რეზონანსი
07.05.2026

ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირს აქვს „პოტენციალი“ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის და ამ დიალოგს მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„მე ვესაუბრები ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს, რათა ვიპოვოთ საუკეთესო გზა ორგანიზებისთვის და განვსაზღვროთ, რა უნდა განვიხილოთ ეფექტურად რუსეთთან, როდესაც ამის დრო მოვა,“- განაცხადა კოშტამ.

კოშტას განმარტებით, გასულ თვეს კვიპროსში გამართულ ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე ზელენსკიმ ევროპელებს მოუწოდა, რომ „მზად იყვნენ მოლაპარაკებებში დადებითი წვლილის შესატანად“. ამავე დროს, კოშტამ აღნიშნა, რომ მოსკოვი ამ ეტაპზე არ ავლენს მზადყოფნას ეფექტური დიალოგისთვის.

როგორც გამოცემა წერს, კოშტასთან აღნიშნული საკითხის განხილვა დაადასტურეს ზელენსკის ოფისშიც.

„გვჭირდება უფრო ძლიერი კოორდინაცია ევროპულ დონეზე“, – განაცხადა უკრაინის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა ერთმა ლიდერმა მიიღოს, რომელიც ევროპელების სახელით ისაუბრებს.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, 27 ქვეყანას შორის არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს ბლოკს და როდის უნდა დაიწყოს აღნიშნული მოლაპარაკებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×