
„მნიშვნელოვანია, შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, მავნე პოლიტიკა ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ, ეს არის მიუღებელი და აფერხებს ყველანაირ დიალოგს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის გზა, რომ ევროკავშირი დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული, სხვა შემთხვევაში, ევროპული კავშირი მხოლოდ სახელით იქნება ევროპული.
„მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ვხედავთ მომავალ ურთიერთობას. სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია ბრიუსელის გავლითა და ფილტრით მიდის სხვადასხვა დედაქალაქამდე, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ყველას მიწვდება ეს სიტყვა. მნიშვნელოვანია, შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, მავნე პოლიტიკა ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ, ეს არის მიუღებელი და აფერხებს ყველანაირ დიალოგს.
გაუქმდეს ყველა ის უსამართლო რეზოლუცია, რომელსაც ავი სიხარულით იღებს ევროპარლამენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის ის გზა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. აბა სხვა რა გზა ესახებათ?! კონფრონტაციით უნდათ საქართველოს იძულება რაიმეზე?! რა თქმა უნდა, გამორიცხულია ასეთ მიდგომებით შეინარჩუნონ პრეტენზია, რომ არიან ევროპის გაერთიანება. ეს არის გზა, რომ ევროკავშირი დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული, სხვა შემთხვევაში, ევროპული კავშირი მხოლოდ სახელით იქნება ევროპული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.