კვამლში ადანაშაულებდე. გახარია და მისი გუნდი მაშინ საზოგადოებას „სიტუაციის კონტროლზე“ უყვებოდნენ ზღაპრებს, რეალურად კი მოსახლეობა ყოველდღიურად იღებდა ისეთ ფასებს, რომ სუპერმარკეტებში ხალხს თვალის ნერვული ტიკი ეწყებოდა. ახლა კი იგივე ადამიანები ეკონომიკის ლექციების კითხვას ცდილობენ მათთვის, ვინც მაინც ცდილობს გაუმკლავდეს გლობალური ინფლაციის, ენერგოკრიზისისა და საერთაშორისო ტურბულენტობის შედეგებს.

ამ ფონზე მოქმედი ხელისუფლება უამრავი პრობლემის ფონზე, ბევრად უფრო პრაგმატულად და გულწრფელად გამოიყურება. პოლიტიკური გასტროლიორებისგან განსხვავებით, დღევანდელი მთავრობა პრობლემას პირდაპირ მაინც აღიარებს, ცდილობს აამოქმედოს ბაზრის კონტროლის მექანიზმები, საუბრობს კარტელურ სქემებზე და ცდილობს მომხმარებელზე ზეწოლის შემცირებას. საბოლოო ჯამში, რამდენად რა გამოუვა - ფინალში ვიმსჯელოთ და მანამდე მათ ჩასაქოლად გამიზნულ ქვებს თავი დავანებოთ.

და რაც მთავარია - საქართველოს ეკონომიკა დღესაც ბევრისთვის გამაღიზიანებელ ზრდას აგრძელებს, ბევრის გულების გასახეთქად - ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, სატრანზიტო ფუნქცია ძლიერდება - ამის დაკნინების მიუხედავად, ხოლო ქვეყანა გლობალური არასტაბილურობის პირობებშიც ინარჩუნებს მდგრადობას - რაც განსაკუთრებულად აღმაშფოთებელია ზოგიერთისთვის. ამიტომ გახარიას პარტიის მცდელობა, „ინფლაციასთან მებრძოლების“ როლი მოირგონ, უფრო პოლიტიკურ სტენდაპს ჰგავს - ძალიან ცუდი მეხსიერების მქონე მსახიობებით.“ - წერს ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×