რეზონანსი
07.05.2026

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების, პაატა მანჯგალაძისა და მურთაზ ზოდელავას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, საქმეში არ იკვეთება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის არსებობასა და ბრალდებულებს შორის კოორდინაციას. ადვოკატი აღნიშნავს, რომ არც პაატა მანჯგალაძის და არც მურთაზ ზოდელავას ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ ჩანს.

„როგორ შეიძლება ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფი არსებობდეს და აღმსრულებლებსა და ორგანიზატორებს შორის არავითარი კომუნიკაცია არ დგინდებოდეს, მათ შორის, ურთიერთობა, კავშირი, როლების განაწილება?

პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით არანაირი დანაშაულებრივი ნიშანი არ იყო. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, მასთან დაკავშირებითაც არ არის დანაშაული ის, რასაც ედავებიან. დავუშვათ, ზოდელავას განცხადებამ მამაკაცური ძალის თაობაზე და პრეზიდენტის სასახლის გასაღების ჩაბარებაზე აღქმული იქნა, როგორც მასების მიერ ძალადობრივ მოწოდებად, ამ შემთხვევაშიც კი მურთაზის ქმედება შეიძლება შეფასებულიყო სტრატეგიული ობიექტის დაკავების მცდელობად და არა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებად.

არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ღობის დაჯაჯგურების გამო გაუშვეს 5 წლით ციხეში. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ხელის დაქნევის გამო გაუშვეს ციხეში“,- აცხადებს ბასილაია.

ადვოკატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების დამოუკიდებლობის იმედი არ აქვს, დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს, მათ შორის საქმეს მოამზადებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვისაც.

„მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს იმედი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები დამოუკიდებლობის, მაინც ყველა ფორმალურ წესს დავაკმაყოფილებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პროპაგანდას სათქმელი არ ჰქონდეს და საზოგადოება იყოს ინფორმირებული. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვისაც მოვამზადებთ ქეისს“,- აცხადებს ადვოკატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×