
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს პროცესზე იძულების წესით ნია იმნაძეს დაკითხავენ.
პროცესს ესწრება გიგა ავალიანია დედა, ეკა კუპატაძე.
"საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა გვაქვს - იძულების წესით მოჰყავთ არასრულწლოვანი. ამ არასრულწლოვანის, ნია იმნაძის სამი ჩვენებიდან სამივე ჩვენება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და უფრო მეტიც - არ არსებობს ამ სამ ჩვენებაში ორი ერთნაირი წინადადება. ეს ჩვენებები ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მყარ მტკიცებულებებთან. ვნახოთ, როგორ ახსნის ამ ყველაფერს ნია იმნაძე, თუმცაღა, მე მოლოდინი მაქვს, მისთვის დასმულ კითხვებზე პასუხები იქნება: "არ ვიცი, არ მახსოვს", - მაგრამ მჯერა, რომ პროკურორი, რომლის მხრებზეც არის დღევანდელი საქმის მთელი სიმძიმე, მაინც მოახერხებს კითხვები დაუსვას ისე მოქნილად, რომ დაიჭიროს ფაქტი, მომენტი, რაც გახდება საფუძველი ნია იმნაძის საბრალდებო სკამზე დასმისა," - განაცხადა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.
შეგახსენებთ, რომ დემეტრე ჩიქოვანს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, ანა ნასყიდაშვილს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.