რეზონანსი
07.05.2026

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. დეტალებიც არ ვიცი. იცით, რომ მათ შორის დახურული არის სხდომები. თუმცა, ვთქვი და გავიმეორებ, რომ მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრდაზვერვითი საქმიანობა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმეზე.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის დროს იყო სწორედ ის, რომ ეს მიმართულება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დღევანდელი გამოწვევების ფონზე, საჭიროებდა განსაკუთრებულ გაძლიერებას და „ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შედეგებს“.

პაპუაშვილის განცხადებით, საზოგადოება ხედავს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მტრულ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, საჭიროა, რომ ამ ვითარებაში საქართველომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს.

„მე დარწმუნებულო ვარ, რომ უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შედეგად შესაძლებელი იქნება, რომ განეიტრალდეს ყველა ისეთი მავნე ქმედება, რომელიც გარე ჩარევით საქართველოში ხდება. ითქვა კიდევაც, რომ ევროპული ქვეყანა იყო ამ ყველაფერში ჩართული. არ არის საჯაროდ გაცხადებული, თუ რომელი ევროპული ქვეყანაა, თუმცა ვფიქრობ, თავად ეს ფაქტიც მოწმობს, რომ დღევანდელ სამყაროში რთულია ვინმეს ენდო. ესეც გვახსოვს წარსულიდან, როდესაც მაგალითად, გერმანიის კანცლერისთვის მიყურადება ხდებოდა მეორე სახელმწიფოს მხრიდან მესამე სახელმწიფოს გამოყენებით. ასე რომ განსაკუთრებით დღესდღეობით, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მიერ გამოხატულ მტრულ პოლიტიკას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს შევხედოთ ეჭვის თვალით. სამწუხაროდ, ნდობა დაკარგული აქვს ბევრ ქვეყანას ქართველი ხალხის თვალში და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად იყოს საზოგადოება, მათ შორის ზოგიერთი ევროპული ხელისუფლების თუ ჯგუფების მხრიდან საქართველოზე გავლენის მოხდენის საკითხებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×