
პროკურატურამ 2024 წლის აქციების დროს მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერ ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 ძალოვანი დააკავა - 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი. პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
დაკავების თაობაზე სპეციალურად გამართულ ბრიფინზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. დაზარალებული გურამ როგავა ამბობს, რომ პროკურატურის ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს დაწყებული იქიდან, რომ „არ დასახელებულა არავის ვინაობა და ინიციალებიც არ უხსენებიათ". მისი თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიება „არა მხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს".
უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების" მიმართ დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება ისაა, რომ აქციებზე ძალადობის გამო არცერთი ძალოვანი დაკავებული არაა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ წმინდა სამართლებრივის გარდა, ამ დაკავებებს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ეს დასავლეთთან ურთიერთობების დალაგების საერთო ტენდენციის ნაწილია.
გენპროკურორ გიორგი გვარაკიძის თქმით, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული7 მაისს დააკავეს. მისივე ცნობით, აღნიშნულ საქმეებზე 550-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
„ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს; ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა გვარაკიძემ.
საქმის პოლიტიკური მხარე
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას" შეეძლო ეს გამოძიება ცხელ კვალზევე დაეწეყო და დაესრულებინა, თუმცა ეს არ გააკეთა, ახლა კი ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს, გარე მიმდინარე პროცესების ფონზე. მისივე თქმით, ჩანს იმის ნიშნები, რომ „ოცნება" ახალი პოლიტიკის გატარებას იწყებს.
„ქართულ ოცნებას" შეეძლო ეს პროცესი ადრევე დაეწყო და ცხელ კვალზევე მიეღო ამ პირთა მიმართ რეპრესიული ზომები, მაგრამ „ოცნებამ" ეს არ გააკეთა არა იმიტომ, რომ არ იცოდა, არმედ იმიტომ, რომ ასეთი ხელისუფლება, როგორც წესი, მოძალადე სამართალდამცავებს არ სჯის, რადგან თუ დასაჯა, ეს გაფრთხილებაა სხვა პირების მიმართ, რომლის გამოყენებაც შეიძლება ხელისუფლებას დასჭირდეს.
„თუმცაღა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" რაღაც ახალი პოლიტიკის დანერგვას იწყებს. არა იმისთვის, რომ რაღაც სამართლაინობა აღადგინოს, არამედ სწორედ იმისთვის, რომ ამას შეიძლება პოლიტიკის ცვლილებები მოჰყვეს იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება საგარეო ფაქტორები ჩვენს გარშემო.
„აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინასთან რაღაც პროცესები დაიწყო. ჯერ არ ვიცით ეს სადამდე მიგვიყვანს, თუმცა ის, რომ ნელ-ნელა „ქართული ოცნება" პოლიტიკის ცვლილებას იწყებს, ეს სიმპტომები თითქოს ჩანს. ის, რომ „ქართულმა ოცნებამ" სამართლიანობის რეალური აღსრულება (ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ასე ჩანს) და იმ პირების დასჯა დაიწყო, რომლებმაც სასტიკი მოქცევით მშვიდობიანი დემონსტრანები დაარბიეს, სწორედ ამას უნდა მიანიშნებდეს.
- ვახტანგ ძაბირაძე: „არაა გამორიცხული, რომ „ქართულმა ოცნებამ" თანდათან პოლიტიკური ცვლილებები დაიწყოს. ეს იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით შეძლოს ამ იზოლაციის გარღვევა, რაც მას დასავლეთის ქვეყნებიდან აქვს."
„ეს მხოლოდ სიმპტომებია, თუმცა, „ქართული ოცნება" ერთ რამეს მიხვდა - რომ თუ ის პოლიტიკას არ შეცვლის და ჩვენს პარტნიორებთან ნორმალურ ურთიერთობებს არ დაიწყებს, წაგებული მხოლოდ თავად დარჩება. ამასთანავე, ანგარიშს უწევს იმასაც, რომ საბოლოოდ ყველასათვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში ვერ იმარჯვებს. ასეთივე ვითარებაა აშშ-ირანის დაპირისპირებაშიც. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ სამხრეთ კავკასიაში წამყვანი ქვეყანა აზერბაიჯანი ხდება. ამასთანავე, ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დამოკიდებულება იცვლება, უფრო რადიკალურები ხდებიან „ქართული ოცნებისადმი".
„ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ „ქართულმა ოცნებამ" თანდათან პოლიტიკური ცვლილებები დაიწყოს. ეს იმისთვის კეთდება, რომ „ქართულმა ოცნებამ" რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით შეძლოს ამ იზოლაციის გარღვევა, რაც მას დასავლეთის ქვეყნებიდან აქვს. ესაა საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის მცდელობა. „ოცნების" წარმომადგენლები დარწმუნდნენ, რომ თუ ისინი ქვეყანაში პოლიტიკას არ შეცვლიან, ყველაფერი ძალიან ცუდად იქნება. არ ვამბობ, რომ ხვალ და ზეგ დემოკრატიის ოაზისი გავხდებით, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ნელ-ნელა „ქართულმა ოცნებამ" საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით პოლიტიკის ზოგადად ცვლილება დაიწყოს", - განაცხადა ძაბირაძემ.