
ხუთშაბათს ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ურთიერთობების გადატვირთვის მზადყოფნა დაადასტურა და კონკრეტული გზამკვლევის საჭიროებას გაუსვა ხაზი, რაც მაისის ბოლოს დაგეგმილი მომდევნო მაღალი დონის ვიზიტით გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, „სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული".
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სონატა კოლტერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მაისის ბოლოს აშშ-იდან იგეგმება კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ui დელეგაციის ვიზიტი ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა. განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე. თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები
„ერთი რამ არის ნიშანდობლივი - რომ ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
- ედიშერ გვენეტაძე: „რა თქმა უნდა, ამას „ოცნება" პიარ კამპანიისთვისაც გამოიყენებს და ამაში მე გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. დაიწყოს ქვეყნისთვის ყველაფერი კარგად, ოღონდ დაიწყოს ის, რასაც ამდენი ხანია ქართველი ხალხი ელოდება
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ეს აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს:
„რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამას აცხადებს კარგა ხანია, ცარიელი ფურცლიდან დაიწყება (გადატვირთვა) - ეს ამის ნიშანია. ეს დაანონსებულიც იყო და ამასu მეც ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ამას „ოცნება" პიარ კამპანიისთვისაც გამოიყენებს და ამაში მე გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. დაიწყოს ქვეყნისთვის ყველაფერი კარგად, ოღონდ დაიწყოს ის, რასაც ამდენი ხანია ქართველი ხალხი ელოდება".
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი თვლის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მაშინ დაიწყება, როცა ოვალურ კაბინეტში კობახიძე-ტრამპი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდება.
- პაატა ზაქარეიშვილი: „მთავარი ფინალია. ფინალი არის კობახიძე ტრამპის გვერდით ოვალურ კაბინეტში. რა აზრი აქვს აეროპორტში წასვლას, თუ თვითმფრინავი არ გაფრინდება?!"
„გამორიცხული არ არის, რომ ჩაითვალოს, მაგრამ მთავარი ფინალია. ფინალი არის კობახიძე ტრამპის გვერდით ოვალურ კაბინეტში. რა აზრი აქვს აეროპორტში წასვლას, თუ თვითმფრინავი არ გაფრინდება?!
„გამორიცხული არაა. დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძე - და არა მარტო კობახიძე - ამ პიროვნებას სთხოვენ, რომ ამერიკასთან მეტი ფორმალური ურთიერთობები სჭირდებათ და კარგი იქნება, თუ მიიწვევენ კობახიძეს და ტრამპს შეხვდება. თუ ეს ასე არ მოხდა, სხვა ყველაფერი მეორადია.
„ჩვენი რეგიონიდან ალიევი და ფაშინიანი ორჯერ შეხვდნენ ტრამპს. პირველად რომ იყო ტრამპი პრეზიდენტი, კვირიკაშვილმა მოასწრო და შეხვდა ტრამპს.
„ტერიტორიებზე საუბარი, შუა დერეფანზე, ნავთობსადენზე, გაზსასადენზე - როგორც მენეჯერთან იქნება საუბარი და არა სახელმწიფოსთან. რაღაც შეხვედრა უნდა მოხდეს, სადაც გამოიკვეთება საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყება. ამას ვერ გააკეთებს სახელმწიფო მდივნის ვერცერთი მოადგილე ან თანაშემწე, ამას გააკეთებს სახელმწიფოს მდივანი ან სახელმწიფოს პრეზიდენტი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.