რეზონანსი
08.05.2026

36 წლის მამაკაცის ცხედარი, სოფლის ვენახში ნახეს. არსენ მარტაშვილს გულმკერდში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მისი გარდაცვალებაც სწორედ ერთმა ცეცხლნასროლმა ჭრილობამ გამოიწვია. სოფელ კარდენახში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ, კამერებთან საუბარი უჭირთ, დეტალებს არ ჰყვებიან, მკვლელობის მოტივზე კი ყველას ერთი ვერსია აქვს. ამბობენ, რომ დანაშაული წარსულში მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება.

წარსულში მომხდარი უთანხმოების მიზეზი „კურიერისთვის“ ცნობილია. მკვლელობამდე 5 დღით ადრე, არსენ მარტაშვილი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცენტრალურ გზაზე ავტომობილით მოძრაობდა. მას მეზობელი სოფლიდან მომავალმა შავი ფერის მანქანამ გზა ჩაუჭრა, ინციდენტის გამო მძღოლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რამდენიმე წუთში კი ორივემ გზა გააგრძელა. თუმცა აღმოჩნდა, რომ კონფლიქტი ადგილზე არ დასრულებულა.

5 დღის შემდეგ, შავი ფერის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, მარტაშვილის მისამართი გაარკვია. მასთან სახლში მივიდა და საქმის გასარჩევად გარეთ გაიყვანა. ქუჩაში გასვლის შემდეგ ოჯახმა ახალგაზრდა მამაკაცის კვალი დაკარგა და ძებნა დაიწყეს.

სროლის შემდეგ მკვლელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 37 წლის მამაცი აიყვანეს. „კურიერის“ ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე ნუგზარ თალაკვაძეა დაკავებული, სავარაუდო მკვლელის მეზობლები იხსენებენ, რომ თალაკვაძის სახლთან სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო.

ნუგზარ თალაკვაძე განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული. „კურიერის“ ინფორმაციით, ის ნასამართლევია.

„კურიერის“ ინფორმაციით, პოლიციამ არსენ მარტაშვილის მკვლელობის საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები უკვე მოიპოვა. გამოძიება გრძელდება. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×